არენა

გალია ჩიტის ძიებაში

0 კომენტარი

ანუ რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას დასავლეთში

ადამიანი იყოს და ბრალდება მოიძებნება

საბჭოთა ანდაზა

შესავალი

ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. დასავლეთზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა და ამბიციურ რეფორმატორთა გუნდს, წინა მთავრობისგან ობიექტურად მძიმე მემკვიდრეობა ერგო – კორუმპირებული სამართალდამცავი და საგადასახადო სისტემა, ორგანიზებული დანაშაულისა და, ზოგადად, კრიმინალის მაღალი დონე, ჩრდილოვანი ეკონომიკა, კონტრაბანდა, მოშლილი ენერგეტიკა და ა.შ. ორი სიტყვით რომ ვთქვათ – არშემდგარი სახელმწიფო.

ისედაც რთულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესს კიდევ უფრო ართულებდა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოუცდელობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების სურვილი. ამას თან ერთვოდა არასაკმარისი ინსტიტუციონალური კონტროლი და სუსტი სამოქალაქო სექტორი, სხვადასხვა დონის შიდა და გარე კრიზისები. შედეგად, აღიარებულ წარმატებებთან ერთად, დაგროვდა არაერთი შეცდომა, მარცხი თუ პასუხგაუცემელი კითხვა.

წინა ხელისუფლების მიმართ არსებული პრეტენზიების არასრულ ჩამონათვალში შედის: პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება, როგორც სპეცოპერაციების ჩატარების, ისე მანიფესტაციების დაშლის პროცესში; საკუთრების უფლების ხელყოფა; პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მათი წამება.

ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე – გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ. საზოგადოების სამართლიანმა აღშფოთებამ სერიოზული საპროტესტო ტალღის ფორმირება გამოიწვია, რაც, გარკვეული დოზით (იქნებ გადამწყვეტითაც), არჩევნების შედეგებზე აისახა.

არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენაზე გააქტიურდა მოთხოვნა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება ჩაატარებს ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დამტკიცების პირველივე დღეს გამოეხმაურა აღნიშნულ მოლოდინს და განაცხადა – „ჩვენ არ გვსურს ვინმეს დასჯა, მაგრამ ვისაც დარღვევები ჰქონდა, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს”.

ამ განცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა ბრალდებით დააკავა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, დედაქალაქის მერის მოადგილე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

გამოძიების პროცესის მიმდინარეობა და მისი აღქმა

ხმაურიან დაკავებებს არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით – უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისგან”, – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია.

„დემოკრატია გულისხმობს უმრავლესობის მმართველობას, მაგრამ აგრეთვე მოიცავს უმცირესობის პატივისცემას... ამ სიტუაციაში, შერჩევითი მართლმსაჯულება თავიდან უნდა იქნას აცილებული”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იყოს აცილებული შერჩევითი სამართალი, როგორც შინაარსობრივად, ისე აღქმის თვალსაზრისით. ასევე უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი ყველა ეჭვმიტანილთან თუ ბრალდებულთან მიმართებით. არავის სურს იხილოს, როგორ გამოიყურება შერჩევითი სამართალი და სამაგიეროს გადახდა. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს”, – ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

„არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ. წარსულის დანაშაულობების გამოძიება უნდა იყოს და უნდა აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა.

„მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროგრესი განგრძობადად იქნას აღქმული და უცხოეთმა დაინახოს, რომ საქართველო და მისი დემოკრატია წინ მიდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ როგორი აღქმა ექნება ამ დაკავებებს უცხოეთში”, – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი.

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავებების, გამოძიებების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდებიან. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, აღქმის თვალსაზრისითაც კი”, – ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა.

დაკავებების პროცესს გამოეხმაურნენ გავლენიანი დასავლური გამოცემები. მათ შორის – Washington Post-ისა და Financial Times-ის სარედაქციო საბჭოები, New York Times-ი, Wall Street Journal-ი, Economist-ი, Liberation-ი, Figaro და სხვები. მათი შეფასებები ძირითადად ემთხვევა დასავლელი პოლიტიკოსების განწყობასა და სკეპტიკურ დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის კრიტიკა არც წინა ხელისუფლებას აკლდა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საკმაოდ მწვავედ სვამდა შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების საკითხს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში აისახებოდა პრეტენზიები ადამიანის უფლებათა დარღვევების, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების თაობაზე. ამ შენიშვნებს წინა ხელისუფლება ყოველთვის სერიოზულად აღიქვამდა და ცდილობდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას.

სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება, შესაძლოა გამოუცდელობის გამო, არაადეკვატურად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე, როდესაც კონკრეტულ ფაქტებზე კამათისა და არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, ეჭვქვეშ აყენებს კრიტიკოსთა კეთილსინდისიერებას. საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის მრჩევლის – რაფაელ გლუქსმანის ან დეპუტატ გიორგი კანდელაკის ლობირების შედეგია ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირების, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეთა განცხადებები, ისევე, როგორც ავტორიტეტული მედიასაშუალებების სარედაქციო საბჭოების წერილები – არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია.

ჯერ ერთი, საქართველოში ფუნქციონირებს NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, რომელთაც ჰყავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები. ისინი ეცნობიან ადგილობრივ პრესას, მიეწოდებათ მედიამონიტორინგის მასალები და თავადაც აქვთ უნარი, დაინახონ და შეაფასონ ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა ან სამართლებრივი ნაბიჯი.

მეორეც, ეს თანამდებობები ზედმეტად მაღალი თამასაა ლობისტური საქმიანობისთვის და ამგვარი „ბრალდებების” გახმოვანება NATO-ს გენერალური მდივნისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა.

იგივე უნდა ითქვას Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს (და არა რომელიმე ცალკე აღებული ჟურნალისტის) წერილისთვის „ნაყიდი” პასკვილის დარქმევაზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მსგავსმა კომენტარებმა გაზეთის ჟურნალისტებს „ძველი საბჭოთა აპარატჩიკის” ასოციაცია აღუძრა.

Washington Post-სა და სხვა გავლენიან გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში ლობისტების ხელის ძებნის ნაცვლად, საჭიროა, გულდასმით გაანალიზდეს ის მიზეზები, რამაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დასავლელ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ უნდა მოხდეს. მეტიც, მათ განაცხადეს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა სრულიად ლეგიტიმური მოვლენაა, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ რამდენიმე საკვანძო საკითხს:

• მართლმსაჯულება არ უნდა იყოს შერჩევითი

• ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

• დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი პროცედურები

• გამოძიების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე

• გამოძიება უნდა იყოს სამართლიანი და იგი ასეთად უნდა აღიქმებოდეს

ნეგატიური აღქმის სავარაუდო მიზეზები

განვიხილოთ მიზეზები, რომლებიც შესაძლოა განაპირობებდნენ დაკავებების პოლიტიკური ნიშნით აღქმას:

მიზეზი 1. საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ და შემდგომ სასამართლომ უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოში, ან რას ეფუძნება ვარაუდი, რომ პირი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

ამ დასაბუთების შემდეგ, პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით უნდა დამტკიცდეს, თუ რატომ არის აუცილებელი პატიმრობის გამოყენება და რატომ ვერ დააზღვევს ზემოაღნიშნულ რისკებს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებები – გირაო ან პირადი თავდებობა. თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი, ისევე როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, არ ემალებოდნენ გამოძიებას. ამასთან, ისინი აღარ მუშაობდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შესაბამისად, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკი არ იყო მაღალი. დამატებით, ორივე ბრალდებულს თავდებად უდგებოდნენ პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი.

