სერბეთი

სერბეთის ახალი მთავრობა

ნოემბრის ბოლოს 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც სერბეთში ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ბევრი თვლიდა, რომ გახშირდებოდა ნაციონალისტური რიტორიკა. ახალი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი 2008 წლამდე ექსტრემისტული ნაციონალისტური პარტიის წევრი იყო, ხოლო ახალ პრემიერ ივიცა დაშიჩს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დროს მისი პრესსპიკერის თანამდებობა ეკავა. ამასთან ერთად, სერბეთის სწრაფვა ევროკავშირისაკენ ეჭვის ქვეშ დადგა.

სერბეთის ახალი კოალიციური მთავრობა შედგება ტომისლავ ნიკოლიჩის ნაციონალისტური სერბეთის პროგრესული პარტიისა და დაშიჩის სოციალისტური პარტიისგან (ეს უკანასკნელი სლობოდან მილოშევიჩის პარტიას წარმოადგენდა). კოალიციამ ჩაანაცვლა ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტია, რომელიც 2008 წლიდან მართავდა ქვეყანას.

არჩევის შემდეგ, ნიკოლიჩმა, რომელიც ანტიევროპული პოლიტიკის გამტარებლად მოიაზრებოდა, არ გაამართლა მოლოდინები და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი. მან საპრეზიდენტო კარიერა რამდენიმე არაადეკვატური ინტერვიუთი დაიწყო, თუმცა არჩევნების შემდეგ მისი დამოკიდებულება უმცირესობების, საგარეო პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი შეიცვალა. უკანასკნელ პერიოდში, ბელგრადი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბრიუსელს. როგორც ევროკავშირის და სერბეთის 16 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ევროპას სურს სერბეთმა გააგრძელოს პროგრესირება, განსაკუთრებით კოსოვოსთან ურთიერთობების კუთხით და ის მოახერხებს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ იმსახურებს წევრობას.

ახალი მთავრობა ევროკავშირისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ანტიკორუფციულ კამპანიას, რომელსაც ალექსანდერ ვუჩიჩი უდგას სათავეში. კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ქვეყნის მთავარი მილიარდერის მიროსლავ მისკოვიჩის და მისი შვილის დაკავება მოჰყვა. მათ ბრალად გზების სამშენებლო და შემკეთებელი კომპანიების პრივატიზაციის დროს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა ედებათ.

არ შეცვლილა ბელგრადის დამოკიდებულება მოსკოვისადმი. "ერთადერთი, რაც რუსეთზე მეტად მიყვარს, არის სერბეთი", - განაცხადა ნიკოლიჩმა კრემლში ვიზიტისას. რუსეთმა 2012 წელს 300 მილიონი ასესხა სერბეთს, ხოლო 2013-ში 700-მილიარდიან დახმარებას ჰპირდება. გარდა ამისა, რუსეთს სერბეთის გავლით, იტალიისა და ავსტრიისთვის სამხრეთის ნაკადით გაზის მიწოდება სურს და გაზსადენის მშენებლობა, გაზპრომის განცხადებით, დეკემბერში დაიწყება.

შედარებით ლიბერალური პოზიცია აირჩია ნიკოლიჩის მთავრობამ კოსოვოს მიმართაც, მისი წინამორბედის ბორის ტადიჩისგან განსხვავებით. როგორც The Economist წერს, მას შემდეგ რაც 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სერბმა ლიდერებმა აღთქმა დადეს, რომ მას არასდროს აღიარებენ. აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, ახალი მთავრობა ცდილობს ყურადღება კოსოვოს სერბი უმცირესობის დაცვაზე გადაიტანოს, ვიდრე კოსოვოს დაბრუნების მოწოდებებით გამოვიდეს.

ახალი ხელისუფლების პირობებში პირველად შედგა კოსოვოსა და სერბებს შორის მაღალი დონის შეხვედრები. აქამდე სერბეთი უარს აცხადებდა ნებისმიერი სახის ღონისძიებაში მონაწილეობაზე, სადაც კოსოვო იყო წარმოდგენილი. როგორც ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, დისკუსია პრიშტინასა და ბელგრადს შორის არის "ღია და პირდაპირი". 2011 წლის მარტიდან ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს დიალოგი კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები პოლიტიკურ საკითხებზეც დაიწყო და 10 დეკემბერს სასაზღვრო პუნქტებზე საგზაო მოძრაობა აღდგა.

ევროკავშირის მსგავსად, ბელგრადის ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესდა და ქვეყანა ამ წლის შემოდგომაზე გაკოტრების წინაშე დადგა. როგორც საბაზრო კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი სასა დიოგოვიჩი განმარტავს, იმის მიუხედავად, რომ ახალმა მთავრობამ "საბერძნეთის სცენარი" თავიდან აიცილა, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. სერბეთის ეკონომიკა საერთაშორისო დახმარებებით იკვებება, რომლის ერთ-ერთი მთავარი დონორი კრემლია. თუმცა, დამაიმედებელია ფინანსთა სამინისტროს განცხადებები, რომლის მიხედვითაც 2013 წლისათვის საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდება, ექსპორტი 25%-ით გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტით მოიმატებს. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა ამ დასახული მიზნების მიღწევას.

ქვეყანაში უმუშევრობის დონე 23%-მდე გაიზარდა (2008 წელს 14%-დან). სერბეთის საგარეო ვალი 22 მილიარდ ევროს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კარი გაუღო უცხოურ ინვესტიციებს, ეკონომიკური ზრდა მცირეა. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 1.6 პროცენტით გაიზარდა. სერბეთი მზადაა, მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყოს IMF-თან, თუმცა ეს უკანასკნელი პირველ რიგში ბელგრადის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.

 

 

 

კომენტარები