რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა: თეატრში დიქტატორივით დავბრუნდები

რეჟისორმა რობერტ სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შეთავსების სურვილი გამოთქვა.  მან აღნიშნა, რომ თეატრში "დიქტატორივით დაბრუნდება". 

"ზაალი შეიძლება იყოს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერს აკეთებს. მაგრამ, როცა მე ვბრუნდები, მჭირდება, ვიყო დიქტატორი. დავშლი დასს, რადგან მათ უმეტესობას კონტრაქტები უმთავრდება და თავიდან ავკრეფ. ეს იქნება აკრეფა ნიჭით", - განაცხადა სტურუამ. 

"ფეისბუქში" რამდენიმე დღის წინ დაწერილ სტატუსს კი რეჟისორი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირებს. 
"ეს სტატუსი ოდნავ შეზარხოშებულმა დავწერე. ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, არ დავწერდი", - აღნიშნა სტურუამ. 

რეჟისორმა რუსთაველის თეატრში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე 19 ნოემბერს დაწერა. 
"გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ. ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტებს, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ... მოვდივარ!" - დაწერა სტურუამ. 

კომენტარები