სიქსტის კაპელა

მარტოობის ხუთასი წელი

რამდენიმე დღის წინ ვატიკანში სამყაროს ყველაზე ცნობილი სამლოცველოს - სიქსტის კაპელის 500 წლის იუბილე აღნიშნეს. 1512 წლის 31 ოქტომბერს ზუსტად ხუთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც პონტიფიკოსთა სასახლის კედლებში მოქცეული დარბაზი სამლოცველოდ იკურთხა.

სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი შედევრი, რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი, დღეში კი საშუალოდ 20 000 დამთვალიერებელი სტუმრობს, რომის პაპის სიქსტუს მეოთხეს სურვილით აშენდა და მისივე სახელს ატარებს.

სიქსტის კაპელა პონტიფიკოსის რეზიდენციაში, დღევანდელ ვატიკანის მუზეუმებშია განთავსებული. სამლოცველოს სიგრძე 40 მეტრია, სიგანე - 13, სიმაღლე კი - 20 მ. ეს პარამეტრები ბიბლიური იერუსალიმის პირვანდელი ტაძრის ზომებს იმეორებს. ისევე როგორც სამლოცველოს კედლების გრანდიოზული კედლის მხატვრობა, რომელშიც ასახულია ალფა და ომეგა, სამყაროს დასაბამი და დასასრული, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიები - ადამის შექმნიდან განკითხვის დღემდე.

სამლოცველო განსაკუთრებით ორი რამითაა ცნობილი - მორწმუნე კათოლიკებისთვის ეს უწმინდესი ადგილია, სადაც პეტრეს საყდრის საჭეთმპყრობლის, პონტიფიკოსის არჩევნების - კონკლავის ბედი წყდება. ხელოვნების მოყვარულებს კი ის განუმეორებელი კედლის მხატვრობით აოცებს, რომელსაც თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით დღემდე ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც სამლოცველოს კედლების მოხატვა დაიწყო, პონტიფიკოსმა იმ დროის გამოჩენილი შემოქმედები, იტალიური რენესანსის ეპოქის გამორჩეული მხატვრები მოიხმო ფლორენციიდან. კაპელის კედლის მხატვრობაზე რომში, საუკუნის უდიდესი ხელოვანები: პინტურიკიო, ბოტიჩელი, სინიორელი, გირლანდაიო, პერუჯინო და სხვები გვერდიგვერდ ქმნიდნენ ბიბლიურ კომპოზიციებს. თუმცა 1508 წელს, სამლოცველოს უმთავრესი კომპოზიციის, „განკითხვის დღისა“ და ჭერის მოხატვა, პაპმა იულიუს მეორემ რენესანსის უდიდეს შემოქმედს - მიქელანჯელო ბუონაროტის დაავალა.

ფრესკული კომპოზიციების შექმნა უდიდესი გამოწვევა იყო ადამიანისთვის, რომელიც თავს მხატვრად არასდროს მიიჩნევდა. მიქელანჯელო, უპირველეს ყოვლისა, მოქანდაკე იყო და იმხანად, გრანდიოზულ პროექტზე, იულიუს მეორის მავზოლეუმზე მუშაობდა, რომელიც ორმოცი ქანდაკებით უნდა ყოფილიყო შემკული. პონტიფიკოსი დაარწმუნეს, რომ სიცოცხლეშივე საფლავზე ფიქრი ავის მომასწავებელი იქნებოდა, მიქელანჯელოს მავზოლეუმზე მუშაობის შეწყვეტა უბრძანეს და კედლების მოსახატად დაიბარეს ვატიკანში. ასე შემორჩა იულიუსის საფლავს ორმოციდან ერთი ფიგურა - ცნობილი მოსე, რომელიც რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, San pietro in Vincoli-ში მდებარეობს და ამგვარად დაიწყო შემოქმედის ცხოვრებაში კაპელაზე მუშაობის მძიმე ხანა, რომელსაც მიქელანჯელო ჯოჯოხეთურ სატანჯველად და დროის ფუჭად კარგვად მოიხსენიებს თავის წერილებსა თუ ლექსებში.

სამლოცველოს კედლის მხატვრობაზე მუშაობას მიქელანჯელომ 4 წელი მოანდომა. მან 1000 კვ/მეტრზე, შეგირდების დაუხმარებლად, მარტომ მოხატა 500 სცენა და 300 ფიგურა. ბიბლიური სიტყვების თანახმად, რომლის მიხედვითაც, მეორედ მოსვლის ჟამს, ყოველი ადამიანი შიშველი წარდგება ღვთის წინაშე, მიქელანჯელომ განკითხვის დღის უზარმაზარ კომპოზიციაზე ყველა ფიგურა, მსაჯული უფლისა და წმინდანების ჩათვლით, შიშველი გამოსახა. ჯოჯოხეთურ სცენებში კი დიდი თანამოქალაქის, ფლორენციელი დანტე ალიგიერის მსგავსად, თავი მოუყარა პირად მტრებს და არც საკუთარი თავი დაინდო: ძვლებგამოცლილი ტყავის მოჯღანულ თავში, რომელიც წმინდა ბართლომეს უპყრია ხელთ, ადვილად ამოიცნობთ თავად ავტორს. ამ კომპოზიციით მიქელანჯელომ გამოხატა სიბრალული ჯოჯოხეთური სატანჯველისთვის განწირული კაცობრიობის მიმართ და მნახველებს მიანიშნა, რომ ყოველი ადამიანი საბრალოა და სინამდვილეში არავინ ღირს ამგვარ წამებად.

ეს იდეა, ისევე როგორც ფიგურების ანტიკური სიშიშვლე, ბუნებრივია, არ მოეწონათ ეკლესიის იმდროინდელ ავტორიტეტებს - კონტრრეფორმისტ ინკვიზიტორებს. მიქელანჯელოს კომპოზიციების გადაწყვეტა უჩვეულო და სკანდალურია: ღმერთი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდაა, მისი ძალა ხილვადია და მის კუნთებში გამოსჭვივის. ანგელოზებს ფრთები არ აქვთ შესხმული, კომპოზიციებში პეიზაჟებს ვერ შეხვდებით, აქ მთავარი ადამიანი და მისი სხეულია, რომელიც ცნობილია, რომ შემოქმედს გვამების გაკვეთის გზით, ანატომიური სიზუსტით ჰყავდა შესწავლილი.

ეს მხატვრობა გარყვნილებად შერაცხეს და ავტორის სიცოცხლეშივე, „განკითხვის დღის“ ფუგურების „შემოსვა“ ტოსკანელ დანიელე დე ვოლტერას დაავალეს. ცნობილია, რომ მიქელანჯელო თავად ადევნებდა თვალს მისი ფიგურების „შემოსვის“ ვანდალურ აქტს. დანიელე დე ვოლტერას კი, თავისდა საუბედუროდ, დღემდე მეშარვლედ, მეტსახელ „ბრაგეტონე“-თი, მოიხსენებენ მთელ მსოფლიოში.

კედლის მხატვრობის ბოლოდროინდელი რესტავრაციებისას, ფიგურები ნაწილობრივ გაწმინდეს ვოლტერას მიერ მიხატული „სამოსისგან“. თუმცა, კომპოზიციების დიდი ნაწილისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება ვერ მოხერხდა.

ოქტომბრის მიწურულს, სიქსტის კაპელასა და მის კედლის მხატვრობას არაერთი ღონისძიება და ფილმი მიეძღვნა, რომლებშიც ხელოვნების ისტორიკოსებმა და რენესანსის ეპოქის მკვლევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მეცნიერები განაგრძობენ სამლოცველოს ფრესკებისა და მათი ისტორიების შესწავლას და ამბობენ, რომ ამ კედლების შესახებ ყველაფერი ჯერაც არ თქმულა. ეს მხატვრობა უამრავ საიდუმლოს ინახავს საუკუნეების წინ გადაფარულ, ვერგადაცლილი საღებავის ფენებში, რომელთა ამოხსნასაც დიდი ხნის შემდეგაც შეეცდებიან კაპელის კედლებსა თუ მივიწყებულ არქივებში.

 

კომენტარები