აშშ

რატომ მოიგო ობამამ?

„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამფუძნებელი მამების იდეალები ჩვენს დროში აღარ არსებობს და დემოკრატიის ძალას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მან მიიღო პასუხი. ამერიკამ დღეს მსოფლიოს უთხრა, რომ არასდროს ყოფილა წითელი და ლურჯი შტატების ნაკრები, ჩვენ ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატები. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ, როგორც ყოველთვის, ხმა მიეცით მოქმედებას და არა პოლიტიკას. თქვენ აგვირჩიეთ, რათა ყურადღება მივმართოთ თქვენს პრობლემებზე, რათა ერთად გადავჭრათ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევები და ამისთვის ორივე პარტიის ლიდერებთან ერთად ვიმუშავებ. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ შევცვლით”, – ამ სიტყვებით მიმართა ჩიკაგოდან ხალხს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, რიგით 57-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ჰუსეინ ობამამ.

ობამა ჰარი ტრუმენის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკამ მეორე ვადით აირჩია. ეს მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა მისი პრეზიდენტობის 39 თვის მანძილზე 8%-ს აღემატებოდა. დღეს ამერიკელები გამოიმუშავებენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ოთხი წლის წინ. საშუალო შემოსავალი ქვეყნის მასშტაბით 3,800 აშშ დოლარზე ნაკლებია.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკურ დისკურსში ერთადერთი საკითხი დომინირებდა – ეკონომიკა. მოქმედი პრეზიდენტი ცდილობდა ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ მას ეკონომიკის წინსვლისთვის სწორი გეგმა აქვს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი კი საარჩევნო კამპანიას ერთ ძირითად იდეაზე აგებდა, იგი ამომრჩეველს ეკითხებოდა – „თქვენ უკეთესად ცხოვრობთ დღეს, ვიდრე ოთხი წლის წინ?”

ამ გადმოსახედიდან, მიტ რომნის მიზანი ცხადი იყო. მას სურდა საარჩევნო პროცესი ერთგვარ რეფერენდუმად გადაექცია – ართმევს თუ არა თავს მოქმედი პრეზიდენტი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. რესპუბლიკური პარტიის ამ სტრატეგიას ისიც ამართლებდა, რომ ყოველი ათი ამომრჩევლიდან ექვსი, ეკონომიკას მისთვის „უმთავრეს საკითხად” აცხადებდა. ამ ჯგუფის ხმები რომნიმ მცირედი უპირატესობით მოიგო (რომნი – 51%, ობამა – 47%). და მაინც, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. რატომ?

ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო რბოლა ეფექტურად გადააქცია დილემად ორ კანდიდატს შორის, რომელსაც „ესმის” და უბრალოდ „არ ესმის” ამომრჩევლის. ეგზიტპოლების მიხედვით, გამოკითხულთა 27% ამბობდა, რომ კანდიდატის მთავარი თვისებაა „ჩემი ღირებულებების გაზიარება”. რომნიმ მათი ხმების 55% მოიგო. კიდევ 18%-ს სურდა „ძლიერი ლიდერი”. რომნიმ აქ 61% აჩვენა. ამომრჩეველთა 29%-ს უნდოდა კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა „მომავლის ხედვა”. რომნიმ მათ შორისაც გაიმარჯვა. თუმცა ყოველი

ობამას მხარდამჭერი გამარჯვებას ზეიმობს. ნიუ იორკი
ხუთი ამომრჩევლიდან ერთი აცხადებდა, რომ კანდიდატი, რომელიც „ზრუნავს ჩემნაირ ადამიანებზე”, გადამწყვეტი იყო მათ არჩევანში. ბარაკ ობამამ ასეთ ჯგუფში 82%-ით მოიგო, რომნიმ კი მხოლოდ 17% დააგროვა.

წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენის 1948 წლის და ჯორჯ ბუშის 2004 წლის კამპანიის სტრატეგიის ნაწილი ისესხა. ორივე მოქმედ პრეზიდენტს უწევდა ნეგატიური კამპანიის წარმოება ოპონენტის წინააღმდეგ, კანდიდატის დისკვალიფიკაციას იმედით. მათი რეიტინგი მუდმივად 50 პროცენტს ქვემოთ რჩებოდა. ბუშის და ტრუმენის ოპონენტები, იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ძლიერი კანდიდატები იყვნენ, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის სისუსტეებზე ფოკუსირებას ვერ ახერხებდნენ. 1948 და 2004 წლებში აშშ-ის პოლიტიკურ გარემოში ერთი საკითხი დომინირებდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 2004 წელს მთავარი თემა იყო არა ეკონომიკა, არამედ ომი და ეს მთავარი თემა მოქმედი პრეზიდენტისთვის წაგებიანი აღმოჩნდა.

ბარაკ ობამამ მოახერხა ტრუმენის და ბუშის გამოცდილების გაზიარება და შეძლო ორი მიზნის ერთდროულად განხორციელება:

1. დიდი ინტენსივობით იმუშავა საკუთარ ამომრჩეველთან, რაც იშვიათია თანამედროვე ეპოქაში. მისი მიზანი იყო მაქსიმალურად გაეზარდა დემოკრატიული ბაზის მისვლა საარჩევნო ყუთებთან. მაგალითად, პრეზიდენტის გუნდმა გამოაცხადა „ომი ქალებისთვის”. ამ მხრივ ობამას გუნდი ცდილობდა ქალების დარწმუნებას იმაში, რომ მასაჩუსეტსის გუბერნატორის მხარდაჭერა მათი უფლებების შეზღუდვის ტოლფასი იქნებოდა: რომნი დეპორტაციას გაუკეთებდა მათ მეგობრებსა და მეზობლებს, ღარიბებს არ მისცემდა სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამას, საზღვარგარეთ გადაიტანდა მათ სამუშაო ადგილებს, იერიშს მიიტანდა მათ პენსიებზე და შეუზღუდავდა კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობას. ამ სტრატეგიამ იმუშავა.

2. პრეზიდენტის გუნდმა ანალოგიური გულმოდგინებით იმუშავა იმ ამომრჩეველთანაც, ვინც ობამას მხარს არ უჭერდა (საშუალო ფენა, სოციალურად კონსერვატიული თეთრკანიანი ამერიკელები). ასეთი ტიპის ამომრჩევლისთვის ობამას გზავნილი შემდეგი იყო: „მე არ მოგწონვართ, მაგრამ ის კაცი უარესია”. მესიჯი დანიშნულების ადგილამდე მივიდა და წარმოუდგენლად ბევრი მათგანი სახლში დარჩა. ფაქტია, რომ მიტ რომნიმ მიიღო 1,3 მილიონით ნაკლები ხმა, ვიდრე ჯონ მაკკეინმა 2008 წელს.

ზოგადადაც, უნდა ითქვას, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე, რომელიც თითოეულ კანდიდატს თითქმის 1 მილიარდი დაუჯდა, 2008 წელთან შედარებით, საარჩევნო ყუთთან 7,9 მილიონით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა (123,6 მილიონი ადამიანი – 2012 წელს, 131,5 მილიონი – 2008 წელს). პრეზიდენტმა ობამამ თავისი 2008 წლის შედეგების 90.1% მიიღო; მიტ რომნიმ კი – სენატორ ჯონ მაკკეინის ხმათა 98.6%.

2008 წელთან შედარებით დაბალი აქტივობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ობამამ არჩევნები, პირველ რიგში, იმიტომ მოიგო, რომ კარგი შედეგები აჩვენა ამომრჩეველთა ორ ძირითად და მზარდ ჯგუფში: ლათინოებსა (ესპანურენოვანი ამერიკელები) და ე.წ. მილენიუმის თაობის წარმომადგენლებში (1980 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეები). ლათინოების ჯგუფში ობამამ უკეთესი შედეგები აჩვენა,

არჩევნების შედეგები ოჰაიოს შტატში
ვიდრე 2008 წელს. მან ხმათა 69% მოიპოვა (2008 წელს – 67%). ეს იმ ფონზე, როდესაც ლათინოები ელექტორატის 10% გახდა. რაც შეეხება მილენიუმის თაობის წარმომადგენლებს, მათმა 60%-მა ობამას მისცა ხმა (რომნის – 36%-მა). დღეს ისინი მთლიანი ელექტორატის 19%-ს შეადგენენ (2008 წელს მათი წილი 17% იყო).

სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ობამამ თეთრკანიანი ამერიკელების ხმები დაკარგა. ოთხი წლის წინ მას ე.წ. თეთრი ხმების 43% ერგო, წელს კი მხოლოდ 39%. მაგრამ ეს ტენდენცია, ზოგადად, „თეთრი ხმების” კლებამაც განაპირობა: 2008 წელს ისინი ელექტორატის 74%-ს წარმოადგენდნენ, ახლა კი – 72%-ს. მიუხედავად ამისა, ბარაკ ობამა გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც „თეთრი ხმები” ორმაგი ნიშნულით წააგო.

საგულისხმოა, რომ რესპუბლიკელთა ისტებლიშმენტის ნაწილი დიდი ხანია თვლის, რომ პარტიამ ეთნიკური უმცირესობის წარმომავლობის ამომრჩევლების ხმების მოსაგებად, ცალკე პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელები უფრო უნდა „დაემსგავსონ” დემოკრატებს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ყველაზე წარმატებული რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი რონალდ რეიგანი ამ პრინციპის წინააღმდეგ წავიდა და თითქმის ყველა შტატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, მათ ასევე ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ტენდენცია – ზომიერი რესპუბლიკელი კანდიდატები აგებენ არაპოპულარულ დემოკრატ კანდიდატებთან (ჰარი ტრუმენი), არჩევნებამდე უცნობ კანდიდატებთან (ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი), ან კანდიდატებთან, რომელთაც ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვთ (ბარაკ ობამა).

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებში მთავარი როლი ითამაშა შემოსავალმა და არა ეთნიკურობამ. რესპუბლიკელების მარცხი დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეების მიუმხრობლობამ განაპირობა. ეგზიტპოლების მიხედვით, მართალია, რომნიმ მაკკეინის შედეგი გააუმჯობესა იმ ოჯახებს შორის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 30,000-50,000 დოლარს შორის მერყეობდა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად დამარცხდა იმათ შორის, ვინც წელიწადში 30,000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

ნიუ ჰემპშირში, 2008 წელს, ობამამ 30,000-49,999 დოლარის შემოსავლის მქონეებში 3%-ით მოუგო მაკკეინს, 2012 წელს კი 21%-ით – რომნის. ოჰაიოში, იმავე დემოგრაფიულ ჯგუფში, 2008 წელს ობამამ 8%-იანი სხვაობით გაიმარჯვა, 2012 წელს კი 12%-იანით. ვირჯინიაში, 10%-იანი სხვაობა 22%-მდე გაიზარდა. კოლორადოში 3%-იანი სხვაობა – 23%-მდე. ნევადაში მაკკეინმა ეს ეკონომიკური კატეგორია 18%-ით წააგო, რომნიმ კი 36%-ით. პენსილვანიაში ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტს შორის სხვაობა 17%-დან 23%-მდე გაიზარდა.

მუშათა კლასს შორის რომნის უარესმა შედეგებმა მაკკეინთან შედარებით, სავარაუდოდ, ბევრ შტატში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. რომნის რომ ის შედეგები შეენარჩუნებინა, რომელიც მაკკეინს ჰქონდა ამ შტატებში 30,000-49,999 დოლარის შემოსავლის მქონე ხალხს შორის, ის ალბათ მოიგებდა ოჰაიოს, ვირჯინიასა და კოლორადოს (ან შედეგები ისეთი თანაბარი იქნებოდა, რომ გამარჯვებულის დასახელება გაჭირდებოდა). მაშინ ნევადის და ნიუ ჰემპშირის მოგებაც შესაძლებელი გახდებოდა.

დღევანდელი მონაცემების 2004 წლის მონაცემებთან შედარება ძალიან ბევრ რამეს გვაჩვენებს. მაშინ, როცა რომნიმ ეს ეკონომიკური

ჯგუფი 15%-ით წააგო, ბუშმა 2004-ში მხოლოდ 1%-ით დათმო. ის ოჯახები, რომელთაც წელიწადში შემოსავალი 100,000 დოლარი აქვთ, ობამამ 2012 წელს 10%-ით მოიგო, 2004 წელს კი კერიმ მხოლოდ 1%-ით. 2004 წელს კერიმ მერყევ შტატებში 30,000-49,999 ჯგუფში ძალიან მცირე განსხვავებით გაიმარჯვა. 2008 წლისთვის კი ობამა ამ ჯგუფში დიდი გასხვავებით იგებდა. მაგალითად, 2004-ში ბუშმა პენსილვანიაში ეს ჯგუფი 3%-ით მოიგო, მაგრამ 2008-ში ობამამ ამავე შტატში 17%-ით და 2012-ში 23%-ით იმარჯვა. რომნის, 50,000 დოლარზე დაბალი შემოსავლების ამომრჩევლებს შორის, ბუშის 2004 წლის შედეგები მაინც რომ აეღო, ის ახლა პრეზიდენტი იქნებოდა.

ორივე კანდიდატმა მოიგო მათი პარტიებისთვის ტრადიციული შტატები. „მერყევი” შტატებიდან რომნიმ მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინასა და ინდიანაში გაიმარჯვა, ობამამ კი კოლორადოში, აიოვაში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, მინესოტაში, ვისკონსინში, ოჰაიოსა და ფლორიდაში.

მიტ რომნი რომ რესპუბლიკელებისთვის სუსტი კანდიდატი იყო, ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. პოლიტიკოსის ამპლუაში ის არაბუნებრივად გამოიყურებოდა, მისმა კერძო სექტორში მოღვაწეობამ კი რესპუბლიკელების უარყოფითი იმიჯის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მაგრამ ფაქტია, რომ რომნი წინასაარჩევნო კამპანიისა და პრაიმერის დროს სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ძლიერი იყო. ისევე, როგორც დემოკრატი ჯონ კერი 2004 წლის არჩევნებში.

ობამას თქმით, ის თავის მეორე ვადას სამთავრობო ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას, საგადასახადო კოდექსის რეფორმას, საიმიგრაციო სისტემის გარდაქმნას და უცხოურ ნავთობზე ამერიკის დამოკიდებულების შემცირებას დაუთმობს. თუმცა, ბარაკ ობამა,

მიტ რომნიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა
სავარაუდოდ, მიხვდება იმასაც, რაც ჰარი ტრუმენმა 1949 წელს, ხოლო ჯორჯ ბუშმა 2005-ში აღმოაჩინეს: შესაძლოა, მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს ფონზე, მაგრამ შემდეგ ქვეყნის მართვა რთული იქნება. ტრუმენის და ბუშის მსგავსად, ობამა მეორე საპრეზიდენტო ვადას, უხეშად რომ ვთქვათ, იწყებს იმ ფონზე, როდესაც დაახლოებით ნახევარი ქვეყანა მის პოლიტიკას ჯიუტად ეწინააღმდეგება.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მიმდინარეობდა აშშ-ის კონგრესის არჩევნები – 11 შტატი ირჩევდა გუბერნატორს. ამას გარდა, 38 შტატში ტარდებოდა რეფერენდუმები სხვადასხვა მწვავე სოციალურ საკითხებზე. რეფერენდუმებზე, მეინსა და მერილენდში, მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინებას, ხოლო კოლორადოსა და ვაშინგტონში მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა) ლეგალიზაცია დაუშვეს. ფლორიდის მცდელობა აბორტის შეზღუდვაზე უშედეგოდ დასრულდა. ვისკონსინმა აირჩია პირველი ჰომოსექსუალი სენატორი – თემი ბოლდვინი. რაც შეეხება კონგრესის არჩევნებს, აქ ძალთა ბალანსი არ შეცვლილა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ისევ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, ხოლო სენატში უმრავლესობა დემოკრატებს დარჩათ.

 

კომენტარები