lifestyle

Guide 19-25 ნოემბერი

 რამდენიც უნდა ისაუბრონ fast fashion-ზე, როგორც არაეთიკურ მიმდინარეობაზე, ან სამოსის მსხვილი კომპანიების მიერ შრომის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სკანდალებზე, ხელს ვერაფერი შეუშლის იმას, რომ  კოლაბორაციები მოდის წამყვან სახლებთან წლის ერთ-ერთ ხმაურიან მოვლენად იქცეს. H&M-მა ამჯერად Maison Martin Margiela-ს თაყვანისმცემლებზე იზრუნა. ერთობლივი კოლექცია გაყიდვაში 15 ნოემბერს გამოვიდა და მაღაზიებთან უსასრულო რიგების გაჩენის მიზეზი გახდა. მთლიანობაში, ფასები შესაძლოა ისეთი დემოკრატიული არ იყოს, როგორც Versace-სა და Lanvin-თან კოლაბორაციების შემთხვევაში, თუმცა H&M-ს საინტერესო შემოთავაზებები ამჯერადაც აქვს. მაგალითად, 99 ამერიკულ დოლარად საღამოს კაბის შეძენა Margiela-ს დიზაინით, თანაც როცა წინ ახალი წლის ღამეა, არცთუ ურიგო იდეა შეიძლება იყოს.

 ამ სეზონზე შავმა ფერმა წარსული დიდება დაიბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ  გოთური და დეკადენტური თემები პოდიუმზე ამ ფერის მონოპოლიას ბოლომდე არ ასახავს. ამისთვის საჭიროა ნახოთ Le Soin Noir, Givenchy-ის კოსმეტიკური ხაზი, რომელიც კანის დაბერების წინააღმდეგაა მიმართული. Le Soin Noir-ის კოლექციაში შედის სახის და თვალის კონტურის კრემი, ლოსიონი და რიკარდო ტიშის ფეტიშის ობიექტი -  სახის ნიღაბი, რომელსაც ძველებური შავი მაქმანი მოჰყვება. ამ ძვირადღირებული პროდუქტების არა მხოლოდ შეფუთვა, არამედ ტექსტურაც შავი ფერისაა, რაც ცოტა უჩვეულოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა უჩვეულო - ნორმალურია, როდესაც საქმე haute couture-ს ეხება.

 ვამპირების ისტორია დასრულდა - ‘ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2’ ფილმის მეოთხე და ბოლო ნაწილია, რომლის პრემიერა შეერთებულ შტატებში 16 ნოემბერს შედგა და კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. თავად ფილმის რეჟისორის, ბილ ქონდონის თქმით, მასზე მუშაობა სრულიად ახალი ფილმის შექმნას ჰგავდა. `ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2` წინა ფილმებისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ მასში მთავარი პერსონაჟი, ბელა სვონი მაყურებელს ამჯერად ვამპირის როლში მოევლინა. ფილმში ქალენები ვოლტურის კლანის წინააღმდეგ იბრძოლებს. ქართულ კინოთეატრებში უკანასკნელი Twilight 22 ნოემბრის საღამოს გამოვა.

 

 

 

 

კომენტარები