გაფიცვა

გაფიცული მძღოლები მერიაში შეხვედრას მართავენ

ავტობუსების გაფიცული მძღოლების 15 კაციანი ჯგუფი მერიაში შეხვედრას მართავს მერიის საქალაქო სამსახურის უფროსისთან, აკაკი ჯოხაძესთან. მათთან ერთად იმყოფება გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.

შეხვედრამდე მძღოლებმა მერიასთან აქცია გამართეს. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებში შედის ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის და თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის ლევან კოპლატაძის გადადგომა.

მგზავრობის დროებითი შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„ბოდიშს ვუხდით თბილისელებს, რადგან მძღოლების გაფიცვის გამო, ქალაქში ავტობუსით მგზავრობა დროებით შეფერხებულია. მძღოლების მიერ წარმოდგენილია 16 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელთაგან 15 ტექნიკურ ხასიათს ატარებს და სატრანსპორტო კომპანია აკმაყოფილებს მათ. გადაუწყვეტელი რჩება მოთხოვნა, რომელიც მძღოლების ხელფასის გაორმაგებას ეხება.

გვინდა გაცნობოთ, რომ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების ხელფასის ზრდა, მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდა. მძღოლები თვეში 12 დღის განმავლობაში მუშაობენ და თვიურ ანაზღაურებას, პატარა ავტობუსზე მომუშავე მძღოლები 800 ლარს, ხოლო დიდ ავტობუსზე 900 ლარს იღებენ. მეტროს მემანქანეები კვირაში 35 საათს მუშაობენ და ხელფასს თვეში 1 150 ლარს იღებენ.

რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნას ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების გამო, მიმდინარე წელს ვერ განხორციელდება. ხოლო 2013 წელს ხელფასების გაზრდის საკითხი, მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზეა დამოკიდებული, რისი განსაზღვრის შემდეგაც შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლება.

ასევე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მძღოლების დღევანდელი მოთხოვნა, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ გამოიყენებენ მძღოლებს პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ამით მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები ზარალდებიან.

ასევე, მოვუწოდებთ მძღოლებს განაახლონ კომპანიის მენეჯმენტთან კონსტრუქციული დიალოგი, დაიწყონ მუშაობა, რათა თბილისელებს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნათ.“

 

 

კომენტარები