რუსეთი

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა YouTube აკრძალული საიტების სიაში შეიყვანა

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор), YouTube აკრძალული საიტების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტო Lenta.ru იუწყება.

როგორც ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა სააგენტო Интерфакс-ს განუცხადეს, YouTube აკრძალული საიტების სიაში "ტექნიკური შეცდომის გამო'' მოხვდა.

ფედერალურმა სამსახურმა YouTube-სგან და Google-სგან ოფიციალური კონტაქტები 3 ნოემბერს მიიღო. კანონის მიხედვით, ჰოსტინგპროვაიდერებმა სამი დღის განმავლობაში უნდა წაშალონ საიტზე არსებული აკრძალული ინფორმაცია, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფია, ნარკოტიკებისა და სუიციდის პროპაგანდა. ამის შემდეგ საიტი მოწმდება ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ინფორმაცია საიტზე ისევ ხელმისაწვდომია, ის აკრძალული საიტების სიაში შეჰყავთ, რის შემდეგაც მას ყველა რუსული ინტერნეტპროვაიდერი ბლოკავს.

18 სექტემბერს, რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა, ნიკოლაი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ YouTube შესაძლოა აკრძალული საიტების სიაში შესულიყო. განცხადება ვიდეოჰოსტინგზე გავრცელებულ მუსლიმთა შესახებ გადაღებულ სკანდალურ ფილმს უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მინისტრმა განაცხადა, რომ YouTube არ დაიბლოკებოდა.

 

 

კომენტარები