ჩოხა

ჩოხა ყველასათვის

„ქართველები ჩაიდნები არიან“, ამბობს კაცი, რომელსაც უნდა, სამშობლო მუდამ ჩაიდნებით იყოს დასახლებული.

„ქართველები არიან ჩაიდნები“, იმეორებს კაცი, რომელსაც ესმის, რომ საყოველთაო სიჩაიდნე ქვეყნისთვის პრობლემაა.

ქართველიც იჭირვებს და ბოლს უშვებს.

არ ვარგა.

ილიამ კი დაწერა „ბედნიერი ერი“ და დარჩა ილიად. ალბათ არ უნდოდა, მაგრამ წმინდანიც გახდა.

საკითხავია, „ბედნიერი ერის“ ტრადიციაში მოღვაწეთა უმრავლესობა რას აღწევს, გარდა იმისა, რომ საჭიროზე მეტად მარგინალი ხდება.

საზოგადოებრივ სატირას აქვს თავისი ადგილი. ზოგს კარგადაც გამოსდის. მაგრამ ერთია კონკრეტული ადამიანების ან მანკიერებების კრიტიკა, მეორეა მთელი ერისთვის გამუდმებით ათასგვარი უარყოფითი თვისების „მიკერება“, თუნდაც კეთილი სურვილებით.

ილიას ჰქონდა მასშტაბი, რომ „თქვე ცუღლუტებო, უსაქმურებო და უცოდინრებოს“ წამოძახება გამოსვლოდა და „გასვლოდა“. ოღონდ ილიას შემთხვევაშიც არ ვიცით, შედეგად რამდენი გაბეჯითდა, რამდენმა უბრალოდ დაიკიდა და რამდენს სულაც მოეწონა საკუთარი, უკვე ეროვნულის რანგში აყვანილი უვარგისობა.

ფაქტია, რომ ათწლეულების შემდეგ ეროვნული ფორმულა – „ნიჭიერი მაგრამ ზარმაციც“ – წარმოიშვა. ის ყველას შეგვიძლია, ამაყად მოვირგოთ, რამეთუ გვასწავლიან, რომ ქართველი ნიჭიერია და იმასაც გვასწავლიან, რომ ზარმაცია. სხვა რა შეიძლება იყოს უფრო კომფორტული.

რთულია დაძლიო ცდუნება და ცხელ გულზე არ გაიხსენო, რომ ერი რაღაც ნიშნით უვარგისია. რამე პარამეტრი ყველა სიტუაციას მოერგება. ვიღაცა აგვიანებს – „ქართველები არაპუნქტუალურები ვართ“. შავკანიანს უბღვერს – „ქართველები რასისტები“. გზაზე ნაგავია – „მაგარი უკულტურო ხალხი ვართ“. მერე მივაღწევთ ინტერნეტამდე, „დავასტატუსებთ“ და მოგვეშვება. ან არ მოგვეშვება. მეორე დღეს კი გზაზე რატომღაც ისევ ეგდება ნაგავი. საოცარია, მაგრამ ნაგვის დამგდებმა „უკულტურომ“ არ შეგვისმინა და თავხედურად გააგრძელა უკულტურობა. სამაგიეროდ, ახალი სტატუსიც ჩაისახება.

თან ყოველთვის მოიძებნებიან „შენიანები“, რომლებმაც შენსავით ნახეს ნაგავი ქუჩაში და იფიქრეს, რომ „მაინც უკულტურო ერია“. ანუ ყოველთვის შეძლებ იგრძნო, რომ შენი ღრმა აზრი დაფასებულია და ტყუილად არ გიფიქრია. ოღონდ შედეგად რა?

თუ მუდმივად ემიჯნები საზოგადოებას, ცხადია, ისიც გაგემიჯნება. „ქართველი არის ხეპრე, მე ვარ დახვეწილი“ – არ არის ის მესიჯი, რომლითაც საზოგადოებას შენს ფასეულობებთან დააახლოებ. კარგია, როდესაც ადამიანებს უხსნიან, რა არის ცუდი და რატომ. რას კარგავენ რასისტობით ან გარემოს დაბინძურებით. მაგრამ ფორმულები, რომლებიც აზოგადებს პრობლემებს მთელ ერზე, მხოლოდ საპირისპირო მიზანს ემსახურება. მით უმეტეს, რომ ბევრს ერის ნებისმიერი თვისება დროში ურყევად წარმოუდგენია. რაც თავიდან უწყინარი კრიტიკა იყო, დროთა განმავლობაში შეიძლება ეროვნულ კომპლექსში, შემდეგ კი კომპლექსით ტკბობაში გადაიზარდოს.

ბევრს გვაღიზიანებს ქართველობის საეჭვო ღირებულებებთან გაიგივება. გვაღიზიანებს, როდესაც ამაყობენ ნაღდი ქართველის თამადურ-საბჭოთა იმიჯით – უინტერესო, უპრინციპო, „მოჩალიჩე“, ერთფეროვან ღრეობებს შემკვდარი კაცის იდეალით.

მაგრამ როგორ მივაღწევთ სხვანაირი, პოზიტიური „ეროვნული იდეალის“ გაჩენას, თუ ყველა ამ სტერეოტიპს ვეთანხმებით?

თუ გვსურს ადამიანები დავარწმუნოთ, რომ რაღაც საკითხში ცდებიან, მათი შეცდომების „გაეროვნულებას“ უნდა შევეშვათ. გქონდეს მკაფიო იდეები და ფასეულობები, ნიშნავს გჯეროდეს, რომ უმრავლესობა ამ იდეებს „სადღაც გულის სიღრმეში“ იზიარებს, უბრალოდ, სწორად ინფორმირება სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, საერთოდ რისთვის ვერთვებით საზოგადოებრივ დისკურსში, გარდა იმ უმცირესობის „ლაიქებისა“, რომელიც ისედაც გვეთანხმება. უმრავლესობას რომ ლანძღავ, შეიძლება იცოდე, რომ ქვეყნისთვის კარგი გინდა, მაგრამ ლანძღვის ობიექტი ამას ვერ გაიგებს.

თან ამ განზოგადება-განზოგადებაში სხვა შეცდომებიც იპარება. მაგალითად, ზოგიერთ „პროგრესულ“ ახალგაზრდას უჩნდება შიში ტრადიციული ესთეტიკის მიმართ; ჩნდება ჩოხიანი კაცის აღქმა ველურად, ზოგჯერ გენიალური ფოლკლორის უარყოფაც. შედეგად, ეროვნული სიმბოლიკა თითქმის მონოპოლიზდება იმ ხალხის მიერ, რომელსაც ჩაიდნობა მთელი არსებით ეამაყება და სხვანაირად არ ძალუძს.

არადა, გვერდიდან რომ შევხედოთ, იაპონელი კიმონოში სულაც არ დაგძაბავს. პირიქით, საინტერესოა. თან შეიძლება კიმონოიანი კაცი მაღალ ტექნოლოგიებშიც ერკვეოდეს და უცხოელებთანაც მეგობრობდეს.

მაშ, რა ვქნათ? საკუთარი ფასეულობების ხარჯზე „გახალხოსნების“ გულისამრევი მცდელობა ბევრი გვინახავს. რაც გვჭირდება, ღირსეულად, საკუთარი პრინციპების დაუთმობლად თანაარსებობის სწავლაა. უბრალოდ, უნდა ვიყოთ გულწრფელები და სანამ მორიგი გაზვიადების ან განზოგადების ცდუნებას დავნებდებით, ათამდე დავითვალოთ.

პრინციპების არდათმობა იმასაც ნიშნავს, რომ ზოგი ტრადიციის კრიტიკას ვერ გაექცევი. მაგრამ, რაც უფრო დარწმუნებით იცის ადამიანმა, რომ „ყოველივე ქართული“ არ გძულს, მით უფრო ადვილად დაგეთანხმება კრიტიკულ აზრში. ამას კი გამოხატვა სჭირდება – რომ გესმის, „ამუღამებ“ კულტურას. თორემ ბევრი იჯერებს, რომ როდესაც სოსო ჯაჭვლიანის წინაპრები ნაღდ-ქართველობდნენ, დანარჩენებს მარსზე გვამზადებდნენ ლაბორატორიებში.

არადა, მიზანია ამ მშვენიერ კულტურას დავეხმაროთ, რომ გახდეს წარმატებული თანამედროვე მსოფლიოში, რაც ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზებით ძალიან უჭირს. ამის მაგივრად, ხშირად ვეხმარებით უპრინციპო ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სარგებლისთვის ცდილობენ დაარწმუნონ დანარჩენი საზოგადოება, რომ „ქართველობას ვართმევთ“. „ქართველობის წამრთმევებთან“ ბრძოლა ხომ ერთადერთია, რითაც სტატუსის შენარჩუნება შეუძლიათ, და იქნებ რომელიმე მეცენატის მოწყალებასაც გამოჰკრან ხელი. ჰოდა, ამათ ჯინაზე მაინც ნუ დავემსგავსებით მასწავლებლებს, რომლებიც „ბატებოს“ და „გაუზრდელებოს“ ყვირილით ცდილობენ საქმის გაკეთებას.

 

კომენტარები