საპარლამენტო უმცირესობა

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ახალი თვითმფრინავის შეძენას გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს, 14 დეკემბერს, პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა,  რომ მისი ინფორმაციით, 16-21 დეკემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საფრანგეთში აგზავნის ედუარდ გოგიაშვილს, მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შესაძენად.
ნადირაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტის ფრენებს მოხსნა გრიფი "საიდუმლო" და გამოაქვეყნა სქემა, როგორც "რაღაც დანაშაულებრივი დოკუმენტი". 
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Gulfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
ნადირაშვილის თქმით, ამ ჩამონათვალში არ არის ახსნილი პრეზიდენტის გადაადგილების მიზეზები. მისივე განმარტებით, გამოქვეყნებული ქალაქების უმრავლესობაში პრეზიდენტი ნახევარი ან ერთი საათით გაჩერდა, რადგან ეკიპაჟს საწვავი შეევსო. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ქვეყანა არის პერუ, სადაც, ნადირაშვილის ცნობით, პრეზიდენტი გაემგზავრა იმისთვის, რომ იყო ძალიან დიდი რისკი, მომხდარიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. 
"ჩამონათვალში არის ნიცა. პრეზიდენტი იქ იყო იმიტომ, რომ მონაწილეობა მიეღო ცერემონიაში, სადაც ბათუმი დააჯილდოეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი განვითარების კურორტი. სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ იმის ნაცვლად, ირაკლი ალასანიამ იზრუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, რაც პირდაპირი მოვალეობაა, ის არის აყოლილი პირად წყენებს და ახორციელებს სხვადასხვა ნაბიჯებს", - განაცხადა დეპუტატმა.
ირმა ნადირაშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შეძენას იმ ფონზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოისმინეს განცხადებები, რომ არ არსებობს თანხა, რათა ჯარი გამოიკვებოს. 
"ჩვენთვის სამარცხვინოა ის ფაქტი, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის გულწრფელი აღიარება, როდესაც მის სახლთან პირამოკერილ ადამიანებს შეხვდა, რომ მას არ შეუძლია მათი დახმარება, რადგან მათ რომ დაეხმაროს, კიდევ ათასი ადამიანი მიადგება", - განაცხადა ნადირაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტყუილი" უწოდა ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 
მოგვიანებით ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი გააკეთა ალასანიას მრჩეველმა ვაკო ავალიანმა. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. აქ საქმე ეხება 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა გეგმავდა ძვირადღირებული ვერტმფრენების შეძენას და ეს შესყიდვა ხორციელდებოდა კრედიტში. საქმე ეხება მრავალმილიონიან კონტრაქტს. უახლოეს მომავალში, როდესაც მოიხსნება გრიფი "საიდუმლო" და მოხდება დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რაში იყენებდნენ მათ საბიუჯეტო თანხებს ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერები" - განაცხადა მან.
 ნადირაშვილის განცხადების კომენტირებისას მან ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყუილში ამხილა. ავალიანის თქმით, ირმა ნადირაშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა მეორე ბორტს და ამ თვითმფრინავით დაფრინავდა ნიცაში, მიუნხენში, ვარშავაში, ლას პალმასში და ასე შემდეგ. "ეს არის, რასაც აცხადებდა თავდაცვის უწყება და რასაც უარყოფდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია" - თქვა ავალიანმა.

კომენტარები