ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. წინასაარჩევნო პერიოდში, ტელევიზიით გავრცელებულ პატიმართა გაუპატიურებისა და წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმირებული გამოკითხულთა 96%-ია.
კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ციხის სკანდალთან დაკავშირებით, 47% პასუხობს, რომ ხელისუფლებამ სრული გამოძიება უნდა აწარმოოს, 41% სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მომხრეა, 35% ყოფილი მთავრობის წევრებისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას, 24% თვლის, რომ საჭიროა, ციხეში არსებული მონიტორინგის გაზრდა, ამნისტიას 12% ემხრობა, ფინანსური კომპენსაციების გაცემას პატიმრებსა და მათ ოჯახებზე - 7%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 16%-ს.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).