Pussy Riot

რუსეთში Pussy Riot-ის კლიპები ექსტრემისტულად გამოაცხადეს

დღეს მოსკოვის სასამართლომ ჯგუფ Pussy Riot-ის თითქმის ყველა ვიდეოკლიპი, რომელშიც ჯგუფის მოწყობილი აქციების კადრებია, "ექსტრემისტულად" გამოაცხადა. მათ რიცხვში, ბუნებრივია, შევიდა ყველაზე ცნობილი ჩანაწერიც - გამოსვლა ეკლესიაში.

სასამართლომ უკვე მიუთითა მისამართები რესურსების, რომლებიც უნდა დაიბლოკოს. ვიდეოკლიპები საბოლოოდ აიკრძალება მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა. ერთი თვის შემდეგ კი ჯგუფის შემოქმედების იმ თაყვანისმცემლებს, რომლებიც აკრძალულ ვიდეომასალას შეინახავენ ან გაავრცელებენ, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ.

სკანდალური კლიპების აკრძალვის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს ცხრა ნოემბერს მიმართა. 

ეკატერინა სამუცევიჩი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს საპროტესტო კულტურის, რომელიც ყველა ქვეყნისთვის მნშვნელოვანია, განსაკუთრებით კი რუსეთისთვის, პირდაპირი ცენზურის ნიშანია.

შეგახსენებთ, რომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის გამოსვლა ეკლესიაში 2012 წლის 21 თებერვალს მოხდა. გოგონებმა შეასრულეს სიმღერა: "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!". აგვისტოში ჯგუფის სამი მონაწილე ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები