რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და საქართველო?

0 კომენტარი

ბევრ რამეზე. თუმცა შეთანხმებისთვის საჭიროა კეთილი ნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩანს. მოსკოვიდან კი ჩანს მხოლოდ სურვილი, მიიღოს უფრო მეტი. მახსენდება დასავლელი დიპლომატების მიერ აღწერილი რუსული სტილი – „რაც ჩემია – ჩემია, რაც შენია – მასზე შეიძლება მოვილაპარაკოთ”.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღების, მანამდე კი სოჭის ოლიმპიადისადმი პოზიტიური დამოკიდებლების გამოხატვის პასუხად, მოსკოვმა მხოლოდ ის აღნიშნა, ზურაბ აბაშიძეს ვიცნობთო და ისევ მოლოდინის პოზიციაში ჩადგა. მოლოდინი კი მოსკოვს იმის აქვს, რომ საქართველო დათმობას დაიწყებს. ტრადიციულ რუსულ სტილში კრემლი ელოდება, კიდევ რისი მიღება შეეძლება იმის სანაცვლოდ, რომ უბრალოდ დიალოგი დაიწყოს.

კითხვა კი ჩემთვის ასე ისმის: რატომ უნდა დავთმოთ ჩვენ საერთოდ რამე, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოს? აქ, წესით, უნდა დავწერო – „ჩვენ ხომ არ გვაქვს მისი ტერიტორიები ოკუპირებული?”, მაგრამ თავს შევიკავებ. ამ ემოციური კითხვის შემდეგ კი მეორე კითხვა ჩნდება – ვის რისი დათმობა შეუძლია საერთოდ და რისი – არა? რა არის ის საკითხები, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ და რა არის ის საკითხები, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია, ამ ეტაპზე მაინც.

რუსეთს აუცილებლად ენდომება, რომ საქართველომ შეცვალოს კანონი ოკუპაციის შესახებ, აღიაროს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, კონფლიქტის მხარეებად აღიარებულ იქნან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველომ შეწყვიტოს აქტიური არაღიარების პოლიტიკა, შეაჩეროს დევნილების მხარდამჭერი აქტივობა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, გახსნას სარკინიგზო ხაზი რუსეთთან და, ზოგადად, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველო წყვეტს რუსეთთან „ომს” საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ეს „ომი” კი, თქვენ წარმოიდგინეთ, აგვისტოს ომის შემდეგ, თითქმის ოთხი წელია გრძელდება.

საქართველოს მხარდასაჭერად ოკუპაციის მაღიარებელ რეზოლუციებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველო იბრძვის ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება, დააფიქსიროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა”, ამ მიზნით ტარდება უამრავი კონსულტაცია, ვიზიტი და აქტივობა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროებში კომპრომისი პრაქტიკულად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ფორმის და შინაარსის მცირე, უმნიშვნელო ცვლილება ყველგან შესაძლებელია, თუმცა აქ გადამწყვეტი იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუჭირდეს.

რაც მთავარია, რუსეთს აუცილებლად ენდომება, რომ საქართველომ დაამუხრუჭოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. მე ამ საკითხზე არ შევჩერდები, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ახალი ხელისუფლება არ იზამს. თუ იზამს, სავარაუდოდ, ოთხ წელიწადში ოპოზიციაში გადაბარგება მოუწევს, რადგან საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, არ დაუჭერს მხარს პროდასავლური კურსის ცვლილებას ეფემერული მოსკოვური დაპირებების სანაცვლოდ.

გარდა ამისა, არის მცირე საკითხები, რომლებიც რუსეთს შეუძლია მიიღოს. მათ შორისაა შემცირებული ანტირუსული რიტორიკა, რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის შეცვლა, რუსული არხების აღდგენა ქართულ ტელესივრცეში (რაც უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება), სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ოკუპაციის მუზეუმის და ტელეარხ პიკ-ის რებრენდინგი, დაკავებული რუსეთის მოქალაქეების (მათ შორის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების) გათავისუფლება, რეგულარული ფრენებით ჩარტერული ფრენების ჩანაცვლება და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხებზე ალბათ შეძლებს დათმობებზე წასვლას, თუმცა ეს დათმობები არ უნდა იყოს ცალმხრივი. გასარკვევი იქნება, რისი მიღება შეიძლება სანაცვლოდ და რამდენად ღირებული იქნება გაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებიდან რამდენიმე ღირებულებით საკითხად მიმაჩნია, დიდი ეჭვი მაქვს, მათზე მოქნილი პოზიციის დაჭერა სავსებით შესაძლებელია.

ახლა დავფიქრდეთ, რისი მიღება გვინდა და, რაც მთავარია, შეგვიძლია? მენიუ აქაც საკმაოდ დიდია. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან კეთილი ნების არსებობის დამადასტურებელი ნიშანი იქნება მხოლოდ სამი – საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება, საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და აღიარების პოლიტიკის გაჩერება. ეს სამი ნაბიჯი ალბათ რეალურად აჩვენებს, მოსკოვს მართლა სურს თუ არა ურთიერთობების შეცვლა.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის აღდგენა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი საშუალოვადიან პერსპექტივაში ისეთი მოგებიანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია. ბაზრის გახსნა ნამდვილად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მსხვილი ექსპორტიორები კი დღეს საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს ევროპულ და სხვა მეზობელ ბაზრებზე, ან ისედაც გადიან რუსეთის ბაზარზე ბელარუსის ან/და უკრაინის გავლით. მსხვილი ექსპორტიორებისთვის რუსულ ბაზარზე სრული რეორიენტაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მოკლე ვადაში შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიძლება დამღუპველი შედეგი ჰქონდეს, თუ ონიშენკოს ისევ უბრძანებენ, ვაჭრობა აკრძალოს. ძნელად წარმოსადგენია, ეს საფრთხე საქართველოს ხელისუფლებას არ ესმოდეს, მით უმეტეს, რომ თუ ჩვენი მაგალითი საკმარისი არაა, სახეზე გვაქვს მცირე ხნის წინ მოლდოვასთან, უკრაინასა და ბელარუსთან პოლიტიკური ნიშნით აკრძალული ვაჭრობა – რომ აღარაფერი ვთქვათ ონიშენკოს მიერ ტაჯიკეთიდან მოქალაქეების შემოსვლის „აკრძალვაზე”.

ამის გარდა, არის ბევრი სხვა საკითხი, რომლის მოგვარება მოსკოვისგან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში საჭიროცაა და შესაძლებელიც. მაგალითად, საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიები იმიტომ არაა, რომ რუსეთმა მათზე ვეტო გამოიყენა. ამ მისიების აღდგენა სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია და ამასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით 2009 წელს. შეგახსენებთ, რომ ეუთოს მინისტერიალი დეკემბრის დასაწყისში იმართება და რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ტესტირება ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით იოლად შეიძლება. ასევე, საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის მანდატს ვერ ასრულებს, რადგან ცხინვალსა და აფხაზეთში არ უშვებენ. ამ პრობლემის მოგვარებაც შედარებით მარტივია მცირე კრეატიულობის და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. აღარაფერს ვამბობ ინციდენტების პრევენციის მექანიზმში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ვერმონაწილეობის პრობლემის შესახებ, სოხუმის მიერ მისი „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადების გამო.

არ დაგვავიწყდეს, რომ სოხუმი და ცხინვალი კვლავ უარს ამბობენ ნებისმიერ იმ ეკონომიკურ პროექტზე თუ თანამშრომლობაზე, რამაც ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს. ჩაკეტილია ერგნეთი, რითაც ცხინვალი პრაქტიკულად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს, ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთა გაძნელებულია და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2009 წელს იყო, ის მაინც გაურკვეველია – რადგან როდის მოხდება ხალხისთვის გადაადგილების ხელახალი შეზღუდვა, არავინ იცის.

საქართველოს შეუძლია დააყენოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ასეთი რამ ეუთოს მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა ცხინვალის რეგიონში (2008 წლამდე) და ის პროგრამა საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვითხოვოთ ტრანსკავკასიური მაგისტრალის (ტრანსკამი) გახსნა, რითაც ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკონომიკას მივაბამთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსკამის გახსნით უფრო მეტ მოგებას ვნახავთ, ვიდრე აფხაზური რკინიგზის აღდგენით, მაშინ როდესაც ორივე პროექტს, კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისთვის, პოტენციურად ერთი და იგივე ღირებულება აქვს.

მაგრამ, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩნდება ერთი ბუნებრივი კითხვა – განა ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია, სანამ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას აგრძელებს? განა რეალურად არის შესაძლებელი, რომ რუსეთმა დატოვოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე და თან ამ ყველაფერზე ჩვენთან ითანამშრომლოს? და თუ ამ კითხვაზე პასუხი არის უარყოფითი, მაშინ საინტერესოა, შეიძლება თუ არა მართლაც შედგეს დიალოგი იმ პირობებში, როდესაც ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე არსებითი განსხვავებაა?

ამ კითხვაზე ჩემი პასუხი მაქვს. დიახ, დიალოგი მაინც შეიძლება შედგეს. ფუნდამენტური, სტატუსთან დაკავშირებული შეუთანხმებელი საკითხების არსებობის პირობებში, სავსებით შესაძლებელია რუსეთთან, ასევე ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგის დაწყება და, რაც უფრო მთავარია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შევთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით სტატუსზე, თუ შევთანხმდებით, რომ აღარ მოვახვევთ ერთმანეთს სტატუსთან დაკავშირებულ თემებს და ურთიერთობების აღდგენას სტატუს-ნეიტრალური მიდგომით დავიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოკუპაციის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს გააგრძელებს, ხოლო რუსეთი – აღიარების მოპოვებას. ცხინვალი და სოხუმი გააგრძელებენ თავიანთი „დამოუკიდებლობისკენ” სწრაფვას, საქართველო კი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მუშაობას.

სტატუსისადმი ნეიტრალურობის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ვიწონებთ და უარს ვამბობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე – ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ „ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით”. ამის შემდეგ კი უნდა შევთანხმდეთ მოსკოვთან, ასევე ცხინვალსა და სოხუმთან, რომ ეს სტატუსთან დაკავშირებული დაპირისპირება არ უნდა ახდენდეს გავლენას ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, საგანმანათლებლო და სავაჭრო კავშირები.

რაც მთავარია, უკვე გვაქვს მაგალითები, თუ როგორ მოხდა ნაბიჯების წინ გადადგმა სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით. სტატუს-ნეიტრალურობა პრინციპად უდევს საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას მსო-ში გაწევრიანების შესახებ, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს, აფხაზეთში გაეროს გუნდის მუშაობას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. სტატუს-ნეიტრალურობა ასევე საფუძვლად უდევს საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჩართულობის სამოქმედო გეგმას. თუკი რამე პოზიტიური მომხდარა ბოლო რამდენიმე წელიწადში, ძირითადად, სტატუს-ნეიტრალური ფორმატის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სტატუს-ნეიტრალურობა უნდა იყოს ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის და ცხინვალსა და სოხუმთან დიალოგის აღდგენის ამოსავალი წერტილი. ამისათვის კი საჭიროა, რომ ეს პრინციპი გაზიარებული იყოს მეორე მხარის მიერაც. ტანგოს ორი სჭირდება. მარტო საქართველოდან ამ პრინციპის აღიარება, მეორე მხრიდან თანხმობის გარეშე, შეიძლება დამღუპველიც იყოს.

მოაგვარებს კი ეს მიდგომა და ზემოთ ნახსენები მცირე ნაბიჯები კონფლიქტს? ვერა, კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, მაგრამ ეს ყველაფერი თუ სწორად გაკეთდა, კონფლიქტს არარელევანტურს გახდის. არარელევანტური კონფლიქტი კი უკეთესია, ვიდრე მოუგვარებელი. კონფლიქტი არარელევანტური მაშინ გახდება, როდესაც მომავალი თაობები ერთმანეთს დაუმეგობრდებიან, აღდგება ვაჭრობა, იქნება კონტაქტი, ქართველი სოხუმში დაისვენებს და აფხაზი ბათუმში. ეს სტატუსის და დევნილების დაბრუნების გარეშეც შეიძლება მოხდეს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ეს საკითხი ასე მარტივად არ იქნება უგულებელყოფილი. ამ ყველაფრისთვის კი უმთავრესია, ყველა მხარე, ყველა მონაწილე, ყველა აქტორი შეთანხმდეს, რომ ინტერაქცია იქნება სტატუს-ნეიტრალურობის პრინციპზე დაფუძნებული. ამ ეტაპზე ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი ჩანს, რაც ერთიორად ართულებს როგორც სახელმწიფო მინისტრის, ისე პრემიერის სპეცწარმომადგენლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანას.

საქართველოს ხელისუფლება ალბათ გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რათა ხალხისთვის მიცემული დაპირება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ რეალობად აქციოს. საპასუხოდ, დარწმუნებული ვარ, რუსეთი და სოხუმ-ცხინვალი ყველაფერს შეეცდებიან, რომ ამ მისწრაფებების სანაცვლოდ საერთაშორისო სამართლებრივი დივიდენდები მიიღონ და ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა” კიდევ უფრო გაამყარონ. პარალელურად, სავარაუდოდ, რუსეთი კვლავ „დაარტყამს” იმ მიღწევებს, რაც 2008 წლის შემდეგ გვაქვს – ჟენევის მოლაპარაკებებს, მსო-ს ხელშეკრულებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მედიაციის როლს და, ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერას.

ამ პროცესში საქართველოს მთავარი გამოწვევა ის იქნება, რომ ახალმა ხელისუფლებამ სწორად გააანალიზოს საფრთხეები, მოსკოვიდან წამოსული გზავნილები ადეკვატურად აღიქვას და მხოლოდ იმედიანი პრიზმით, მხოლოდ წარსულის აჩრდილის ჩრდილქვეშ და წინასაარჩევნო დაპირებების გავლენით არ შეხედოს რეალობას. აქ გადამწყვეტი სწორი ანალიზი იქნება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას ამ მხრივ პრობლემა აქვს, რადგან ის თვლის, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობები მხოლოდ წინა ხელისუფლების ქმედებების, მათ შორის, თბილისის მტრული რიტორიკის ბრალი იყო. მე კი მიმაჩნია, რომ მტრული რიტორიკა რუსეთის ნაბიჯების პროპორციული და მათზე საპასუხო იყო, ხოლო პროგრესის არარსებობა რუსეთში კეთილი ნების უქონლობით აიხსნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაციის სწორი ანალიზი იქნება გადამწყვეტი იმისთვის, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

დაბოლოს, NATO-სა და ევროკავშირზე უარის თქმა, იმედია, განხილვის თემაც კი არ იქნება…

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები