ბიზნესი

ფადი ასლი: ბიზნესი შეფერხდა

0 კომენტარი

„საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ინვესტორები დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არცერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და, ჩემი პროგნოზით, ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება”, – განაცხადა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ 27 ნოემბერს ბიზნესკურიერთან საუბარში. ტაბულა ფადი ასლის მთავრობის ცვლილებასა და ბიზნესგარემოზე ამ ცვლილების შესაძლო ზეგავლენაზე ესაუბრა.

ორი თვის წინ არჩევნები იყო და ახლა საქართველოს ახალი მმართველი პარტია ჰყავს. ჰქონდა თუ არა ამ ცვლილებას გავლენა საქართველოში ბიზნესგარემოზე?

არჩევნებამდე ორი თვით ადრე ყველა მოლოდინის რეჟიმზე გადავიდა. ძალიან ცოტა თუ აკეთებდა ინვესტიციას, ბიზნესმენები უბრალოდ აკვირდებოდნენ, ელოდებოდნენ არჩევნების პერიოდის გასვლას, ყველა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ სათავეში დარჩებოდა. ხალხი ღელავდა არჩევნებამდე, ამიტომ უკვე ივლისში და აგვისტო-სექტემბერში ეკონომიკის ზრდამ შენელება დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში არჩევნების შედეგები გამოცხადდა და სრულიად ახალი რეალობა გაჩნდა. ბიზნესის წარმომადგენლების თავდაპირველი რეაქცია იყო შიში. ვაჭრობის საერთაშორისო პალატამ ივანიშვილს მათთან შეხვედრა ურჩია. შეხვედრის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, ისინი ცოტა დამშვიდდნენ. ამის შემდეგ ორი თვე გავიდა და ჯერ მთავრობის ხედვა არ ვიცით რა არის, გაურკვევლობაა, ბიზნესმენებს კი ეს არ მოსწონთ, შესაბამისად, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, გააკეთონ თუ არა ინვესტიციები.

სიტუაცია ამ დროისთვის ასეთია: გაურკვევლობა, ხედვის არარსებობა, სიტუაციაზე დაკვირვება, მაგრამ არა ინვესტიციები. ბიზნესი შეფერხდა. ნაკლები გაყიდვებია, ნაკლები შესაძლებლობები, ბანკები ნაკლებ სესხს იძლევიან და ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საშუალებაც არ არის.

რა შეიძლება იყოს ასეთი შენელებისა და პესიმიზმის მიზეზი, ქვეყნის გამოუცდელობა ძალაუფლების ცვლილებაში თუ ახალი მთავრობის რომელიმე კონკრეტული ნაბიჯი?

ეს ბევრი დეტალის კომბინაციაა. პირველ რიგში, ხელისუფლებაში ახალი გუნდია და ხალხმა არ იცის, ეს ახალი გუნდი რას აპირებს. მეორე, როდესაც ხელისუფლებაში ახალი გუნდია, ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებითაა. 2004-შიც, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ხალხი ყურადღებით იყო, არ იცოდნენ ახალი მთავრობა რას მოიმოქმედებდა. მესამე, პრემიერსა და ბიზნესმენებს შორის კომუნიკაცია არ არის, სრული ინფორმაციული ვაკუუმია; სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ზოგიერთი გზავნილი, რომელიც პრემიერისგან ბიზნესმენებმა მიიღეს, საკმაოდ შემაშფოთებელია.

ამას ემატება თეორიული ალბათობა იმისა, რომ აპრილში პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი დაშალოს, და შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს. ამასთან ერთად, პრემიერმა რამდენჯერმე თქვა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე თანამდებობიდან წასვლას აპირებს. არც ეს არის პოზიტიური გზავნილი და არეულობის შესაძლებლობას აჩენს.

არ არსებობს ეკონომიკური ხედვა, საით მივდივართ. მუდმივად გვესმის, რომ იგეგმება შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ როცა უმუშევრობა პიკშია. როგორ მოელის მთავრობა, რომ ბიზნესი ადამიანებს დაასაქმებს, თუ შრომის კოდექსი საბჭოთა კავშირის კოდექსად გარდაიქმნება?

საუბარი კანონმდებლობის სტრუქტურულ ცვლილებებზე და შიში, რომ კომპანიები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ახლო მყოფებად აღიქმებიან, საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ, ბიზნესში სტაბილურობის და თავდაჯერებულობის შეგრძნებას არ აჩენს, განსაკუთრებით კი ბანკების შემთხვევაში.

რატომ შეანელეს ბანკებმა კრედიტის გაცემა? იმიტომ რომ ეშინიათ, რომ მათ კლიენტებს კარგი ბედი არ ელით. ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი 60-70 დიდი კომპანიის ხელშია, რომლებიც წინა ხელსუფლებასთან ახლო მყოფებად აღიქმებიან და მათ ძალიან დიდი კრედიტები აქვთ; რა თქმა უნდა, ბანკები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გასესხების პოლიტიკაში. ბანკები დაიცდიან, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მათ კლიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ და შეუძლიათ კრედიტების გაფართოება. აი, სწორედ ეს პრობლემები გვაქვს ამ მომენტისთვის.

კომუნიკაციის პრობლემა ახსენეთ, წინა ხელისუფლებასთან როგორი კომუნიკაცია გქონდათ?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ეგ განცხადება გავაკეთე რუსთავი 2-ის ეთერში, კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რამდენიმე მინისტრს, პარლამენტის წევრებს და თავმჯდომარესაც შევხვდით და ისინი ძალიან ღიად და პოზიტიურად გვესაუბრნენ ბიზნესზე. ერთადერთი პრობლემა, რაც ახლა გვაქვს პრემიერმინისტრთან, კომუნიკაციაა. გვგონია, რომ ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ ბიზნესმენები პირდაპირ პრემიერს ესაუბრონ. მათ ამ ადამიანის გარშემო კედელი შექმნეს და თავიანთ ინტერესებს იცავენ. ეს დიდხანს ვერ გასტანს იმიტომ, რომ პრემიერს სჭირდება ბიზნესები, ჩვენ ვმონაწილეობთ კანონებზე კონსულტაციებში, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მთავრობას და ქვეყნის პოპულარიზაციას უცხოელ ინვესტორებთან. ჩემი აზრით, მმართველ გუნდს ისედაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომ ბიზნესებთან მეგობრობაზე უარი თქვას.

წინა ხელისუფლების შემთხვევაში სხვაგვარი მენტალიტეტი იყო, წინა მთავრობა ძალიან აქტიურად ესაუბრებოდა ბიზნესს, ისმენდა მის პრობლემებს. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის არ აგვარებდნენ ბიზნესის პრობლემებს, მაგრამ მოსმენით უსმენდნენ. წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობაც ბიზნესისთვის ხელსაყრელი იყო. ამასთან ერთად, თუ ინვესტორი ჩამოდიოდა ქალაქში, 3-4 მინისტრი იყო მობილიზებული, რომ შეხვედრებს კარგად ჩაევლო და რომ ქვეყანაში ინვესტიცია ჩაედოთ. ასე რომ, ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ბიზნესებისა და ინვესტიციების მიმართ. ახალი მთავრობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვის უნდა შევახვედროთ ინვესტორები, არ ვიცით, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მინისტრების დონეზეა თუ პრემიერის. მათ არ იციან, ვისაც შეხვდებიან, არის თუ არა გადაწყვეტილების მიმღები. ისინი ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. ასე რომ, გაზაფხულამდე ეკონომიკა ნამდვილად შენელდება. ამის შემდეგ, ვნახოთ, რა იქნება.

ახალი ხელისუფლების რიტორიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა თურქეთი და თურქეთთან ვაჭრობის საკითხი. ამან იქაურ ინვესტორებზე რაიმე გავლენა იქონია?

თურქი ინვესტორების სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურებით იყვნენ დაინტერესებული, მოლოდინის რეჟიმში არიან, ისინი ქვეყანას არც ტოვებენ და არც ინვესტიციებს აკეთებენ, იმიტომ რომ ბევრი ახალი უცნობი საკითხი გაჩნდა. მაგალითად, საუბარია ტარიფების დაწევაზე, რაც ინვესტორების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს შეანელებს პროცესს, მაგრამ არ შეაჩერებს – თუ ამ მხრივ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ხოლო თუ ტარიფები შეიცვლება, შეიცვლება ინვესტორების განწყობაც.

შრომის კოდექსი ახსენეთ, ხელისუფლება დაქირავებულისთვის სოციალური გარანტიების შექმნას აპირებს. ეს რა გავლენას იქონიებს ბიზნესზე?

ჩემი აზრით, შრომის კოდექსის ცვლილება ძალიან ცუდ დროს ხდება. ისედაც შენელების პროცესში ვართ. არ მგონია, რომ ზოგადად შრომის კოდექსი ფუნდამენტურად არასწორი რამ იყოს. შესაძლოა, წინა ხელისუფლების მიდგომა პროფკავშირების მიმართ იყო მცდარი, მაგრამ, როგორც დავინახეთ, პროფკავშირები შეიძლება ძალიან საზიანო იყოს. მაგალითად, მათ 10 დღით ფოთის პორტის პარალიზება მოახდინეს, ბიზნესისთვის ეს ძალიან ცუდია. შრომის კოდექსში კოსმეტიკური ცვლილებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებები არ უნდა მოხდეს. ახალი პრობლემები არ გვჭირდება იმიტომ, რომ ეს უმუშევრობის გაზრდას გამოიწვევს. ისე, როგორც მოვლენები ახლა ვითარდება, უმუშევრობა ნამდვილად გაიზრდება და ეს ახალი ხელისუფლების ფილოსოფიის საწინააღმდეგოა, ისინი ამომრჩეველს უმუშევრობის შემცირებას ჰპირდებოდნენ. ასე რომ, მომავალ პერიოდზე ძალიან ვღელავ. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მეც ჩემი კოლეგების მსგავსად ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, შემდეგ ეს ოპტიმიზმი ყურადღებაში გადაიზარდა, ყურადღებიან ოპტიმიზმში და ახლა უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ვღელავ, რადგან სამოქმედო გეგმა არ ჩანს, ხედვა არ ჩანს, საით მივდივართ, არ ჩანს.

პრემიერმინისტრი აქტიურად საუბრობდა საინვესტიციო ფონდის შესახებ. ეს რა გავლენას იქონიებს ბიზნესზე, დაეხმარება განვითარებაში თუ პირიქით?

უპირველეს ყოვლისა, ამ ფონდის სტრუქტურა უნდა ვნახოთ. პრემიერი ორ ფონდზე საუბრობდა, ერთი სოფლის მეურნეობის და მეორე სხვა პროექტებისთვის. ამ ფონდის სხვადასხვა ხედვები გაჩნდა. ბრიუსელში ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ფონდს ნაწილობრივ თავისი ფულით დააფინანსებს და თუ ვინმე 25%-ს და კარგ ბიზნესგეგმას მოიტანს, ფონდი 75%-ს დაუფინანსებს.

ჩემი აზრით, ასეთი თანაფარდობა 25/75 არასწორია. როგორც წესი, ინვესტორი ჩამოდის 75%-ს და ფონდი ფარავს 25%-ს. ბოლოს გამოვა, რომ საქართველოს ყველა დიდ ბიზნესს ერთი ფონდი ფლობს. ასევე, უნდა გავარკვიოთ, ეს პრემიერის პირადი ფული იქნება თუ არა. თუ ეს მისი ფული არ იქნება, ძალიან კარგი აზრია. თუ მისი ფული იქნება, მაშინ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება მმართველობასთან და კონკურენციასთან დაკავშირებით. არ უნდა შევცვალოთ წინა ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც ბიზნესში ერთვებოდა და კერძო სექტორს კონკურენციას უწევდა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის გარშემო მყოფი კომპეტენტური ტექნოკრატები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი კარგად ხედავენ მთლიან სურათს და მოიფიქრებენ ისეთ ფორმულას, რომელიც ეკონომიკისთვისაც კარგი იქნება და ბიზნესმენებსაც არ გამოდევნის ბაზრიდან.

ქართული ბიზნესის დასახმარებლად პრემიერმინისტრი ხშირად საუბრობს რუსეთის ბაზრის გახსნაზე. ამ გეგმაზე რას ფიქრობთ?

ეს რუსების გადასაწყვეტია; თუ მონაკოს დედოფლის შვილზე გინდა იქორწინო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ მთავარი ნაწილი მისი დათანხმებაა. ვნახოთ, დათანხმდებიან თუ არა რუსები. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, ეს მარტივი იყოს. არა მგონია, რომ რუსეთმა მთლიანად გაგვიღოს ბაზარი მაშინ, როცა ევროკავშირთან სერიოზული მოლაპარაკება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ველაპარაკებით NATO-საც. რუსები ხელს ნამდვილად არ შეგვიწყობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ თავი არ უნდა დავანებოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რადგან რაც მეტი ბაზარი გვექნება, ეკონომიკისთვის უკეთესია. რუსეთის ბაზრის გახსნას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეს ახლო მომავალში ან მასშტაბურად მოხდება.

არჩევნებამდე ქართული ოცნება საუბრობდა უარყოფით სავაჭრო ბალანსზე სხვა ქვეყნებთან მიმართებით და სურდა ქართული ბაზრის ნაწილობრივი დაკეტვა, რათა ამით მოეხდინა ქართული ბიზნესის სტიმულირება და ზოგიერთი იმპორტირებული საქონელი ადგილობრივით ჩანაცვლებულიყო. რამდენად დაეხმარება ეს ქართულ ბიზნესს?

ეს ვერ იმუშავებს. საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ამ შეთანხმების მიხედვით, შენ ბიზნესს ისე უნდა მოექცე, როგორც იმპორტს. თუ იმპორტზე გადასახადს დააწესებ, ადგილობრივ ბიზნესზეც უნდა დააწესო. ასეთ სუბსიდიებს ვერ გავაკეთებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი წევრობის გამო. ვინც ეს აზრი წამოაყენა, ალბათ არ იცის, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ.

მინდა ერთ სერიოზულ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს: მათ შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე ყველაფრის შემოტანა და როცა ჩვენ გვინდა რამის გატანა, მეზობელი ქვეყნების ბაზარი დაკეტილია ან არალეგალური გადასახადების გადახდა გვიწევს. ავიღოთ აზერბაიჯანში ქართული ლუდის გატანა. იქ შეტანილ ყოველ ერთ ლიტრში ჩვენ ვიხდით ერთ დოლარს, საქართველოში შემოტანილ ლუდზე კი აზერბაიჯანი არაფერს იხდის. რატომ? ჩვენ ღია ბაზრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ისე უნდა მოგვექცნენ, როგორც ჩვენ ვექცევით.

მაგალითად, ფაშა ბანკი საქართველოს ბაზარზე შემოვა. საქართველოს ერთ-ერთმა დიდმა ბანკმა სთხოვა წინა ხელისუფლებას დახმარება, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე შეეშვათ. საქართველოს ხელისუფლება მათ არ დაეხმარა. რატომ? თუ საქართველოში აქვთ უცხოურ ბანკებს შემოსვლის უფლება, ქართულ ბანკებსაც უნდა ჰქონდეთ ეს უფლება. სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ძალიან პატარა ბაზარზე ვართ. მხოლოდ 4.5 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ყველა ინვესტორს ვატყუებთ, რომ 100 მილიონი მომხმარებელი გვყავს, იმიტომ რომ ცენტრალური აზიის და კავკასიის მომხმარებლებზე გვაქვს წვდომა. ეს დიდი ტყუილია – არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ ბაზარზე შეგვიშვებენ. მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების საშუალებით შეგვიძლია ასეთ ბაზარზე შესვლა და იქაც ეს ადგილობრივი კომპანია იტოვებს მოგების დიდ ნაწილს. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ აქეთ უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა, რომ ყველა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სრულად იყოს შესრულებული და არა მხოლოდ ცალმხრივად.

ივანიშვილი ხშირად საუბრობდა საქართველოში მონოპოლიებზე და ამომრჩეველს ამ მონოპოლიების დაშლასაც დაჰპირდა. არსებობს საქართველოში მონოპოლიები?

გარკვეულ სფეროებში არსებობს. მაგალითად, ფოთის პორტიდან ტვირთის გადატანა ერთი კომპანიის ხელშია. ასე რომ, რაღაც მონოპოლიები არსებობს. მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც ამბობდნენ. ძალიან ბევრს საუბრობდნენ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიაზე. არ მგონია, რომ ამ ბაზარზე მონოპოლია იყოს. ეს ბიზნესის არასწორი აღქმა და გაგებაა.

ნავთობის ბაზარზე არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ რამდენ კომპანიას შეუძლია ბაზარზე შემოსვლა, მაგრამ ეს მონოპოლია არ არის, ოლიგოპოლიაა. ამას წინა ხელისუფლება კარგად უწყობდა ხელს და იცავდა კიდეც. ბაზრის გათავისუფლებამ შეიძლება – დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ასე მოხდება – ფასი დასწიოს. ანუ, ვისაც მოუნდება ბაზარზე შემოსვლა, უნდა შემოუშვან. არ უნდა ვთქვათ, რომ 5 კომპანიაა ბაზარზე და მეტი არ გვჭირდება და ეს კომპანიები არ უნდა დავიცვათ, ეს ხელოვნური დაცვაა. ასე რომ, რაღაც დონეზე მონოპოლიები არსებობს. მაგრამ იმდენი მონოპოლია არ იყო, რამდენზეც ახალი ხელისუფლება საუბრობს.

ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ბიზნესმენების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ბიზნესები ძალით გააყიდინეს და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება სურთ. ეს რა გავლენას ახდენს საქართველოში საკუთრების უფლებებზე?

თუ ვინმეს აიძულეს ბიზნესის გაყიდვა, სამართლიანია, რომ კომპენსაცია მიიღონ. მე პირადად, არ ვიცი ვის გააყიდინეს, მაგრამ თუ მეტყვით რომ ასე იყო, არ გამიკვირდება. რომ მითხრათ, შვედეთის ხელისუფლებამ შვედურ კომპანიას ბიზნესი გააყიდინაო, გამიკვირდება. საქართველოს შემთხვევაში არ მიკვირს. თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ ბიზნესი გააყიდინეს, სიმართლეს არ ამბობს. ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასამართლოები ნამდვილად დამოუკიდებელია, საქმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და არა სატელეფონო ზარის გამო. ახლა არ ვიცით, როგორ მუშაობს სასამართლო. მე ვიცი, რომ იუსტიციის მინისტრი ძალიან პატიოსანი და კომპეტენტური ადამიანია, ვენდობი მას. ასევე ვენდობი მთავარ პროკურორს, დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან პატიოსანი და სამართლიანი ადამიანია და მგონია, რომ სატელეფონო ზარის მიხედვით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სასამართლო წინა ხელისუფლების დროს რეალური პრობლემა იყო და იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამართულად და დამოუკიდებლად იმუშავებს. ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ახალმა პარლამენტმა მიიღო, ამნისტიაა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ათასი პატიმარი გათავისუფლდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკანასკნელ პერიოდში კრიმინალის დონე გაიზარდა. პრემიერმა ივანიშვილმა თქვა, რომ კრიმინალური სიტუაციის დროებითი გაუარესება მოსალოდნელია. ეს ბიზნესზე როგორ გავლენას იქონიებს?

იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად შეასრულებს თავის ფუნქციებს და კრიმინალის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება. თუ კრიმინალი გაიზრდება, ეს ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს ბიზნესგარემოზე. პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში არ უნდა დავბრუნდეთ, როცა ყველა ბიზნესმენს დაცვით სიარული უწევდა. არ ვიცი, ამნისტია რა გავლენას იქონიებს კრიმინალის დონეზე, მაგრამ იმედი მაქვს, შსს შეასრულებს თავის ფუნქციას, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.

ახალ ხელისუფლებას რა რეკომენდაციებს მისცემდით ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რა უნდა გააკეთონ და რა – არა?

ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს წინა მთავრობის მიდგომა ბიზნესების მიმართ, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შექმნას, ბიზნესის დახმარებას. არ უნდა გააგრძელოს წინა ხელისუფლების მსგავსად ბიზნესზე ზეწოლა და მონოპოლიების დაცვა. ხელისუფლებამ არ უნდა შეიტანოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები, არ გვჭირდება რთული კანონი კონკურენციის შესახებ. ახლა რა კანონიც გვაქვს, ძალიან კარგია. შეიძლება რაღაცების დაზუსტება, იმიტომ რომ ბიზნესებისთვისაც რაღაც ნაწილი გაუგებარია.

რაც მთავარია, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. პრემიერმინისტრმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკის საკითხებზე და ძალიან დამაჯერებელი გზავნილები გაგზავნოს ბიზნესის მიმართულებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არის ხელები და ფეხები, რომლებიც დამოუკიდებლად კარგად მუშაობს, მაგრამ ჰარმონიზებული არ არის. ორკესტრია დირიჟორის გარეშე და ყველა, რა მელოდიასაც უნდა, იმას უკრავს. ჩემი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ეკონომიკური გეგმა და ხედვა. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა უნდა დაუთმოს მეტი დრო ბიზნესს და ეკონომიკას და შედარებით ნაკლები NATO-ს და ევროკავშირს. ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და პოლიტიკურ დევნაზე ნაკლები ილაპარაკოს მედიაში. თუ თვლიან, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, ძალიან მკაცრები უნდა იყვნენ, ოღონდ ეს დიპლომატიური არხების საშუალებით უნდა გააკეთონ და არა მედიის. უნდა გაითვლისწინონ, რომ ეს სასამართლოზე ზეწოლაა, გარდა იმისა, რომ სერიოზულად აზიანებს ბიზნესს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები