საქართველოს მთავრობა

ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტს ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობა ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტს ქმნის. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლელმა დიპლომატებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ახალი მთავრობა მკვეთრად გააკრიტიკეს. ახალ უწყებას პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს. გიორგაძე 2004 წლიდან რუსულ პოლიტტქენოლოგიურ კომპანია ნიკოლო მ-ში მუშაობდა.  პარალელურად ის ანალიტიკურ ჯგუფ Terra Media-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ძირითადად ქართულ ბაზარზე მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს უწევდა კონსულტაციას. 
"კომუნიკაციის გაუმჯობესება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ - ეს არის პრემიერის ინიციატივა. საქართველოში ახლა ელიტების ცვლა მიმდინარეობს. ყოფილი ელიტა იყენებს დასავლეთთან დამყარებულ კონტაქტებს, მას აქვს გამოცდილება ამ სფეროში. ახალი ბიუროკრატია კი მხოლოდ ახლა ყალიბდება. ეს ქმნის სირთულეებს და პრობლემებს. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით ორი თვე, რომ ყველაფერი დავალაგოთ", - განმარტავს გორგილაძე Известия-სთან საუბარში
იმიჯთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით  ქართულ ოცნებას  დასავლეთში პრობლემები რომ აქვს, ამას ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიც მოწმობს. საგულისხმოა პიარ დეპარტამენტის მომავალი უფროსის განცხადებებიც ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე. ასე მაგალითად, 2012 წლის მარტში, გორგილაძე აცხადებდა, რომ აშშ-ს საქართველოსთვის რეალური დახმარება არ გაუწევია.  
"უბრალოდ, [2008 წლის აგვისტოს] ომმა, რომელიც იყო მყისიერი და აბსოლუტურად მოულოდნელი მოსახლეობისთვის, ხალხს დაანახა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ვერ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. ობივატელის აზრით, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მხარდაჭერა და გვეგონა, რომ ვიღაც-ვიღაცები დაგვიცავდნენ, ერთადერთი დახმარება, რაც ამერიკამ გაიღო, იყო სასმელი წყალი", - აცხადებდა პოლიტოლოგი საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში. იმავე სააგენტოსთან ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ”საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტი თანახმაა, გაწყვიტოს ამერიკასთან პარტნიორობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ”.
გორგილაძე საქართველოს წინა ხელისუფლებას ანტირუსული საგარეო კურსის გამოც აკრიტიკებდა:   
"ერთმნიშვნელოვნად, ეს კურსი არის ანტირუსული, ვინაიდან არ ითვალისწინებს რუსულ ინტერესს. არადა, შეხების წერტილები რუსეთთან ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის ჩრდილოეთ კავკასიის სტრატეგიული თანამშრომლობა, მშვიდობის დამყარება, რაც რუსეთის ინტერესებშიც შედის და ჩვენს ინტერესებშიცაა. და ვფიქრობ, რომ ენერგოთანამშრომლობის თემა, ასევე არ შეიძლება არ იყოს საერთო ინტერესის საგანი. ბუნებრივია, როდესაც ამ თემების იგნორირებას ახდენ, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს უქმნი შენს თავსაც და  დიდი სახელმწიფოების ინტერესებსაც. მათ ტრადიციულად გააჩნიათ გავლენის სფეროები და საკუთარი ინტერესები. სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებაზე, ალტერნატიული პროექტის შეთავაზებაზე, უნდა იყოს აქტიური დისკუსია", - განაცხადა გორგილაძემ 2012 წლის აპრილში კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე.      
შეგახსენებთ, რომ, ბოლო პერიოდში, დასავლურ მედიაში საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას პრემიერი ივანიშვილი სააკაშვილის ჯგუფის ლობისტურ ძალისხმევას უკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა კონტრაქტები დასავლურ ლობისტურ კომპანიებთან. არჩევნებამდე  კი, როგორც ცნობილია, ივანიშვილი ლობისტურ მომსახურებაში თვეში მინიმუმ 300 ათას დოლარს იხდიდა. მაგალითად, მხოლოდ ერთ კომპანიასთან (Patton Boggs LLP) 10-თვიანი კონტრაქტი ივანიშვილს 1.6 მილიონი დაუჯდა. 
 

კომენტარები