საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილის უარი უმცირესობას

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილს სპეციალური ნებართვის გარეშე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მონახულებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს გააჩნია უფლებამოსილება, ნება დართოს თავის კოლეგას, საპატიმრო დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს და პატიმარი მოინახულოს. თუმცა, როგორც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ამ უფლებას ის იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ არსებობს დასაბუთებული მოტივაცია, რომ ირღვევა პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლება და მის მიმართ ადგილი აქვს არასათანადო ქმედებას.

სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას არ აპირებს. უსუფაშვილის განცხადებით, მას ანალოგიური თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს უმრავლესობის წევრებმა გოგი ლიპარტელიანმა, ელისო ჩაფიძემ და ანი მიროტაძემ, რომელთაც სურდათ, რომ პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირები მოენახულებინათ, თუმცა, ანალოგიური მოტივაციით მათაც უარი ეთქვათ.

 

კომენტარები