ამნისტიის კანონპროექტი

მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გაიხსენა, იმის თაობაზე, რომ ''დანაშაული უმნიშვნელოდ, 50%-ით გაიზარდა".

"როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მათ შორის მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ''ასეთ პატიმრებს ან მის ჯინაზე უშვებენ ან რუსეთის დაკვეთით''. 

"როდესაც ასეთ პატიმრებს უშვებ, ეს ან ჩემს ჯინაზე კეთდება - და მაშინ კიდევ გავიგებ, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით. ამ ნაწილს დავადებ ვეტოს, რადგან არ მინდა, საქართველოს მოვჭრა თავი. მიმაჩნია, რომ დანარჩენი ამნისტიაც მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ მათ სურთ, გადალახონ პირველ ნაწილში ჩემი ვეტო, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს თავს ჭრიან. გამოუშვან გადამტრიალებლები, რუსეთის აგენტები, პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს, თავზე ხელს გადაუსვამს და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. ყველა სხვა დანარჩენი ჯანდაბას, მაგრამ პედოფილიის ნაწილს ვადებ ვეტოს. გადალახონ ეს ვეტოც და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებს და რუსეთის ჯაშუშებს, მაგრამ მე საღ აზრზე ამას ხელს არ მოვაწერ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკშვილის თქმით, არცერთ საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციას არ დაუდასტურებია, რომ საქართველოში პოლიტმატიმრები არიან. 

"ბელარუსში 5 პოლიტპატიმარია, ჩრდილოეთ კორეაში - 11 და საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ საქართველოში 200 პოლიტპატიმარია. ვის ვაწონებთ ამით თავს?! ვაცხადებთ, რომ ვართ არასერიოზული ქვეყანა და თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ეს განცხადება, მაშინ გამოდის, რომ ვყოფილვართ ბირმა, ბელარუსი და 70-იანი წლების დიქტატორები. მაშინ ამ ქვეყანაში ვინ ჩადებს ფულს, ვინ დაგასაქმებთ?! საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღეს გაუგზავნა.

კონსტიტუციით დადგენილი წესით, პარლამენტი კანონს დამტკიცებიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტს უგზავნის, ხოლო პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს. 

კომენტარები