საბოლოოდ, გირაოს ან პირადი თავდებობის ნაცვლად, მათ შეეფარდათ პატიმრობა, რამაც შესაძლოა დატოვოს ზედმეტი სიმკაცრისა და ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებში ბრალდებული მაღალჩინოსნების მიმართ წინასწარ პატიმრობას არ იყენებენ, მათ ძირითადად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ამ მხრივ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გახმაურებული სტროს კანის საქმე იყო. სტროს კანს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში ედებოდა, სასამართლომ გირაო შეუფარდა. სილვიო ბერლუსკონის შემთხვევაც ანალოგიურია, მას წინასწარ პატიმრობაში არცერთი დღე არ გაუტარებია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებულობის ხარისხი საქართველოს წინა ხელისუფლების დროსაც საკმაოდ დაბალი იყო. ამ ტენდენციის გაგრძელება სამწუხარო იქნება.

მიზეზი 2. მტკიცებულებათა ფაბრიკაციის ნიშნები

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, რომელსაც ორი თანამედროვე იარაღი აქვს გაფორმებული, აკავებენ ძველი საბჭოთა იარაღის უკანონოდ ტარებისათვის. დამატებით კითხვებს აჩენს მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვის ბრალდება – მას ორგანიზმში მორფინის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო ჯიბით ჰეროინს ინახავდა.

დაცვის მხარემ ახლახან გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გუნავას ორგანიზმში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალი.

თეთრი ძაფით ნაკერმა საქმემ ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ახალი მიზეზი გამოიძებნა – მორიგი დაკავება ამჯერად 3000 ლიტრი ბენზინის არამიზნობრივად გახარჯვის ბრალდებით შედგა.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმეში მტკიცებულებების ფაბრიკაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით არავითარი სიახლე ამ კუთხით არ გვაქვს.

მიზეზი 3. გამოძიების საეჭვოდ სწრაფი ტემპი და დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი

როდესაც სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს ეხება, დასავლეთში აქვთ მოლოდინი, რომ გამოძიება იქნება უფრო დაკვირვებული, ფრთხილი და მყარი მტკიცებულებებით გამაგრებული. „საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინის ავტორიტარულმა მთავრობამ 2 წლის მანძილზე. მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების დაპატიმრებას, დემოკრატიულ ქვეყანებში, როგორც წესი, 2-3 წელი სჭირდება, საქართველოში კი, ახალი მთავრობის პირობებში, გამოძიებამ ეს სულ 20 დღეში გააკეთა”, – შეახსენეს მაია ფანჯიკიძეს მარშალის ფონდში ვიზიტისას.

სისხლის სამართლის საქმის სავარაუდოდ პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ცალკეული ეტაპები, ჩვეულებრივ საქმეებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარებოდეს. წარმოებულ გამოძიებათა დიდი ნაწილი ჯერჯერობით ეყრდნობა არა დოკუმენტალურ მტკიცებულებებს, არამედ მოწმეთა ჩვენებებს. თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს, რის შემდეგაც პროკურატურამ აღნიშნული პირი დააკავა.

შესაძლოა, ეს იყოს მორიგი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაციით აღქმას.

მიზეზი 4. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე აცხადებს, რომ „კოჰაბიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს

არ ნიშნავს იგნორირება გავუკეთოთ იმას, რომ ეს ადამიანები კრიმინალები არიან. პრემიერიმინისტრი ან მთავრობის სხვა წევრები არავითარ ზეგავლენას არ ახორციელებენ... ეს ხალხი უბრალოდ კრიმინალები არიან”.

მარშალის ფონდში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს „სააკაშვილის ლობისტები” არ ალაპარაკებდნენ. მან თავად გააკეთა განცხადება, რომელმაც ბუნებრივად განაპირობა დასავლეთის ლიდერების შეშფოთება. ამერიკელი სენატორების წერილში ხაზგასმულია, რომ „ბრალსა და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს”.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაფიქსირდა იუსტიციის მინისტრის მხრიდანაც. მან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილ მინისტრს უწოდა „მკვლელი, ან მკვლელობის შემკვეთი”, ხოლო გენერალური შტაბის ყოფილ უფროსზე აღნიშნა, რომ „გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების შეურაცხყოფა და ჯარისკაცის ღირსების შელახვა. გენერალ კალანდაძის მსგავსი ქმედებებით ჩვენ არა NATO-ში, არამედ უფსკრულში მივდივართ”. ცხადია, პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირი, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე დასრულებული სახით აპელირებას უნდა მოერიდოს. ამგვარი ქმედებით ჩვენ მივიღებთ პირდაპირ თუ ირიბ ზეწოლას გამოძიებასა და სასამართლოზე.

მიზეზი 5. შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 3 ოქტომბრის სესიაზე მიღებული რეზოლუციით (Resolution 1900 (2012)1 – Provisional Version), პოლიტიკური დევნის განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირის დისკრიმინაცია სხვა პირებთან მიმართებაში.

პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დევნა შეწყვიტა ქართული ოცნების სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ მაშინ, როცა საქმეშია დანაშაულის ნიშნების ამსახველი ვიდეოფირები. მეორე მხრივ, აკავებენ წინასაარჩევნო ინციდენტებში მონაწილე პირებს ნაციონალური მოძრაობიდან.

ამასთან, საინტერესოა, რომ პოლიტიკურად ლოიალური პირების, ლევან გაჩეჩილაძისა და ეკა ბერიძის შვილების საქმეებს, საიდანაც ერთი მკვლელობის მცდელობას, ხოლო მეორე ცივი იარაღით პირის განზრახ დაჭრას ეხება, იუსტიციის მინისტრი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი გამგებლის მიერ ჩადენილ ხულიგნობას.

მართლმსაჯულების შერჩევითობასა და არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინ ახსენდებათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც საქმეში ფიგურირებს წინა მთავრობის წარმომადგენელი. სწორედ ამ დროს კეთდება მკაცრი განცხადებები – „დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”, „ვისაც დარღვევები ჰქონდა, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს”...

რაც უნდა გასაკვირი იყოს, სხვა საქმეებზე მსჯელობისას ამგვარი კატეგორიულობის ნაცვლად, გვესმის საპირისპირო რიტორიკა – „პატარა გრეჩიხა” (იუსტიციის მინისტრი ხულიგნობასა და დაჭრაში ბრალდებულ 23 წლის ადამიანზე) „ჰუმანიზმის კალთა” (მთავარი პროკურორი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა ამნისტიის თაობაზე), „ასეულობით პოლიტპატიმარი” და „საყოველთაო ამნისტია” (საპარლამენტო უმრავლესობის წევრები), „კრიმინალის ზრდის მიმართ გაგებით მოკიდება” (პრემიერმინისტრი) და ა.შ.

წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნების პედანტური ძებნისა და მიმდინარე დაკავებების პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობა ფართომასშტაბიანი ამნისტიის საკითხს განიხილავს. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, 6 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება. ეს არის დანაშაულთან ტოლერანტობის პირდაპირი დეკლარირება და დაუსჯელობის განცდის წახალისება. ამ ფონზე „დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი” – ცოტა არასერიოზულად გამოიყურება და მართლმსაჯულების შერჩევითობაზე მიუთითებს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს ე.წ. პოლიტპატიმართა სიას, სადაც ფიგურირებენ – პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული პირი, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემის სტუდიაში განახორციელეს ძალადობა დისკრიმინაციული მოტივით, აგრეთვე სხვა დამნაშავეები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია შედგა გაუმჭვირვალედ, საქმეთა გარემოებების დეტალური შესწავლის გარეშე, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროცესისგან დისტანცირება ამჯობინა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ცხადია, თუ რამ განაპირობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წუხილი შერჩევითი სამართლის აღქმასთან დაკავშირებით.

მიზეზი 6. დაკავებების შეწყვეტა „რიტორიკის გადაწყობის” სანაცვლოდ

პრემიერმინისტრი ღიად აცხადებს, რომ დაკავებების პროცესის შეჩერება ოპოზიციაზეა დამოკიდებული. კერძოდ, თუ ისინი (ნაციონალური მოძრაობა) შეწყვეტენ „სიცრუისა და ძალადობის რიტორიკას”, დაპატიმრებებიც შეწყდება.

მიზეზი 7. ხელისუფლების სამიზნედ მოჩანს ის უწყებები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს

დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი და თბილისის მერის მოადგილე, აგრეთვე ზესტაფონის რაიონის გამგებელი, რაც დაკავებების შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს. საყურადღებოა, რომ გენერალური შტაბის უფროსის შემთხვევაში, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ხოლო გამგებელი დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი, აშკარა ზეწოლის მიუხედავად, მაინც აირჩია რაიონის საკრებულომ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებების პროცესს თან გასდევს ქართულ ოცნებასთან ასოცირებული პირების მხრიდან პერმანენტული ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შენობებში ძალით შეჭრა, ავეჯის დაზიანება, ფუნქციონირებაში ხელის შეშლა. ამ ყველაფერს პოლიცია უმოქმედობით პასუხობს. რაიონების გამგებელთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სიით იყვნენ გასულები, უკვე დატოვეს თანამდებობები.

8. რეპრესიული მოქმედების ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ძირითადად ცივილიზებულად მიმდინარეობს, გაერთიანებული შტაბის უფროსი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსი, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, დააკავეს ღამის საათებში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის, მშობლების სახლში გამთენიისას შევარდნა არარსებული იარაღის მოსაძებნად. ამგვარი საქციელი ძალაუნებურად აღძრავს რეპრესიების ასოციაციას და ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დეპუტატზე ზეწოლასა და მისი დაშინების მცდელობასთან.

მიზეზი 9. ივანიშვილისთვის არ არის მარტივი პოლიტიკურ ოპონენტთან კოჰაბიტაცია (თანაარსებობა)

პოლარიზებული და პრობლემური წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში უზრუნველყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება, ხოლო შემდგომ, ცივილიზებულად, ყველა წესის დაცვით გადასცა მმართველობის სადავეები გამარჯვებულ ძალას.

საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდა, აგრეთვე მიანიშნა, რომ დაკავებები შეწყდება, თუ პრეზიდენტი პოსტს დატოვებს. ეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მეორე პირობაა, რიტორიკის გადაწყობასთან ერთად.

დასკვნა

დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ დანაშაულის, მათ შორის სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სრულიად ლეგიტიმური ინტერესია. საზოგადოება ნამდვილად ელის პასუხებს ციხის კადრებსა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, არც ისაა განმსაზღვრელი, თუ რა თანამდებობა ეჭირა წარსულში ამა თუ იმ პირს. მაგრამ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს იარაღად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ყველა საქმეს, რომელიც პოლიტიკურად სენსიტიურია, სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მეტი სიფრთხილე. გამოძიების მთელი პროცესი უნდა იყოს კვალიფიციური და სამართლიანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იგი ასეთად აღიქვას როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.

განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებებსა და რჩევებს. უკრაინის მაგალითი გვაძლევს „სხვის შეცდომაზე სწავლის” საშუალებას. შესადარებლად შეგვიძლია ავიღოთ 2011 წლის 5 აგვისტოს, ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადება, რომელიც მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას – „ევროკავშირმა და უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საჭიროა სამართლიანი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სამართლებრივი პროცედურები, რათა თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართლის აღქმა, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენები იწვევს შეშფოთებას სახელმწიფოში კანონის უზენაესობის თაობაზე”.

სამწუხაროდ, ეს და არაერთი სხვა განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა, შედეგად, შეფერხდა უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში (რასთანაც ერთი ნაბიჯიღა აშორებდა იანუკოვიჩის მთავრობას), ხოლო NATO-ში ინტეგრაცია დღის წესრიგიდან მოიხსნა.

საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაბარებამ მოგვცა შანსი – გამოვასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ რეფორმების პროცესი – გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, მორიგი წარმატებისკენ.

ამ შანსის გამოუყენებლობა და ძველ შეცდომებზე ახლის დამატება საქართველოს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს – შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, შეჩერდეს თავისუფალი მიმოსვლისა და ვაჭრობის მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-სთან, მივიღოთ უარი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, შემცირდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარების ტემპი, დავრჩეთ უმოკავშირეოდ ჩრდილოელი მეზობლის წინაშე.

ეს არის სახელმწიფოს მომავლის სასწორზე შეგდება. გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება?

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები