სამორი ბალდეს სადებიუტო ალბომი

21 დეკემბრიდან “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებულის - სამორი ბალდე  სადებიუტო ალბომი გამოვა. ”ბრავო რექორდსში” ჩაწერილი ალბომი სამორი ბალდეს და გროტასკის ერთობლივი ნამუშევარია.

“ბრავო რექორდსმა” ჰიპ-ჰოპ ალბომზე  მუშაობა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად განახორციელა. ალბომში შესულია 10  მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და გროტასკი ერთობლივად  ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თავადვე არიან.   ჯგუფი მუშაობისას იყენებს იმ  ტექნოლოგიებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებდნენ  ჰიპ-ჰოპის ე.წ. ”ოქროს ხანაში”  (1980-90წწ).  სწორედ ჯგუფის სახელწოდებაც აქედან მოდის (”ძველი რესურსი”) . DJ გროტასკი ერთადერთი სკრეჩ DJ-ია საქართველოში. იგი არ იყენებს თანამედროვე ციფრულ ეფექტებს და იგივე ეფექტების მიღებას ვინილის ფირფიტებზე არსებული ხმის მეშვეობით ახერხებს. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს - სიმღერების ტექსტებს, მათი შინაარსი ასახავს ახალგაზრდების პრობლემებს, მათ შინაგან სამყაროს, საზოგადოებაში საკუთარი მსოფლმხედველობის დამკვიდრებას, ხშირად გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობის მიმართ და ამიტომ სიმღერების ტექსტების დატვირთვა, მათი ფილოსოფია და მნიშვნელობა ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში უმთავრესია და თანამედროვე ახალგაზრდული ქართული პოეზიის ერთგვარ  გამოვლინებას წარმოადგენს.

CD ალბომი ”ბრავო რექორდს”-ის სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით  21 დეკემბრიდან გაიყიდება. 

კომენტარები