ვიზიტი

ელმარ ბროკი: გვსურს თანამშრომლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს გაესაუბრა. 

როგორც ელმარ ბროკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტს სურს თანამშრომლობა საქართველოს ახალ მთავრობასთან, ისევე როგორც ამას ძველი მთავრობის დროს აკეთებდა. 

მისივე თქმით, ''მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას''.

"გვსურს თანამშრომლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. გვინდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ასოციაციის ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ევროპის პარლამენტი ამ ხელშეკრულებებს დაამტკიცებს. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა; იმედი გვაქვს, ასევე განხორციელდება კოჰაბიტაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას", - განაცხადა ელმარ ბროკმა. 

ელმარ ბროკმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიის განმტკიცებას. 

"ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისას ევროკავშირსაც ჰქონდა პრობლემები, რომელიც წარმატებით დაძლია. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ არის მომავლის ძალა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის ნაწილს, გვსურს, გვქონდეს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან", - აღნიშნა ელმარ ბროკმა.

ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ესტუმრნენ.

 

კომენტარები