მონოპოლია

ანტიმონოპოლიური სამსახური დააკანონებს მონოპოლიებს

საქართველოში განხორციელებული რეფორმების შემდეგ, როდესაც ბევრი მარეგულირებელი სააგენტო გაუქმნდა, დღეს რეგულაციების თემა კვლავ აქტუალური გახდა. აქტიურად დაიწყო მსჯელობა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის შესახებაც. ამის ერთ-ერთ მიზეზად ბოლო პერიოდში (როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობდა) საქართველოს ბაზარზე წარმოქმნილი მონოპოლიები და ოლიგოპოლიები სახელდება.

ბუნებრივია, თავისუფალი ბაზარი არ არის იდეალური და ზოგჯერ, რესურსების გადანაწილება არაეფექტურად ხდება, რადგან კომპანიები მხედველობაში არ იღებენ ე.წ. სოციალურ ხარჯებს. პოპულარული ტერმინოლოგიით, ბაზრის ჩავარდნას ასიმეტრიული ინფორმაცია განაპირობებს. სწორედ აქ, პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა და მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას შეუძლია საბაზრო ხარვეზის გამოსწორება, თუ იგი თავად შექმნის ასეთ პროდუქტს ან დაარეგულირებს კერძო კომპანიების ეკონომიკურ ქცევას.

სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ საქართველოს ბევრ სექტორში ოპერირებს მონოპოლისტური კომპანია. მათ შორის, განვიხილავთ როგორც ბუნებრივ, ასევე არაბუნებრივ მონოპოლიებს. ჩემი მსჯელობის ამოცანაა იმის დასაბუთება, რომ დარეგულირების მცდელობა ბაზარზე რესურსების გადანაწილების პროცესს გაცილებით უფრო არაეფექტიანს გახდის, ვიდრე ეს დღეს მონოპოლისტური კომპანიის ოპერირების შედეგად არის გამოწვეული.

თეორიულად, „ჭკვიან” მთავრობას შეუძლია ბევრი გააკეთოს იმისთვის, რომ საბაზრო ხარვეზი რესურსების არაეფექტიანი განაწილების პროცესში გამოსწორდეს. მაგალითად, რეგულაციები, რომელმაც უნდა: დაიცვას გარემო დაბინძურებისგან, უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება, შექმნას უსაფრთხო სამუშაო პირობები და გრძელვადიანი დასაქმების გარანტიები და სხვა.

სინამდვილეში, რეგულაციები ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის შედეგი. არჩევნების გზით გამარჯვებულ მთავრობებში, წარმოადგენენ რა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს, ხშირად უფრო მეტადაა წარმოდგენილი სწორედ იმ საზოგადოების ინტერესი, ვის დარეგულირებასაც ცდილობენ, ვიდრე იმ ადამიანების, რომელთაც რეგულაციების შედეგად დამატებითი სარგებელი უნდა მიიღონ.

საქმე ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს მარეგულირებელი სააგენტოების საქმიანობას, თუმცა ის ფირმები, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, კარგად ერკვევიან იმაში, თუ რა გავლენას მოახდენს რეგულაციები მათზე. ამიტომ, ასეთი ფირმები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, რათა რეგულაციები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ. ამდენად, მაშინ როცა მთლიანობაში საზოგადოება არის ნეიტრალური, ხოლო კომპანიები, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას მარეგულირებელ სააგენტოებზე, რეგულაციები რეალურად ემსახურება კონკრეტული კომპანიების ინტერესების დაკმაყოფილებას და არა საბაზრო ხარვეზის გამოსწორებას.

კონკურენტული ბაზრისგან განსხვავებით, მონოპოლისტი (ან კარტელური შეთანხმება) ამცირებს პროდუქციის მიწოდებას იმ რაოდენობამდე, სადაც მისი ზღვრული დანახარჯები შეესაბამება ზღვრულ შემოსავლებს. შედეგად, მონოპოლისტური ფასი შეესაბამება მოთხოვნის ფასს, რომელიც წარმოიქმნება შემცირებულ რაოდენობაზე. ყველა სხვა შესაძლო სიტუაციაში, ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია მონოპოლისტს აძლევს მაქსიმალურ შემოსავალს.

აქ მთელი ფილოსოფია არის ის, რომ ბაზარზე კონკურენცია რომ ყოფილიყო, საბაზრო ფასიც შედარებით დაბალი იქნებოდა და მომხმარებელიც მეტი იქნებოდა. ანუ, საერთო ჯამში, საზოგადოება უფრო მეტ მსხვერპლს გაიღებს მონოპოლისტურ საქონელში, ვიდრე ის ამას კონკურენციის პირობებში გადაიხდიდა. შედეგად, წარმოიქმნება ე.წ. საზოგადოებრივი დანაკარგები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „უხილავი ხელი” არაეფექტიანად ანაწილებს რესურსებს ბაზარზე.

სურათი კიდევ უფრო მძიმდება კარტელის შემთხვევაში. რამდენიმე გავლენიანი მწარმოებელი თანხმდება საერთო ფასზე, რაც წარმოშობს ტიპურ მონოპოლიას, არადა, მათ შორის რომ ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია, ბაზარზე ფასი უფრო დაბალი იქნებოდა. საქართველოში საუბრობენ, რომ საწვავის და ფარმაცევტული ბაზრები სწორედ ამ კატეგორიის ოლიგოპოლიებს განეკუთვნება. არავინ დავობს იმაზე, რომ კონკურენტული ბაზრები შეიძლება გახდეს ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება საზოგადოებრივი დანაკარგები, მაგრამ რამდენად შესწევს ანტიმონოპოლიურ სამსახურს იმის უნარი, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრას?

1. მარეგულირებელმა სააგენტომ უნდა გამოავლინოს არა მონოპოლისტური ფირმა, არამედ მონოპოლისტური ფასი. თავად მონოპოლიის არსებობა არ ამცირებს საზოგადოების სარგებელს – მხოლოდ მონოპოლიური ფასი წარმოქმნის დანაკარგებს. მონოპოლიური ფასის დასადგენად, სააგენტომ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს საბაზრო მოთხოვნა, ანუ ამა თუ იმ ფასის პირობებში რა რაოდენობის პროდუქტი გაიყიდება. ანუ, უნდა დაადგინოს კანონზომიერება მოთხოვნის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის. ამის შემდეგ, სააგენტომ უნდა მოახერხოს ინფორმაციის მოძიება კომპანიის დანახარჯებსა და შემოსავლებზე, რის საფუძველზეც უნდა გამოთვალოს ამ კომპანიის ზღვრული დანახარჯებისა და ზღვრული შემოსავლების მნიშვნელობები. უნდა იანგარიშოს, თუ პროდუქციის რა მოცულობის გაყიდვისთვის უტოლდება კომპანიის ზღვრული დანახარჯები და ზღვრული შემოსავლები ერთმანეთს და ამის საფუძველზე დაადგინოს შეზღუდული მოთხოვნის რაოდენობის შესაბამისობა მოთხოვნის ფასთან. მიღებული შედეგი უნდა შეადაროს საბაზრო ფასს და თუ დაემთხვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ საბაზრო ფასი სინამდვილეში არის მონოპოლისტური. რამდენად რეალურია ეს? ცხადია, რომ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.

2. დავუშვათ, მარეგულირებელი სააგენტო არის იმდენად „ჭკვიანი”, რომ ეს ყველაფერი მოახერხა. რა არის შემდეგი ნაბიჯი? სავარაუდო პასუხებია: სანქციები, ჯარიმები, საფასო შეზღუდვა. შესაძლებელია კი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით საზოგადოებრივი დანაკარგების აღმოფხვრა? ამისათვის – ა) ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს ზუსტად საზოგადოებრივი დანაკარგის სიდიდის და ბ) სააგენტომ ჯარიმით მიღებული შემოსავალი უნდა დაუბრუნოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ზარალი ნახა. ყველა სხვა შემთხვევაში, რესურსების გადანაწილების მექანიზმი ისევ არაეფექტიანი იქნება და წარმოქმნის უფრო მეტ დანაკარგს, ვიდრე ეს მონოპოლიის დროს მოხდა. როგორი „ჭკვიანიც” უნდა იყოს სააგენტო, ის ამ ამოცანის შესრულებას ვერ შეძლებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შემზღუდავი ფასის გამოყენება. მონოპოლისტური ფასის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, მონოპოლისტს ფასის დაწევა მოსთხოვოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააგენტო ბაზარზე დაადგენს „ფასის ზედა ზღვარს”. იდეალურ შემთხვევაში, ზედა ზღვარი უნდა გაუტოლდეს ფასს, რომელიც წარმოიქმნება მოთხოვნის იმ რაოდენობაზე, სადაც მონოპოლისტის ზღვრული დანახარჯები საბაზრო მოთხოვნას გაუტოლდება. მაგრამ თუ ფასის ზედა ზღვარი აღმოჩნდება იდეალური ფასის დაბლა, მაშინ რა მოხდება ბაზარზე? – მოთხოვნის რაოდენობა იქნება მეტი, ვიდრე მიწოდების რაოდენობა, ანუ დეფიციტი, გრძელი რიგები და ჩრდილოვანი ბაზარი, სადაც დაუკმაყოფილებელი მომხმარებელი მზად იქნება გადაიხადოს კიდევ უფრო მაღალი ფასი მონოპოლიურ საქონელში, ვიდრე გადაიხდიდა მონოპოლიური ფასის პირობებშიც კი.

ამ შემთხვევაში, წარმოქმნილი საზოგადოებრივი დანაკარგი არის შეუდარებლად მაღალი იმასთან შედარებით, რაც მონოპოლიურ ბაზარზე რესურსების არაეფექტიანმა გადანაწილებამ გამოიწვია. ახლა დავუშვათ ისიც, რომ სააგენტო არის იმდენად „ჭკვიანი”, რომ ფასის ზედა ზღვარი იდეალურია. ამ შემთხვევაში ხდება მონოპოლიის დაკანონება, რადგან ბაზრის გარეთ არსებულ ფირმას, რომელსაც სურს ამ ბაზარზე შეღწევა, ფასის ზედა ზღვარის მეშვეობით ექმნება პრობლემა. ფაქტობრივად, სააგენტო, რომელიც ებრძვის მონოპოლიებს, თავად ქმნის მას.

3. იმ დაშვებითაც კი, რომ „ჭკვიანი” სააგენტო იყენებს თეორიულ შესაძლებლობებს, რამდენად ადეკვატურია ამ სააგენტოს შენახვაზე გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მსხვერპლი? შესაძლებელია კი ამის გაანგარიშება?

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საუკეთესო შემთხვევაში ვიღებთ საზოგადოებრივ დანაკარგებს + სააგენტოს საქმიანობით წარმოქმნილ დამატებით საზოგადოებრივ დანაკარგებს (რომელიც აღემატება მონოპოლიის დანაკარგებს) + სააგენტოს შენახვაზე გაწეულ დანახარჯებს და დაკანონებულ მონოპოლიებს.

რადგან პოლიტიკოსები მონოპოლისტური ფასის გამოვლენაში სირთულეს ხედავენ, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკით, მარეგულირებელ სააგენტოებს ძირითადად ევალებათ კარტელებთან ბრძოლა, ვინაიდან ფარული შეთანხმების გამოვლენა უფრო მარტივი ამოცანაა, ვიდრე მონოპოლისტური ფასის დადგენა. ფაქტობრივად, სააგენტო საგამომძიებლო საქმიანობითაა დაკავებული და ნაკლებად ებრძვის საზოგადოებრივ დანაკარგებს.

ზოგიერთი შეეცდება დაასაბუთოს, რომ თუ კარტელი დაიშლება, საზოგადოებრივი დანაკარგებიც შემცირდება. თითქოს მსჯელობა ლოგიკურია, მაგრამ სინამდვილეში, არავინ იცის, კარტელის დაშლის შედეგად რა მოუვა დანაკარგს.

გავაანალიზოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც უნდა დაიშალოს კარტელი. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება სახელმწიფოს სადამსჯელო მანქანა, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს ბევრ ქმედებას, დაწყებული ფასის ზედა ზღვარის დაწესებით და დასრულებული კონკრეტული კომპანიების ხელმძღვანელების დაპატიმრებით. კარტელი მართლაც შეიძლება დაიშალოს, მაგრამ რა ფასად? ყოველივე ამის შემდეგ შეძლებენ კი კომპანიები ბაზარზე ოპერირებას? საზოგადოებრივი დანაკარგი ხომ მხოლოდ მომხმარებლის დანაზოგს არ მოიცავს, ის მწარმოებლის დანაზოგისგანაც შედგება. ჯამური კეთილდღეობისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მომხმარებელთა ყოფა უარესდება თუ მწარმოებლების? საქმე ისე უნდა გაკეთდეს, რომ სხვა საქმე არ გაფუჭდეს, მაგრამ ეს აქ შეუძლებელია.

როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ, პოლიტიკოსები არ ათვითცნობიერებენ ალტერნატიულ დანახარჯებს. მაგალითად, მივცეთ ოთხმილიონიან საზოგადოებას უფასო ჯანდაცვა. მშვენიერია, მაგრამ რა ფასად? რა არის ამის ალტერნატიული დანახარჯი? დავშალოთ კარტელი, მშვენიერია, მაგრამ რა ფასად? რა არის ამის ალტერნატიული დანახარჯი? ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს, რადგან ამის დათვლა ძალიან რთულია. ამიტომ, შემცირდება თუ გაიზრდება საზოგადოებრივი დანაკარგები, არავინ იცის.

როგორც წესი, ანტიმონოპოლიური სამსახური იქმნება კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკის ქუდის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რომლის ძირითადი სამიზნეც სწორედ კარტელია. რთულია შეეწინააღმდეგო ლოგიკას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფარული შეთანხმება გაიგივებულია გარკვეული ტიპის დანაშაულთან, მაშინ ასეთი კატეგორიის პოტენციური დამნაშავეები დანაშაულის ჩადენას ერიდებიან და შედეგად ხდება კონკურენციის ხელშეწყობა. პრინციპში, მსჯელობის ამ ნაწილში შესაძლებელია დავეთანხმოთ რეგულაციების მომხრეებს, რადგან აქ მთავრობას მართლაც შეუძლია საბაზრო ჩავარდნის არდაშვებას ხელი შეუწყოს, მაგრამ რა შუაშია აქ ანტიმონოპოლიური სამსახური? რა არის ამ სამსახურის ფუნქცია – დანაშაულთან ბრძოლა, თუ საზოგადოებრივი დანაკარგის აღმოფხვრა?

ანტიმონოპოლიური სამსახური არის მარეგულირებელი სააგენტო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კომპანიების ქცევა ბაზარზე ისე, რომ საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ ამოცანის შესრულებაა შეუძლებელი. დანაშაულთან ბრძოლას კი მთავრობის ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ და სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულება საზოგადოების წინაშე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ყოველთვის არ უწყობს ხელს კონკურენციის განვითარებას. მაგალითად, რამდენად სწორი იყო მაიკროსოფტის ცალკეულ ფირმებად დაშლა? თავის დროზე ამ ფირმების შთანთქმა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ბაზარზე საერთაშორისო კონკურენციას ვერ უძლებდნენ. წარმატებულმა კომპანიამ გაიმარჯვა და შეისყიდა სხვები, განახორციელა მათში დიდი ინვესტიციები და მათი საქმიანობის ეფექტიანობა გაზარდა. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, გიგანტური პირამიდა დაიშალა და ბაზარზე გაჩნდა ახალი რეალობა. რამდენად დამაჯერებელი იქნება იმის დაშვება, რომ ის ფირმები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ვერ უძლებდნენ კონკურენციას, დღეს მომხმარებელს მიაწვდიან საქონელს, რომელიც მომხმარებელთა ყოფას გააუმჯობესებს?

სინამდვილეში, ისევე როგორც თავისუფალ ბაზარზე ვხვდებით იშვიათად იდეალურ კონკურენციას, ოლიგოპოლიებიც და მით უფრო მონოპოლიები დროებითი მოვლენაა. მონოპოლიის შემთხვევაში, ბაზრის გარე მონაწილე ცდილობს ბაზარზე შეღწევას, რადგან მეწარმე ხედავს მაღალ სარგებელს კონკრეტული ბიზნესიდან, თუ ბაზარზე შეღწევის ბარიერები ხელოვნურად არ არის შექმნილი. ერთადერთი ბარიერი, რამაც შეიძლება ფირმას ბაზარზე შესვლაში ხელი შეუშალოს, არის საბაზრო ფასი. სწორედ ამიტომ ვერ იარსებებს დიდხანს მონოპოლია.

მაგალითად, საქართველოში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბენზინზე ფასები ძალიან ძვირია, რომ მეწარმეს ბენზინის შემოტანა გადასახადების ჩათვლით უჯდება საშუალოდ 1,60 ლარი და ყიდის 2.10-ად. დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა. მაშინ რა უშლის ხელს სხვა მეწარმეს, რომ 0,60-ლარიანი მოგების მარჟა გამოიყენოს და ინვესტიციები სწორედ ამ ბიზნესში დააბანდოს? ამ კითხვაზე პასუხი არის მთავრობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ინტერესი ამ ბიზნესში, რომელიც შეიძლება მფარველობდეს კომპანიებს გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ და რომელსაც შეუძლია ძალაუფლების გამოყენება და ბაზარზე შეღწევის ბარიერების დაწესება.

მონოპოლიებს ახანგრძლივებს მფარველობა ან მათი დაკანონება. მაშასადამე, მონოპოლიის წყარო გრძელვადიან პერიოდში არის არა ბაზარი, არამედ მთავრობა და როდესაც მთავრობა დამატებით ქმნის კიდევ ერთ ინსტიტუტს, რომელმაც უნდა იბრძოლოს მონოპოლიებთან, სინამდვილეში ის ხელს უწყობს მათივე წარმოქმნას და დაკანონებას. ანალოგიურად, ოლიგოპოლიის შემთხვევაშიც, მოგების მაღალი მარჟა ბაზარზე უბიძგებს გარე კომპანიებს, შევიდნენ ოლიგოპოლიურ ბაზარზე. მეტიც, ფარული შეთანხმება კომპანიებს შორის დიდი ხნით ვერ შედგება. ასევე, ამ შეთანხმებაში მონაწილე ფირმებსაც უჩნდებათ დიდი სურვილი, რომ დაარღვიონ შეთანხმება და შეთანხმებაში მონაწილე კონკურენტების დაუკითხავად, მაღალ ფასად გაყიდონ მეტი რაოდენობის პროდუქტი.

ამდენად, კარტელური შეთანხმებებიც დროებითი მოვლენაა და მათ მიმართ ბრძოლის გამოცხადება, თუნდაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არგუმენტით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციის განვითარებას, არის მიზანშეუწონელი. ამაზე რესურსის და დროის კარგვა არ ღირს.

დავუბრუნდეთ რეგულაციების მომხრეების ყველაზე ხელჩასაჭიდ არგუმენტს – მაშინ რატომ არის, რომ საბაზრო ეკონომიკის ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ანტიმონოპოლიური სამსახური? – ვპასუხობ იმით, რითიც დავიწყე. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ზოგადად რეგულაციები პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია.

ეს ვარაუდი შეიძლება გამყარდეს ჯეიმს ბუკენენის (School of Public Choice-ის ერთ–ერთი დამაარსებელი) ლოგიკით. კერძოდ, ცნობილია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვების გზით მოდიან. ისინი საზოგადოების უმრავლესობის ნდობის მოპოვებას ცდილობენ, რადგან მათი გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვის მისცემს ხმას რიგითი ამომრჩეველი. ზოგადად, ამომრჩეველი „რაციონალურად უმეცარია” (Rational Ignorant) რეგულაციებთან მიმართებაში. მან მხოლოდ ის იცის, რომ ახალი მარეგულირებლის შექმნისთვის გადასახადი რამდენიმე ლარით გაეზრდება და ამდენად, ამ საკითხის მიმართ მის ნეიტრალურ განწყობას მხოლოდ რამდენიმე ლარი ქმნის. ამას პირობითად საზოგადოებრივი ინტერესი (Public Interest) შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, თითოეული ადამიანის მიერ გადახდილი რამდენიმე ლარი ჯამში შეადგენს მილიონობით ლარს, აქ კი იმ ინდუსტრიების წარმომადგენლების ინტერესი, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, საგრძნობლად მაღალია, რასაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ სპეციალური ინტერესი (Special Interest).

მაშასადამე, იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა გაიმარჯვონ, მხედველობაში უნდა მიიღონ საზოგადოებრივი და სპეციალური ინტერესები. რადგან რეგულაცია სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა სარგებლობს ვიღაცის ხარჯზე. ფასი, რომლის გადახდაც საზოგადოებას მოუწევს რეგულაციების შემოღებაზე, არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად თანაწონადია რეგულაციის ზღვრული შემოსავალი მის ზღვრულ ხარჯებთან (ეს რომ ასე იყოს, გაჩნდება თეორიული შანსი, რომ საბაზრო ხარვეზი მართლაც გასწორდეს – „ჭკვიანი” მთავრობა).

აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსმა ზღვრული პოლიტიკური სარგებელი უნდა შეადაროს ზღვრულ პოლიტიკურ დანახარჯებს, რომელიც იმ ადამიანების დანახარჯებს წარმოადგენს, ვინც რეგულაციების შედეგად იზარალა. მაშასადამე, პოლიტიკური სარგებელი იხრება სპეციალური ინტერესებისკენ მანამ, სანამ საზოგადოება რეგულაციის ფასს უკეთებს იგნორირებას. რაც უფრო მეტი რაოდენობის რეგულაციებს ჰპირდება პოლიტიკური პარტია საზოგადოებას, მით უფრო მეტად იზრდება სპეციალური ინტერესების რაოდენობაც. საბოლოოდ კი, რეგულაციები ხდება პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილებების შედეგი და ნაკლებად ემსახურება იმ კეთილშობილურ მიზნებს, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული.

ამდენად, მარეგულირებელი სააგენტო ვერასდროს გახდება „ჭკვიანი” და საბაზრო ხარვეზის გამოსწორების თეორიული შანსიც არ არსებობს.

 

 

 

კომენტარები