მუსიკა

ალბომები

0 კომენტარი

Daphni – Jiaolong

რამდენიმე სასცენო სახელით ცნობილი Dan Snaith (Caribou, Manitoba, Daphni) კანადელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე მუსიკის მოყვარულთა წრეში პოპულარობით სარგებლობს. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა ფსევდონიმით ერთმანეთისგან განსხვავებულ, წარმატებულ ალბომებს ქმნიდა და არც მუსიკალური პრესის მხრიდან აკლდა დამსახურებული ყურადღება.

ოქტომბერში, ფსევდონიმით Daphni, მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი, რომელიც 2012 წლის საუკეთესოთა სიაში ადგილს აუცილებლად დაიკავებს. Jiaolong-ის ესთეტიკა ტრადიციული House სცენის ყველა სტანდარტს უსიტყვოდ აკმაყოფილებს და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილად ღირებულ ნამუშევარს წარმოადგენს.

განსაკუთრებული ტრეკებია: Yes I Know, Light, Ahora.

 

James Ferraro – Sushi

James Ferraro-ს მრავალმხრივი შემოქმედება ჩვენი დროის ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. თავის დროზე ამერიკული ანდერგრაუნდისთვის უმნიშვნელოვანესი The Skaters-იდან მოყოლებული, მრავალ ფსევდონიმს ამოფარებული ფერარო უხვად ჩუქნის მუსიკას ამ ჟანრის დამფასებელი მელომანების არცთუ მრავალრიცხოვან საზოგადოებას.

თუ წინა ალბომში მისი ინსპირაცია ე.წ. სამომხმარებლო საზოგადოებისთვის განუყოფელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აქსესუარები გახლდათ, Sushi-ს შემთხვევაში, მისი ალტერნატიული ფსევდონიმებით (Bebetune$, BODYGUARD) გამოცემულ მუსიკასთან მსგავსება, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, მეტია. ეს არის ბასზე ორიენტირებული, რითმული ტრეკები, რომლებიც ფერაროს სახელით გამოსულ ალბომებთან შედარებით უფრო საკლუბო ატმოსფეროს ქმნის და ნაკლებად ტოვებს შთაბეჭდილებას ავტორის ექსპერიმენტული მისწრაფებების შესახებ. თუმცა ეს გარემოება თავად ალბომს არაფერს აკლებს – Sushi წლის საუკეთესო ჩანაწერთა სიაში ყოფნის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

 

Crystal Castles – III

ელექტრონული მუსიკის ქართველი მოყვარულისთვის Crystal Castles უცხო სახელი ნამდვილად არ გახლავთ. ეს კანადური დუეტი, რომელსაც Alice Glass და მისი მეგობარი ბიჭი წარმოადგენენ, 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ, სწორედ ახლახან, რიგით მესამე ალბომი გამოსცა.

ალბომში თორმეტი ტრეკია (მათ შორის, რამდენიმე ძლიერი) და გლასის ვოკალის ფონზე, ნამუშევარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საერთო სტილს არ ღალატობს. თუმცა აშკარად შეიმჩნევა მათთვის დამახასიათებელი, აგრესიული 8-ბიტიანი „ჩართვების” არარსებობა. საერთო ატმოსფერო მეტად მელოდიური და საგრძნობლად დამცხრალია, რაც მესამე ალბომს სასიამოვნოდ მოსასმენ დისკად აქცევს, თუმცა ეს ფაქტორი, ფანების გარკვეული ნაწილისთვის, სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არ აღმოჩნდება.

 

Lee Gamble – Dutch Tvashar Plumes

Lee Gamble თანამედროვე ინგლისელი ექსპერიმენტატორია, რომელიც წლების განმავლობაში Cyrk Collective-ში მოღვაწეობდა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც უილიამ ბენეტი და რასელ ჰასველი არიან. 2012 წლის ნოემბერში მან გამოუშვა მორიგი ალბომი, რომელსაც Dutch Tvashar Plumes ეწოდება და წინამორბედი ნამუშევრებისგან, შეიძლება ითქვას, მკვეთრად განსხვავდება. ეს ექსპერიმენტული მუსიკის ყველა მოყვარულისთვის რეკომენდებული ნამუშევარია.

