ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბაჩო ახალაიას დაპატიმრება არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის დაკმაყოფილებას ემსახურება - ნათქვამია ბაჩო ახალაიას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ახალაიას ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც ოჯახის გამხნევებას ცდილობს.

ტაბულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი. 

ცხადია, დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე იმ მტკივნეული და შეურაცმხყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს. 
ამ ვითარებაში ჩვენი ოჯახის ყველა წევრი უღრმესი პატივისცემით, უდიდესი მადლიერებით და გულწრფელი სიყვარულით მოგმართავთ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც არ დაიჯერეთ ბინძური შავი პიარის, რომელიც მიზნად ისახავს ბაჩო ახალაიას, როგორც პიროვნების და მოქალაქის განადგურებას და ადამიანური სიკეთისაგან სრულიად დაცლილად მის წარმოჩენას. 

მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ჩვენ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. მადლობა თქვენ, რომლებიც ბაჩოსადმი კეთილგანწყობამ მოგიყვანათ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორი თუ ახლო მანძილიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (თუმცა დარბაზმა ვერ დაგიტიათ), და რომელთა შორის უმეტესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი სახეები იყავით. 

უღრმესი მადლობა იმ უცნობ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ უცხოეთიდან გვეხმიანებიან და გვამხნევებენ, გაძლებისაკენ მოგვიწოდებენ, გვაიმედებენ, რომ სამართალი და სიმართლე, სამშობლოს ინტერესებისათვის თავგანწირვა, საბოლოოდ მაინც არ დაიმალება. 

გულწრფელი მადლობა თქვენ და თქვენს კეთილშობილებას, თქვენს ჰუმანურობასა და ადამიანურობას, რადგან სწორედ თქვენი თანადგომა, შეძახილი და გამხნევება აღმოჩნდა ის ძალა, რამაც ამ დღეების სიმძიმე დაგვაძლევინა და გვაგრძნობინა, რომ თუ ყველა არა, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთვის უცნობი საზოგადოებისაც კი ხვდება, რომ ჩვენს ოჯახში შვილები სამშობლოს, მოყვასისა და სამართლიანობის ერთგულებითა და უღალატობის პრინციპებზე გაიზარდნენ და ვფიქრობთ, გაბედულ ვაჟკაცებადაც ჩამოყალიბდნენ. რაც ბაჩოს სამშობლოში დაბრუნებამაც, ალბათ, კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დასასრულს კი იმათაც გვინდა მივმართოთ, რომლებიც ქუჩაში, აუდიტორიაში, ტელეკამერის წინ თუ სოციალურ ქსელში დაუფიქრებლად იმეორებენ ყურმოკრულ ბრალდებებს ბაჩოზე, ჩვენს ოჯახზე.

ვაჟა–ფშაველას თავის წერილში "ფიქრები" ნათქვამი აქვს: "ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენი სამართლიანი გამოდგეს". დაფიქრდით, ჩვენო უცნობო თანამემამულენო, ნუ გამოუტანთ განაჩენს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, რომელთანაც არასოდეს გქონიათ შეხება, ნუ გაიმეორებთ და ნუღარ აღიქვამთ ჭეშმარიტებად სხვისგან გაგონილ მონაჭორს და ამით თავადაც ნუ გაბოროტდებით.

საკუთარი ოჯახის ქება რომ უკადრისი საქციელია, ყველამ იცის. მხოლოდ ერთში გვენდეთ: ბაჩო ახალაიას და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. შეცდომას რაც შეეხება, იგი არასოდეს მოსვლია მას, ვისაც არაფერი უკეთებია. ბაჩოს კი, ბევრმა ხომ კარგად იცის, თავისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ხშირად საკუთარი და მისი მეგობრების ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე დღე და ღამე უთენებია თავისი ქვეყნისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ, უსამართლოდ დაჩაგრულთა დასაცავადაც... უფალი იყოს ყველას მფარველი, ვინც ცდილობს იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი!"

კომენტარები