თბილისის მერია

უგულავა: ვაუჩერით თბილისელები 2,5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე მთავრობის ინიციატივით

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე ''თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული''.

მერის განმარტებით, თითოეული თბილისელი აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება.

"საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 ათას ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან",- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, თბილისში მცხოვრებ იმ 40 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე ასევე 100 ლარი დაერიცხებათ. გარდა ამისა, პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ.

კომუნალური ვაუჩერი ასევე ითვალისწინებს  ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებას და 8 ლარის და 40 თეთრის გადახდას დასუფთავების გადასახადზე.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბი 3,5 თეთ­რით შემ­ცირ­და. კომ­პა­ნია ინ­ტერ-რა­ოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, კომ­პა­ნია თე­ლას­სა და ენერ­გო-პროს­თან დრო­ე­ბი­თი მე­მო­რან­დუ­მე­ბი გა­ფორ­მდა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მე­მო­რან­დუ­მე­ბი გარ­და­მა­ვა­ლია და ით­ვა­ლის­წი­ნებს ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე სამ­თვი­ა­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბის 3.5 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბას იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 0-დან 300 კვტ ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ.

კომენტარები