რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პუტინი: გივი თარგამაძე დამნაშავეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე რუსეთში ტერაქტების დაგეგმვასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობებში დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსული სააგენტო РИА Новости იუწყება.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა და შესაძლოა ახლაც ცდილობს წააქეზოს რუსეთის მოქალაქეები მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს ტერაქტების ჩადენასა და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობაში. ვფიქრობ, ყველაფერი დამაჯერებლად იყო ნაჩვენები ვიდეოჩანაწერებზე... ამას წყალი არ გაუვა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თარგამაძე რუსეთის მოქალაქეებს დანაშაულის ჩადენის ინსტრუქციებს აძლევდა. „ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, მისი დაცვა საჭირო არაა“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს აუცილებლად უნდა შეესწავლა გამოვლენილი ფაქტი, იმის მიუხედავად, ხუმრობით იყო თუ არა ნახსენები ტერაქტისთვის მზადება.

გასულ კვირაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გააჩნია უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ გივი თარგამაძე არა მხოლოდ აფინანსებდა რუსულ ოპოზიციას, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობდა არეულობას მოსკოვში 6 მაისის აქციაზე. რუსული მხარე აპირებს უახლოეს მომავალში საქართველოს მიმართოს საქმის გამოძიებაში დახმარების თხოვნით.

ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც, თითქოს, რუსეთის მემარცხენე ფრონტის ლიდერებთან გივი თარგამაძის საუბარი არის ჩაწერილი, ეთერში ტელეკომპანია НТВ-მ გაუშვა. ამ საქმეზე დაკავებულნი არიან ოპოზიციის აქტივისტები ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინ ლებედევი, საქმე არის აღძრული მემარცხენე ფრონტის ლიდერ სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ. უდალცოვი და სხვა აქტივისტები თარგამაძესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

 

კომენტარები