პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობა იმპიჩმენტს ვერ გაიგებს

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, პარლამენტმა, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

ტელეკომპანია НТВ-ს კითხვაზე, რატომ ეგუება აქამდე პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „პირველ ეტაპზე ჰქონდა რეაქცია“ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხუთწლიანი ვადა 20 იანვარს იწურება. თუმცა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, იგი თანამდებობაზე ოქტომბრამდე რჩება, რაც პრემიერს უსამართლობად მიაჩნია.

თუმცა, ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდი არ აპირებს „პრეზიდენტის ვადის შემცირებას“ იმპიჩმენტის გზით. „ძალიან უჭირს გაგება საერთაშორისო თანამეგობრობას, მე პირადად პოლიტიკური ნიშნით ამას აღარ ვითხოვ და ჩემი გუნდიც გაგებით ეკიდება, რომ ქვეყანას იმიჯი შევუნარჩუნოთ. ძალიან გაგვიჭირდება ეს ავუხსნათ საერთაშორისო თანამეგობრობას“, - განაცხადა პრემიერმა.

„დღეს ძველი კონსტიტუციით მოქმედებს პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით დანარჩენი მთავრობა“, - განაცხადა ივანიშვილმა. ამიტომ, მისი განცხადებით, იგი არ გამორიცხავს, რომ შეიცვალოს არა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, „არამედ ის, რომ ახალ კონსტიტუციას მოერგოს პრეზიდენტი“. შესაბამისად, ვადაზე ადრე ამოქმედდეს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. მოქმედი კონსტიტუციით, ეს დებულებები ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები