რელიგიური შეუწყნარებლობა

არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დასაწყისი

0 კომენტარი
არასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს ბოლო პერიოდში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო. 
„მკვეთრად გაიზარდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მხრიდან საჩივრების და დახმარების თხოვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რასაც უფრო ამძაფრებს საქართველოს მთავრობის უმოქმედობა, რომელიც ასეთ სიტუაციაში ვალდებულია, რომ ჩაერიოს და განმუხტოს სიტუაცია. სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩვენმა ორგანიზაციებმა გამოვხატეთ პროტესტი სახელმწიფოს უმოქმედობის მიმართ და გამოვთქვით ვარაუდი, რომ ამ ფაქტზე რეაგირების არ მოხდენა საქართველოს სხვა რეგიონებშიც მსგავს პრობლემებს გამოიწვევდა, სამწუხაროდ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და სოფელ წინწყაროშიც იგივე ფაქტი განმეორდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
 „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ სახელმწიფო დანაშაულზე რეაგირებას არ ახდენს. 
„ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა საზოგადობისთვის, რომ ეს შესაძლოა გახდეს მასობრივი არეულობისა და ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დასაწყისი. რამდენიმე პიროვნების დაუსჯელობა შესავალია დანაშაულის ლეგიტიმაციისა და კრიმინალის ზრდისა. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს შეასრულონ მათი უმთავრესი მოვალეობა და დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რათა ოცდამეერთე საუკუნეში არ მივიღოთ ჯვაროსნული ლაშქრობის მსგავსი ფაქტები“ – ნათქვამია განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები თანასოფლელ ეკომიგრანტებს აჭარიდან მუსლიმური სამლოცველოს დახურვას თხოვენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

კომენტარები