საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის მიმართვა ვარდების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს ვარდების რევოლუციის 9 წლისთავთან დაკავშირებთ მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რაც ქვეყანამ განიცადა ვარდების რევოლუიციის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნებიც და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლაც ამ რევოლუციის მონაპოვარი გახდა.

პრეზიდენტმა ასევე საქართველოს ახალ მთავრობას კონფრონტაციისგან თავის შეკავებისკენ და ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანაში მშენებლობა და პროგრესი გაგრძელდება. გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვის სრულ ტექსტს:

„ქალბატონებო და ბატონებო,

ძვირფასო თანამოქალაქენო,

ზუსტად 9 წლის წინ ვარდების რევოლუციით ახალი ერა დაიწყო ჩვენი საყვარელი ქვეყნის ისტორიაში.

მაშინ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა არჩია გაყალბებულ არჩევნებსა და იმ სისტემას, რომელიც კორუფციაზე და გაუმჭვირვალობაზე იყო დამყარებული. ისინი ქუჩებში გამოვიდნენ კრიმინალთან, უსამართლობასთან, დამცირებასა და სიღარიბესთან დასაპირისპირებლად.

მათ სურდათ, თქვენ გსურდათ, რომ საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას დაეფუძნებოდა, თქვენს შვილებს ჰქონოდათ ახალი პერსპექტივები და თქვენს ოჯახებს ეცხოვრათ შიშის გარეშე.

თქვენ და ჩვენ ყველას გვსურდა საქართველო დაგვებრუნებინა იმ კეთილდღეობით აღსავსე ევროპული ერების ოჯახში, რომლისგანაც ის არასოდეს უნდა ყოფილიყო განცალკევებული.

ამ 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ კარგად იცით, ჩვენ მრავალი კრიზისი გამოვიარეთ, ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა და ისინი ერთად გადავლახეთ. ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ წარმატებისა და წარუმატებლობის გემოც.

მაგრამ ყველა ჩვენგანი გადარჩა, და ერთად მივაღწიეთ პროგრესს, შევქმენით ახალი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, გავხსენით ახალი გზა ჩვენი ერისთვის და ძირეულად შევცვალეთ ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ.

ეს ჩვენი საერთო მიღწევაა. ჩვენ გავიგეთ იმის გემო, თუ როგორია აშენო დანგრევის ნაცვლად.

ჩვენი ისტორია ისეთი პერიოდების ერთობაა, როდესაც ნგრევას მშენებლობა მოჰყვება, შემდგომ პირიქით; როდესაც ხალხი წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და შემდეგ მომავალზე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2003 წლიდან ჩვენ გავხსენით ახალი გრძელვადიანი პერიოდი კოლექტიური შენებისა; შენების და კიდევ შენების. ჩვენ არ გვაქვს იმისი დრო და ენერგია, რომ ნგრევაზე მოვცდეთ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს: კეთილდღეობით აღსავსე, დემოკრატიულ ევროპულ სახლს ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის.

ყველა ჩვენგანისთვის - უმრავლესობისთვის, უმცირესობისთვის, არაპოლიტიკური ადამიანებისთვის, ეს უნდა იყოს უმთავრესი და ერთადერთი ყურადღების საგანი:

არა წარსულის აჩრდილები და პირადი მეხსიერებების მწარე გემო, არამედ სამომავლო დაპირებები, ჩვენი ხალხის იმედები მათი პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ჩვენი ერის ძირითადი მიმართულება.

ჩვენ შევქმენით სისტემა, სადაც ზრდა შესაძლებელია მდგრადი იყოს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ბედნიერების ძიება შიშის გარეშე, სადაც არჩევნების მოგება ან წაგება დემოკრატიულად შეიძლება, სადაც მთავრობები მიდიან და მოდიან ძალაუფლებაზე მოჭიდების გარეშე, სადაც თქვენ - საქართველოს მოქალაქეები ხართ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებნი და სადაც ინსტიტუტები პოლიტიკურ ძალებზე, სოციალურ ჯგუფებზე და პირად ინტერესებზე მაღლა დგას.

ძვირფასო მეგობრებო: როდის აქეთ მოხდა ეს ჩვენს ისტორიაში? როდის აქეთ ვართ თავისუფლები, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ერის სახელით უცხოური ჩარევისა და კორუფციული ელიტის მანიპულაციების გარეშე?

თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, ბიუროკრატიასთან და ყველა სხვა ინსტიტუტთან ისე დრამატულად შეიცვალა, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია.

ქალბატონებო და ბატონებო, ვარდების რევოლუციის უმთავრესი მიღწევაა რომ: თქვენ იმდენად დიდი ძალა მოგეცათ და თქვენ იმდენად ძლიერი ინსტიტუტები შექმენით, რომ იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს ან წააგებს ზოგად ადგილობრივ არჩევნებს, ან იმის მიუხედავად, ვინ არის უმრავლესობა და უმცირესობა, თქვენი ლიდერები ანგარიშვალდებული არიან თქვენთან, განუხრელად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან, რადგან თქვენ ერთადერთი მფლობელი ხართ თქვენი სახელმწიფოსი, ცხოვრების და მომავლის. თქვენი ლიდერები ვალდებული არიან შეასრულონ ის, რასაც დაგპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება გულგატეხილი დარჩება. დღეს ხალხს აქვს ძალაუფლება და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან სოციალურ ელიტას.

თქვენ ეს ბოლო არჩევნებისას აჩვენეთ და მომავალშიც აჩვენებთ.

არაფერს შეუძლია ამის შეცვლა, არავის შეუძლია სახელმწიფოსა და ინსტიტუტების პრივატიზება, არცერთ პოლიტიკურ ძალასა და სოციალურ ჯგუფს არ შეუძლია ჩვენი ისტორიის შემობრუნება და ისევ იმის მოპარვა, რაც ხალხს ეკუთვნის, არავის აქვს იმის ძალაუფლება, რომ შექმნან ან გააუქმონ უმრავლესობები, მთავრობები და ზოგადი პოლიტიკა.

როდესაც ტელევიზორს ვრთავ, ბრაზის ხმები მესმის, როდესაც რადიოს ვუსმენ, შურისძიებაზე საუბრობენ. ასევე ვხედავ დაპატიმრებების ტალღას და მესმის, რომ ნერვიულობის სიგნალი ბევრი მიმართულებით იგზავნება.

მაგრამ მე ასეთი ნაკლი მაქვს: მე მუდამ მომავალზე ვარ ორიენტირებული და არა წარსულზე, და როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას და ჩემს თანამოქალაქეებს ეხება, ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი გზა არ არსებობს უკან იმ წარსულისკენ, რომელიც მომავალს ხელს უშლიდა, როდესაც პირადი გაწბილებები ხელს უშლიდა საჯარო ინტერესს. დარწმუნებული ვარ, რომ წინა ათწლეულს მოჰყვება პროგრესის შემდგომი ათწლეული ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.

თქვენ ხმა მიეცით ახალ უმრავლესობას და ჩვენ მათ გადავეცით იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კონსტიტუციით გათვალისწინებული იყო. რადგან ჩვენ გვინდა მათ შეეძლოთ მართვა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც თქვენ მოგცეს. ჩვენ გვინდა რომ ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ თქვენს წინაშე.

მთლიანად გადართული უნდა იყვნენ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე და მთელი ენერგია ამას უნდა დაახარჯონ.

მე ვიცი რამდენად ძნელია მთავრობაში ყოფნა და ხალხის მოლოდინის გამართლება. ვიცი, რამდენად ძნელია იმაზე ენერგიის ხარჯვა, რომ ანადგურო და აუქმო ის, რაც გაკეთდა, მაშინ როდესაც გასაკეთებელი თავადაც ბევრი გაქვს. ასე რომ ყველას მოვუწოდებ, იმუშავონ ხალხისთვის და მომავლისთვის და არ გაამახვილონ ყურადღება წარსულზე და პირად დაპირისპირებებზე. მე ამის იმედი მაქვს და ეს არის ჩემი სურვილი. ჩვენ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვალდებული ვართ მის წინაშე და ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, რომ დავხარჯოთ დრო და ენერგია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

9 წლის წინ, ჩვენ ერთად გადავფურცლეთ საქართველოს ისტორიის ახალი გვერდი, ეს გვერდი ჯერ კიდევ გახსნილია და მოდით ყველამ ერთად ვწეროთ ერთიანობის და არა დაპირისპირების ისტორია, რადგან ყველანი ქართველები ვართ და ჩვენ გვიყვარს საქართველო“.

 

კომენტარები