კლასიკური მუსიკა თბილისში

alla KONTRAPUNKT

წელს კლოდ დებიუსი 150-ის, ჯონ ქეიჯი კი 100 წლის გახდებოდა. კომპოზიტორების იუბილესთან დაკავშირებით, კონსერვატორია და ეროვნული მუსიკის ცენტრი დებიუსი-ქეიჯის კვირეულს ატარებს.

ორშაბათს, 26 ნოემბერს alla კონტრაპუნქტი კონსერვატორიაში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა, რომელიც დებიუსისა და ქეიჯის შემოქმედებას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი alla KONTRAPUNKT წელს პირველად ტარდება და პროფესიული მუსიკის ფესტივალის KONTRAPUNKT-ისგან განსხვავებით, საზოგადოებას ორ უცხოელ კომპოზიტორს გააცნობს.

„სიჩუმეს ისეთივე ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, როგორც ბგერებს“, -ამბობდა ქეიჯი. ხმაურისა და მუსიკის დეკონსტრუქცია და გამომგონებლობა ქეიჯს თავისი თაობის კომპოზიტორებისგან გამოარჩევს. თუ დებიუსის მსმენელი კარგად იცნობს, ქეიჯი ქართული საზოგადოებისთვის არც ისე ახლობელი კომპოზიტორია. მეოცე საუკუნის ერთერთ ყველაზე ნოვატორ შემოქმედს საზოგადოება პიტერ გრინვეის ფილმით ხვალ საღამოს უფრო ახლოს გაიცნობს. ფილმის ჩვენება კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები შეეცადნენ ორი კომპოზიტორის შემოქმედება ერთმანეთთან დაეკავშირებინათ. როგორც მაია სიგუა და ნინო ჟვანია აღნიშნავენ, დებიუსისა და ქეიჯის მუსიკა განსხვავებულია, მაგრამ მათ ბევრი საერთოც აქვთ, მაგალითად, აღმოსავლური კულტურებით გატაცება. საერთო შტრიხების პოვნის საშუალება მსმენელს კვირეულის ბოლო კონცერტზე მიეცემა, რომელზეც ორივე კომპოზიტორის სონატები, პრელუდიები და ინტერლუდიები გაჟღერდება.

დებიუსისა და კეიჯის მუსიკალურ შემოქმედებას ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში სამი საღამო დაეთმობა. 29 ნოემბერს თამარ გიორგაძე, სალომე ჯიქია, თამარ და ნინო ჟვანიები დებიუსის საღამოს გამართავენ. 30 ნოემბრის საღამო უკვე ჯონ ქეიჯს მიეძღვნება. ქეიჯის სონატები და ინტერლუდიები პრეპარირებული ფორტეპიანოსთვის საქართველოში პირველად იქნება შესრულებული.

ალლა კონტრაპუნქტს პირველი დეკემბრის საღამოს ნინო ჟვანიას სახელოსნოს სტუდენტები ეროვნული მუსიკის ცენტრში დებიუსისა და ქეიჯის ერთობლივი კონცერტით დახურავენ. 

 

 

კომენტარები