ეგვიპტე

ეგვიპტური მღელვარების ზამთარი

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ნოემბრის დემონსტრაციების შემდეგ სასახლეში დაბრუნდა. მან სასახლე 22 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც მის გამოცემულ ბრძანებას ათიათასობით ეგვიპტელის პროტესტი მოჰყვა. ქაიროში საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ გრძელდება. სასახლესთან ასობით ადამიანს კარავი აქვს გაშლილი, ისინი მორსის მიერ დადგენილების შედეგად დამატებითი ძალაუფლების აღებას და 15 დეკემბერს საკონსტიტუციო რეფერენდუმის დანიშვნას აპროტესტებენ. 

ეგვიპტე მუბარაკის ჩამოგდების შემდეგ პირველად დადგა მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ. მორსის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები, 22 ნოემბერს პოლიციამ დაარბია. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. „ჩვენი მოთხოვნები პრეზიდენტისთვის შემდეგია: გააუქმოს საპრეზიდენტო დადგენილება და საკონსტიტუციო რეფერენდუმი“, – აცხადებენ დღეს სასახლესთან შეკრებილი ქაიროელები. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ასევე ალექსანდრიასა და გიზაში.

პრეზიდენტის თქმით, ის უბრალოდ ცდილობს, მუბარაკის დროინდელი მოსამართლეების მხრიდან ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის ხელის შეშლა თავიდან აიცილოს. მის გამოცემულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ახალი პარლამენტის არჩევამდე მისი საქმიანობა არ იქნება განხილული კანონის ფარგლებში, ვადა 15 დეკემბერს, ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში, ამოეწურება. ოპოზიცია მორსის მუბარაკს ადარებს და ეგვიპტური რევოლუციის „მოპარვაში“ სდებს ბრალს.

კონსტიტუციას მხარს არ უჭერენ ლიბერალები, მემარცხენეები და ქრისტიანები. მათ უარი განაცხადეს საკონსტიტუციო პანელის (სადაც ისლამისტები უმრავლესობას შეადგენენ) მიერ კონსტიტუციის მზადების პროცესში მონაწილეობაზე. მათი თქმით, კონსტიტუციის გზით, მორსი ცდილობს დიქტატურული ხელისუფლების აღებას. 

პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ქაიროს უნივერსიტეტთან, ოპოზიციის დემონსტრაციების მსგავსად, მუსლიმმა ძმებმა და მათმა მომხრეებმა პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ზოგიერთი მოსამართლის ბოიკოტის მიუხედავად, რეფერენდუმი მშვიდობიანად ჩაივლის. 

კონსტიტუციის შემუშავების ვადა საკონსტიტუციო ასამბლეას 2013 წლის დასაწყისამდე ჰქონდა. თუმცა, მორსიმ ცოტა ხნის წინ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და რეფერენდუმი დეკემბრის 15 რიცხვისთვის დანიშნა. Human Right Watch-ის ეგვიპტის წარმომადგენლობის  თქმით, დოკუმენტი ჯერ მზად არაა და ეს თავად ასამბლეამაც კარგად იცის. 

Financial Times-ის მიხედვით, ახალი კონსტიტუცია ამცირებს პრეზიდენტის ძალაუფლებას და აძლიერებს პარლამენტს. თუმცა ხელს უწყობს სამხედროებს, სამოქალაქო კონტროლს თავი დააღწიონ და უფლებას აძლევს მათ, გაასამართლონ მოქალაქეები. კონსტიტუცია ასევე დიდ როლს ანიჭებს რელიგიას მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მორსის ოპონენტების თქმით, კონსტიტუცია არალეგიტიმურია, ვინაიდან სოციალურ კონსენსუსს არ ემყარება. 

„მორსი უნდა გამოვიდეს, ელაპარაკოს და მოუსმინოს ხალხს და ოპოზიციას“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. მისი თქმით, ოპოზიცია უარყოფს კონსტიტუციას და მორსის ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს.

ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მორსის დადგენილების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 დეკემბერს, მმართველ ძალას და ოპოზიციას თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვთხოვთ დემონსტრანტებს, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ასევე, ვთხოვთ მთავრობას, რომ მისცენ მათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა.

მიუხედავად ოპოზიციის აქტიური კამპანიისა, საპროტესტო ტალღა არცთუ ისე დიდია და ოპოზიციის მოწოდებები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ უპასუხოდ რჩება. ანალიტიკოსების აზრით, ეგვიპტელთა უმრავლესობა დაიღალა არასტაბილურობით და პოლიტიკური უწესრიგობით. სავარაუდოა, რომ ეგვიპტელები, იმ იმედით, რომ ეს ეკონომიკასა და ინვესტიციების ზრდას დაეხმარება, რეფერენდუმზე კონსტიტუციას მხარს დაუჭერენ. 

მიუხედავად დემონსტრაციებისა, მორსი დათმობებზე არ წასულა. როგორც ჩანს, მუსლიმი ძმები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი შეძლებენ მხარდამჭერთა მობილიზებას და ახალი კონსტიტუციის დამტკიცება რეფერენდუმით მოხდება. მუსლიმი ძმები იბრძოლებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუნდაც ამისთვის დემონსტრაციების დარბევა გახდეს საჭირო. როგორც ექსპერტები განმარტავენ, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მორსის მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მყიფე იურიდიული საყრდენი გააჩნია.

 

კომენტარები