მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა ციხის ინციდენტთან იკვეთება

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 

როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განმარტა, ''ადეიშვილის ბრალეულობა ციხის ინციდენტთან იკვეთება'' და დადგენილება ''დღეს თუ არა ხვალ'' სასამართლოს წარედგინება. 

კბილაშვილის თქმით, ციხის სკანდალთან დაკავშირებით ''გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა დეტალი გულდასმით მოწმდება''. მისივე თქმით, საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარდა გავრცელებული ვიდეომასალების ექსპერტიზა. 

"მე როგორც ვიცი, ვიდეომასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის, იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, მონტაჟის კვალი არ ჩანს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა. 

რაც შეეხება ყოფილ შს მინისტრს, კბილაშვილის განმარტებით, ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში "ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმ ბრალეულობაზე, რასთან დაკავშირებითაც ის დაკავებულია". 

დღესვე კბილაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიებით მთავარ პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მიმართა, მისი განმარტებით "საქმე ეხება იმ მინისტრს, რომლის მიმართაც უწყებას ბრალდება წარდგენილი არ აქვს". 

"ერთ-ერთი მინისტრის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მომართა. წერილში საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის პოზიციას ახმაურებს და აცხადებს, რომ კონკრეტულმა მინისტრმა მისი მოქალაქე აიძულა ტოიოტას მარკის 10 ავტომანქანა შეეძინა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

კომენტარები