ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: კრიმინოგენური ვითარება სრულად კონტროლირებადია

შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო თბილისი მერიოტში გამართულ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სრულად კონტროლირებადია.

მისი განმარტებით, ამ კუთხით ვითარება ხელისუფლების გადაბარების პროცესში გართულდა, რადგან კრიმინალებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს. 

"ჩვენ სამინისტროში არჩევნებიდან მალევე ვერ შევედით და ამ პერიოდში პოლიცია იყო სრულად დემორალიზებული. ისინი დანაშაულზე არ რეაგირებდნენ, რითაც კრიმინალებმა ისარგებლეს და წვრილმანი დანაშაულის რიცხვმა მოიმატა. თუმცა ჩვენ დავიწყეთ პოლიციის რეორგანიზაცია, შევცვალეთ ყველა სამხარეოს უფროსი და პოლიციის უფროსები. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, კრიმინალის რიცხვი მცირდება, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა კი მატულობს. შესაბამისად, დღეს პოლიციის მუშაობით კმაყოფილი ვართ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაკავებებს, შს მინისტრის თქმით, "სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ დაკავებების პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ".

"ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რადგან მაქსიმალურად ფრთხილად ვეკიდებით თითოეული ადამიანის ბედს და ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები თითოეულ საქმესთან დაკავშირებით და მზად ვართ, ისინი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები