არქიტექტურა

ჯილდო საინჟინრო გადაწყვეტას

შეუძლებელია თბილისის გარეუბანში დავით აღმაშენებლის ხეივანში გაიარო და ყურადღება არ მიაქციო ქართული სინამდვილისთვის უცხოდ თანამედროვე, დახვეწილ, ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებულ ნაგებობას: ეს საქართველოს პროკურატურის ახალი სათავო ოფისია. შავი მასიური კუბი ნახევრადგამჭვირვალე სარკეების  შედარებით მცირე ზომის სეგმენტებთანაა გათამაშებული. ერთი მხრივ, სოლიდური მყარი ჩარჩო, ავტორების აზრით, კონცეპტუალურ დონეზე კანონის უზენაესობას, სიმტკიცეს გამოხატავს, მრავალკუთხა კუბის გამჭვირვალე შიდა ფრაგმენტები კი კანონმდებლობის, როგორც ჰარმონიული ცხოვრების აუცილებელ ელემენტს აღწერს.

ავტორების აზრით, შენობა ტვინის, აზროვნების მეტაფორაა სხვადასხვა შრეებით, ცენტრით და ფუნქციებით. ფილოსოფიური ნაწილის მიღმა შენობა უბრალოდ ლამაზი, კარგი და ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია. ნაგებობა, როგორც გარეთა

ფასადზე, ასევე შიგნით, სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს, მის სახურავზე ბაღია მოწყობილი. პროკურატურის შენობა ერთ მთლიან, მკაფიო, მაგრამ ჰაეროვან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის, რომლის ერთი მხარე დავით აღმაშენებლის ხეივანს გადაჰყურებს, უკან კი ავტომანქანების სადგომია.

პროკურატურის შენობა ქართულმა არქიტექტურულმა ბიურომ Architects of Invention დააპროექტა და ააშენა. პროეტზე მუშაობდნენ: ნიკა ჯაფარიძე, გოგიკო საყვარელიძე, ივანე ქსნელაშვილი, დათო ცანავა, ეკა კანკავა, ველიანა გულიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ელისო სულაკაური, დავით დოლიძე, სოსო ელიავა, ეკა რეხვიაშვილი და დევი ქიტუაშვილი.

შენობა სწორი მენეჯმენტისა და დაგეგმარების შედეგად სულ რაღაც 8 თვეში აშენდა და 5 მილიონი დოლარი დაჯდა. მშენებლობისას გამოყენებული იყო ადგილობრივი მეტალის მასალები. ნაგებობა მთლიანად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს, როგორც კრეატიული, ასევე ტექნიკური კუთხით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ არქიტექტურულ წრეებში ცნობილმა ბრიტანულმა კონსტრუირების ინსტიტუტმა, The Institution of Structural Engineers, პროკურატურის სათავო ოფისის შენობის საინჟინრო გადაწყვეტას პრესტიჟული ჯილდო გადასცა საუკეთესო სტრუქტურული გადაწყვეტისთვის.

პროკურატურის სათავო ოფისი უდავოდ დაიკავებს ღირსეულ ადგილს ქალაქის განახლებად ლანდშაფტში, როგორც ახალი ღირსშესანიშნაობა.

კომენტარები