საზოგადოებრივი მაუწყებელი

ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელს ამოწმებს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გაასაჯაროვა, რომ შემოსავლების სამსახურმა ორგანიზაციის შემოწმება დაიწყო, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის წინაშე 3.8 მლნ ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ განაპირობა.

 „2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3.8 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა და რაც გვაძლევს სრულ საფუძველს, რომ განვახორციელოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა“, - განაცხადა ხადურმა 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გეგმიური ფინანსური შემოწმება 6 ნოემბრიდან დაიწყო ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ბრძანების საფუძველზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, ეს უჩვეულო ფაქტია იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმების პრეროგატივა აქვს აუდიტის სამსახურს და 90-იანი წლების შემდეგ ეს ორგანიზაცია საგადასახადო ორგანოებს არ შეუმოწმებია. მისი თქმით, კითხვები ჩნდება იმის გამოც, რომ თავად ფინანსთა სამინისტროს ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება არ მოუხდენია. „მათ მთხოვეს, რომ ინფორმაცია რევიზიის შესახებ საჯარო არ ყოფილიყო“, - განაცხადა ჭანტურიამ.

„კარგად გვესმის, რომ საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქმე ეხება მედიას, ამიტომ ჩვენს თანამშრომლებს, ოფიცრებს მიცემული აქვთ დავალება, რომ ხელი არ შეუშალონ მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას, იყვნენ ძალიან კეთილგანწყობილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა: „დღეიდან საქართველოში არ იარსებებს არცერთი პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს“. ხადურმა  ასევე აღნიშნა, რომ ყოფილმა მთავრობამ „ვერ მოასწრო“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამ დავალიანების ჩამოჭრა, განსხვავებით სხვა  ტელეკომპანიებისგან. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს - რუსთავი 2-ს, იმედს და რეალ ტვ-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, ჯამში, დაახლოებით, 20 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეჭრათ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიმდინარე წელს 49.6 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს. ახალი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 31.8 მლნ ლარით დაფინანსებაა გათვალისწინებული. 

კომენტარები