თუ დღევანდელ დღემდე ის მხოლოდ აკადემიური ინსტრუმენტებით და აუდიოკასეტის რეკორდერით ქმნიდა მუსიკას, DTP-ის შემთხვევაში მთლიანად ციფრულ სახეს იღებს. მელომანების დიდმა ნაწილმა მას უკვე უწოდა „Jungle Deconstructed” და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, ვინაიდან გემბლი იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის მუსიკალური გემოვნებაც ლონდონურ სცენაზე „ჯანგლის” დომინაციის პერიოდში ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი ინსპირაციის წყარო გახლდათ.

 

Brian Eno – Lux

მუსიკის ყველა მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი Brian Eno, რომელიც ბოლო ხანებია Apple-ის პროდუქტების საუნდზე მუშაობაში ზედმეტად გაერთო, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ პირველ სოლოალბომს უშვებს, რომელიც მისი გვიანი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ნამუშევრად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ალბომი ოთხი კომპოზიციისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობაც კლასიკურ, ემბიენთურ ჩარჩოში ჯდება. მუსიკის ძირითადი ნაწილი კლავიშზე და სიმებიან ინსტრუმენტებზეა გაწყობილი, ატმოსფერო თავიდან ბოლომდე ნათელი და ჰაეროვანია. როგორც ჩანს, ინოს უპრეტენზიო ალბომის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული და ასეც გამოვიდა. Lux-ი ოქტომბერ-ნოემბრის ამინდებისთვის ზედგამოჭრილი საუნდტრეკია და მისი მშვიდი ატმოსფეროდან გამომდინარე, ფონის მუსიკადაც მშვენივრად გამოდგება.

 

Tame Impala – Lonerism

Tame Impala იმ ჯგუფების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ინსპირაციას წარსულიდან იღებენ და თამამად შეგვიძლია, რეტრომანიის ტალღის კლასიკურ წარმომადგენლებად ჩავთვალოთ.

მათი პირველი ალბომი, რომელიც სამოციანი წლების სულით იყო გაჟღენთილი, ახალგაზრდებთან ერთად, ბევრი უფროსი ასაკის მელომანის საყვარელი ჩანაწერიც გახდა. რიგით მეორე Lonerism-ი ტრადიციას არ ღალატობს, თუმცა ჟღერადობა უფრო დამძიმებულია და ატმოსფერო მეტად ფსიქოდელიური. კომპოზიციურად ალბომი ბრწყინვალედ არის გამართული და ფსიქოდელიური როკის ნებისმიერი მოყვარულისთვის ნამდვილი საჩუქარია.

განსაკუთრებული კომპოზიციებია: Elephant, Apocalypse Dreams, Why Won’t They Talk To Me.

 

Pangaea – Release

Kevin McAuley, ცნობილი, როგორც Pangaea, ინგლისური ელექტრონული სცენის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის, Hessle Audio-ს თანადამფუძნებელი და ადგილობრივი დაბსტეპის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. Release მისი აქამდე გამოცემული 12-დუიმიანი სინგლების ერთგვარი ნაკრებია, რომელიც მან EP-ის სახით გამოსცა.

აღნიშნული ჩანაწერის მოსმენისას, ჟანრში საკმარისი განათლების მქონე მსმენელი აუცილებლად აღმოაჩენს, რომ Release ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ისტორიის ერთგვარი საუნდ-სახელმძღვანელოა. აქ ვხვდებით ინგლისის და კონკრეტულად ლონდონის ელექტრონული სცენის განვითარების ყველა ძირითადი ეტაპის მიმოხილვას, იქნება ეს ადგილობრივი ჰარდკორ საუნდი, Jungle, UK Garage, თანამედროვე ტექნო თუ 90-იანების მეორე ნახევარში აღმოცენებული, კლასიკური 2Step-ი. ამ დისკის ერთადერთი ნაკლს მისი კონტენტის სიმცირე წარმოადგენს. ალბომში მხოლოდ რვა ტრეკია და ეს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას იწვევს. სხვა მხრივ კი, ყველა ამოცანა უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები