ტარიფები

1 იანვრიდან ელექტროენერგიის საფასური 3 თეთრით შემცირდება

წლის 1 იანვრიდან  ელექტროენერგიის საფასური 3 თეთრით შემცირდება. ამის შესახებ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა.

ჩალაგაშვილის განმარტებით,  ცვლილებები შევიდა  ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ 2008 წელს მიღებულ დადგენილებაში და ამ ცვლილებების მიხედვით ელექტროენერგიის საფასური 3 თეთრით დაიწევს.

‘’პროექტი დამტკიცებულია და ჩვენ ხელშეკრულება ენერგო-პროსა და თელასთან დავდეთ.  ტარიფების შემცირება არ შეეხება მხოლოდ კახეთს, რადგან კახეთში სხვა ენერგოკომპანიაა," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. 

შემცირებული ტარიფები არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში  300 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

როგორც  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს ინტერ რაოსა და ენერგო–პროს შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია.

სემეკის გადაწყვეტილების მიხედვით 1 იანვრიდან 1 აპრილამდე თელასის აბონენტები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 12.46 თეთრს.

რაც შეეხება ენერგო–პროს აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს.

 

 

კომენტარები