ირინა პოპიაშვილი

ვერმეერის ძიებაში

0 კომენტარი

ინტერვიუ ირინა პოპიაშვილთან

ინტერვიუ ირინა პოპიაშვილთან 9 ნოემბერს ჩავწერეთ, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას გადაირჩევდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს დანიშნავდა. ფარულ შეხვედრაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიზეზად პოპიაშვილის მოწინააღმდეგეები ყოფილი რექტორის მიერ პედაგოგების საკუთარი შეხედულების მიხედვით დანიშვნას, კომუნიკაციის არარსებობასა და მცირე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ.

აღნიშნულმა გარემოებამ სამხატვრო აკადემიაში პედაგოგებისა და სტუდენტების პოზიციები ორად გაჰყო. გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ რექტორის გადარჩევის გადაწყვეტილებას რევანშისტული ხასიათი გააჩნია და ის წინა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების ფაქტორითაა გამოწვეული. ყოფილი რექტორი და მისი მხარდამჭერები მომავალში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან ირინა პოპიაშვილის განცხადებით, ბრალდებები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე და, რაც მთავარია, უსაფუძვლოა.
 

ერთმანეთს ნოემბრის ცივ, წვიმიან დილას ვხვდებით. ათ საათზე კაფე გალერეაში სტუმრები ჯერ კიდევ არ არიან – დღისთვის მზადება აქ მხოლოდ იწყება. ვიღაცას, შესაძლოა, სიმბოლურადაც მოეჩვენოს, რომ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ნიუ იორკში ცნობილი გალერეის მფლობელ ირინა პოპიაშვილს იმ კაფეში ვხვდები, რომლის ინტერიერიც სხვებზე მეტად მოგაგონებთ საგამოფენო სივრცეს.

ამბობს, რომ ჩვენს კულტურულ იდენტობას ხელოვნება განსაზღვრავს. „როდესაც ვხედავ საინტერესო იდეას და მის განხორციელებას ვუწყობ ხელს – მაშინ ცოცხალი ვარ. ეს აღტაცების მომენტია ის მიზეზი, რის გამოც ამ საქმეს ვაკეთებ”, – ამბობს პოპიაშვილი. „ამ საქმე”-ში კურატორობას გულისხმობს. 2001 წლიდან ჩელსიში (ნიუ იორკი) ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის თანამფლობელია და დღემდე ბევრი ცნობილი გამოფენა აქვს გაკეთებული. მათ შორის იხსენებს ერთ-ერთს, რომლის გამოც საგამოფენო სივრცეზე კონტროლი ხელოვანს გადააბარა, სწორედ იმ „იდეით აღტაცების” გამო. „ეს ნიუ იორკში ერთ-ერთი ცნობილი გამოფენა იყო – მხატვარმა ჟელატინი მოხარშა და ჩემი გალერეის იატაკზე მოასხა. ეს, მგონი, ყველაზე სუნიანი და მოწუწული გამოფენა იყო. ხალხს ეგონა, რომ გალერეა დავკეტეთ, მაგრამ ეს აბსოლუტურ ეფემერაზე აგებული იყო. ოფისში შესასვლელი გალერეიდან იყო, ამიტომ ფიცრები მქონდა გადებული და ისე გადავდიოდი ჟელატინის გორებზე. ამ მხატვრისთვის კონტროლი დავთმე”.

ირინა პოპიაშვილი საქართველოდან 90-იანების დასაწყისში წავიდა. თავიდან ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში სწავლობდა. სწავლის თანხას უფარავდნენ, მაგრამ სხვა არანაირ დახმარებას არ იღებდა, ამიტომ, ბევრი სტუდენტის მსგავსად მუშაობდა, რომ თავი გაეტანა. ნიუ იორკში გადაბარგების იდეა მისი პროფესორის, ჯეიმს მაიერისგან წამოვიდა. „რომ მცოდნოდა, ნიუ იორკში ცხოვრება რა ძნელია, ალბათ ცოტა შემეშინდებოდა, მაგრამ მაიერმა გამამხნევა – იქ არ დაიკარგები, იპოვი სამსახურსო. ახლა ეს ადამიანი სმითსონის ინსტიტუტში თანამედროვე ხელოვნების კურატორია. ერთხელ, ატლანტის დატოვებიდან ათი თუ თორმეტი წლის შემდეგ, ნიუ იორკში, ჩემს გალერეაში გამოფენის დასათვალიერებლად მოვიდა. როდესაც დამინახა, მითხრა, გახსოვარ, შენი პროფესორი ვიყავიო. ძალიან სასაცილო მომენტი იყო, მე ხომ სწორედ ამ კაცის გამო აღმოვჩნდი ნიუ იორკში. სხვათა შორის მითხრა, რომ გამოფენა მოეწონა – ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტი აღმოჩნდა...”

რამდენიმე წლის წინ პოპიაშვილმა ნიუ იორკში გააკეთა ფარაჯანოვის გამოფენა, რომელიც საკუთარ ექსპოზიციებში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ მიაჩნია. მეჩითოვის გადაღებული პორტრეტების სანახავად ბევრი ადამიანი მივიდა. ყველაზე დიდი გამოცდილება კი ვენეციის ბიენალეზე მუშაობის პროცესში მიიღო: „პირველად ბიენალეზე საქართველოს პავილიონი 1999 წელს გავაკეთე. მთავრობის მხრიდან დაფინანსება არ გვქონდა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველებს არ გაგვაჩნდა საგამოფენო სივრცე პავილიონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთო პავილიონი რუსებს დარჩათ. ჰარალდ ზიმანმა დამითმო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი საგამოფენო სივრცე არსენალეზე, რომელიც ძველი, სამხედრო ნაწილია. მის ბოლოში იყო შენობა, რომელსაც ერქვა არტილერია (ტეზე) და იქ ვიყავით ქართველები, არგენტინელებთან და მაურიციო კატელანთან ერთად. მაშინ ძალიან საინტერესო ინსტალაცია გააკეთა გოგი მესხიშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ კი შავ-თეთრ ფერებში დაწერა კედელზე ART ART ART... სიტყვა არტილერიას დაუკავშირა და მთელი კედელი ამ პრინტით მოხატა. ძალიან სახალისო იყო”.

იხსენებს იმ გამოფენებსაც, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთი დაგლას გორდონის ექსპოზიციაა: „შედიხარ უზარმაზარ სივრცეში, სადაც რამდენიმე დიდი ეკრანია – ოთახის შუაში, დიაგონალზე... მათზე ხედავ სპილოს, რომელიც ჯერ მოძრაობს, შემდეგ წვება. მასთან ერთად მოძრაობს კამერაც. ამ ვიდეომ მიმახვედრა, რომ ეს იყო ოდა პიკასოს ქანდაკებებზე. სპილო იყო აბსოლუტური შედევრი”.

ირინა პოპიაშვილს არ მოსწონს, რომ აკადემიაში საკურატორო საქმე არ ისწავლება. უნდა, ბარდის ცნობილი სკოლიდან სპეციალისტები მოიწვიოს, რადგან ფიქრობს, რომ სტუდენტებსაც უნდა შეეძლოთ ექსპოზიციების გაკეთება.

სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე შემოთავაზება მოულოდნელად მიიღო. ჯერ ნიკოლოზ რურუა დაუკავშირდა, დეკემბერში კი თბილისში პოპიაშვილიც ჩამოვიდა და აკადემიის განვითარების ხედვა წარმოადგინა. შემდეგ, ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, ახლახან, აგვისტოში კი, ამ თანამდებობაზე აკადემიურმა საბჭომ აირჩია. „რომ ჩამოვედი, მეუბნებოდნენ, თქვენ დანიშნული რექტორი ხართო”, – იხსენებს ირინა. ბოლო დროს ამასთან დაკავშირებით ბევრს ლაპარაკობდნენ, არტარეას აუდიტორიაში დისკუსიაზეც კი მიიწვიეს, მაგრამ დაპირისპირებული მხარე არ მივიდა. ლეგიტიმურობის საკითხზე საუბარს არამიზანშეწონილად მიიჩნევს: „თუ ამაზე დავობენ, ეს სამართლებრივი საქმეა და კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავრობის შეცვლა ყველაფრის შეცვლას ხომ არ ნიშნავს, ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას?”.

გამოფენა „ფოკუსი. 80-იანების ბოლო. 90-იანების დასაწყისი”
აკადემიის განვითარების ნათელი, ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა აქვს. ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითაა დაკავებული. ფიქრობს, რომ შინაარსობრივად რაღაცების შეცვლა ფაკულტეტების გადასაწყვეტია და ამაში არ ერევა: „ერთადერთი, რაც მინდა, ხარისხის გაუმჯობესებაა. ასევე, ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული ცვლილებების გატარება. აქ არ იყო სასწავლო დეპარტამენტი და გავაკეთეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რისი გაკეთება შედის მის მოვალეობაში, ამიტომ ადამიანური რესურსების მართვის სფეროც ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სასწავლო პროცესებში ჯერ არანაირად არ ჩავრეულვარ და ვფიქრობ, რექტორი ამაში არც უნდა ჩაერიოს. ერთადერთი, ჩემი ინიციატივა იყო, რომ გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჩამოგვეყვანა წარმატებული ადამიანები. ჩამოვლენ თეა ჯორჯაძე, თამუნა ხუნდაძე, სოფო ტაბატაძე, თეა გვეტაძე, იმედი გვაქვს, გია ეძგვერაძეც გვესტუმრება. ეს ადამიანები ჩაატარებენ ერთკვირიან ვორქშოფებს. ასევე, ნინო ჩუბინიშვილმა დაიწყო აკადემიაში ლექციების კითხვა...”

ახლახან პოპიაშვილის კურატორობით თბილისში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოფენა „ფოკუსი. 80-იანების ბოლო. 90-იანების დასაწყისი” ვნახეთ. როგორც თვითონ ამბობს, ამ გამოფენის გაკეთება ყოველთვის უნდოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოდან წავიდა, თუმცა კონტაქტს აქაურ შემოქმედებით წრესთან სულ ინარჩუნებდა. განსაკუთრებით, კარლო კაჭარავასთან მეგობრობდა და მიმოწერის საშუალებით ახერხებდა აქაური პროცესებისთვის თვალი ედევნებინა.

„ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული ხელოვნება მაშინდელ დასავლურ თანამედროვე ხელოვნებას გაუთანაბრდა. გამოფენისთვის ნამუშევრების მოძიებას ორ წლამდე დასჭირდა. მათგან ზოგიერთი საზოგადოებას ალბათ ნანახი ჰქონდა, მაგრამ არა ერთ სივრცეში თავმოყრილი და zeitgeist დაინახეს. ამ გამოფენამ გვაჩვენა ის, რომ გვაქვს თანამედროვე ხელოვნება, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ძალიან იმედიანი და ოპტიმისტური ექსპოზიციაა და მასზე ბევრი კარგი ექსპონატია წარმოდგენილი. აქ არის ლადო ბაგრატიონის გადასარევი ნამუშევარი, ადამიანის, რომლის სახელიც არავინ იცის. თუ საქართველოში სიურრეალისტური შედევრი ოდესმე გაკეთებულა, ეს მისი „საკანია”. ეს კაცი თურმე უსაქმურობის გამო ციხეში ექვსი თვით ჩასვეს და „საკანიც” მაშინ შექმნა. ახლა ვცდილობ, თანხები მოვიძიო, რომ კატალოგი გაკეთდეს, სადაც არა მარტო იმ პერიოდის მხატვრობა შევა, არამედ ფილმები და ა.შ.”.

აკადემიის არქივში უნახავს ნამუშევრები, რომელთა ავტორების სახელებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ვერმეერის მაგალითი ამ შემთხვევაში კლიშედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სამხატვრო აკადემიის რექტორი ფიქრობს, რომ აკადემიის ისტორიაში შეიძლება არსებობდნენ ასეთი აღმოუჩენელი ფენომენები. თუმცა, ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ახალგაზრდებშიც არა მხოლოდ დიდ პოტენციალს, არამედ უკვე შემდგარ ხელოვანებს ხედავს.

„აკადემიაში არის ერთი ბიჭი, რომელიც დიდი ხანია ლექციებს ესწრება – ლევან ჭელიძე. ხატავს, აკადემიაში დადის, მაგრამ ოფიციალური სტუდენტიც არ არის. უნიჭიერესი და, ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელოვანია. ასევე, არის სოფო კირთაძე, რომელმაც წელს აკადემიაში დაამთავრა გრაფიკის ფაკულტეტი. საერთოდ, არავისთვის დამირეკავს და არ მითქვამს, მე ვგიჟდები შენზე-მეთქი, შეიძლება ადრე დენის ოპენჰაიმს ვუთხარი, როდესაც შევხვდი, რომ ძალიან მომწონდა მისი ნამუშევრები. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი პირველი „fan phone call” სოფოსთან იყო. კირთაძეს აქვს ილუსტრირებული ოთარ ყარალაშვილის „ზოლემია”, რომელიც ჩემი სამაგიდო წიგნია. თუ არ გაქვთ ნანახი, უნდა ნახოთ. საბავშვო წიგნია, მაგრამ ისე, ბრჭყალებში საბავშვო, შესანიშნავად მოფიქრებული ისტორიით და ილუსტრაციებით”.

„არ მინდა სულ ვსაუბრობდეთ ძველ დიდებაზე, მინდა, რომ დღევანდელმა სტუდენტებმაც ასევე ხატონ, იაზროვნონ”, – ამბობს პოპიაშვილი და იხსენებს მაურიციო კატელანის გამოფენას, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კატელანმა გუგენჰაიმის მუზეუმში, რომელიც თავისი ორიგინალური არქიტექტურული ფორმებითაა ცნობილი, ქანდაკებები გამოფინა. „ფრენკ ლოიდ რაიტის შენობაში ზემოთ წრიული გზა ადის. აქ, გინდა არ გინდა, თავად შენობის არქიტექტურას უყურებ. ამიტომ, გამოფენა ყოველთვის არის კონკრეტული მხატვრის და, ამავე დროს, ფრენკ ლოიდ რაიტის. კატელანმა, იმის მაგივრად, რომ თავისი ქანდაკებები კედელზე დაეკიდა, ჭერზე, საგამოფენო სივრცის შუაში ჩამოკიდა. ზემოთ ასვლის დროს კედელს კი აღარ უყურებდი, ცენტრისკენ გქონდა ყურადღება გადატანილი.

წარმოიდგინეთ, როდესაც სკულპტურები ჭერზე ჰკიდია, მათი წესიერად ნახვა არ მოხერხდება. ამ თვალსაზრისით კატელანმა საკუთარ ნამუშევრებს ალბათ ავნო კიდეც, მაგრამ მოახერხა მთავარი – შემოგატრიალა. არტისტიზმი მარტო ის კი არ არის, უნარ-ჩვევები გამოიყენო და კარგად დახატო, მთავარია, როგორ აზროვნებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები