საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის ჩასატარებლად შემოსავლების სამსახური შევიდა

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის ჩასატარებლად შემოსავლების სამსახური შევიდა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, კითხვებს აჩენს ფინანსთა მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება მაუწყებლის შემოწმების თაობაზე, რადგან 90-იანი წლებიდან ამ დრომდე საგადასახადო ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეუმოწმებია. 

„ბევრ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე საათში მოვიდა ათეულობით ოფიცერი, რომლებმაც თქვეს, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა. მე მოვითხოვე გეგმა, თუმცა მსგავსი გეგმა არ არსებობს. ჩვენ შემოწმებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ და თანამშრომლებს დავავალებ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ პროცესს. თუმცა, ვერ შევასრულებ რევიზორების თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესს კამერები მოვარიდოთ“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა ბრძანებას კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც საგადასახადო ორგანოებს ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

გიორგი ჭანტურია გამოთქვამს ეჭვს, რომ აღნიშნული შემოწმება გეგმიური არ არის და ის სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაიგეგმა. მისი თქმით, გეგმიურ შემოწმებას მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს. 

კომენტარები