ჯუდით გოფი

ჯუდით გოფი: კოჰაბიტაციამ უნდა გაამართლოს

0 კომენტარი

„მიხარია, რომ საქართველოში მივდივარ, რათა მონაწილეობა მივიღო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში. მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ ამ ლამაზ და ისტორიულ ქვეყანაში მუშაობას”, – განაცხადა ჯუდით გოფმა 2010 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩად დანიშვნისას.

რამდენიმე კვირაში იწურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი ელჩის თანამდებობაზე ყოფნის ვადა. გთავაზობთ ჯუდით გოფის მიერ ტაბულასთვის ელჩის რანგში მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუს, რომელშიც იგი ჩვენს ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებაზე, ბოლო წლებში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
 

უკვე ორი წელი იმუშავეთ გაერთიანებული სამეფოს ელჩად საქართველოში. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

საქართველოში ორ წელიწადზე მეტია ვმუშაობ. ეს დიდი პრივილეგიაა. ელჩის სტატუსით პირველად წარმოვადგენ ჩემს სახელმწიფოს და ეს საქმე ძალიან მომწონს. საქართველო მშვენიერი და სიცოცხლით სავსე ქვეყანაა. შევიძინე ბევრი ქართველი მეგობარი. გარდა ამისა, მაქვს შესაძლებლობა, თვალი ვადევნო ქვეყანაში მიმდინარე გარდამავალ ისტორიულ მომენტს. პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის და როგორც უბრალოდ ადამიანისთვის, აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. გული მწყდება, რომ მალე მივდივარ. საქართველოში გაცილებით უფრო დიდხანს ვიმუშავებდი, მაგრამ დიპლომატიაში ასეთი წესია – თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება. დასანანია, მაგრამ ამჯერად ჩემი ელჩად ყოფნის ვადა გადის. აუცილებლად დავბრუნდები.

მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ და ბავშვი უნდა გავაჩინო, ამით არ სრულდება ჩემი თქვენთან კონტაქტი – ამიერიდან მთელ რეგიონთან ურთიერთობას ვუხელმძღვანელებ. შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობის სფერო განისაზღვრება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკით რუსეთთან, ისევე, როგორც საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში – საქართველოში ხშირად მომიწევს ყოფნა.

Washington Post-მა პირველი ოქტომბერი შეაფასა, როგორც „ოპოზიციური კოალიციის გარდამტეხი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში და მმართველი პარტიის მიერ მარცხის სწრაფად აღიარება... დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი ევრაზიის პოსტსაბჭოთა ნაწილში”. თქვენ როგორ შეაფასებდით პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგებს? თვლით, რომ მოცემულ რეგიონში საქართველო პოლიტიკური პლურალიზმის მაგალითი გახდება?

საქართველოს ჩვენ მივულოცეთ მნიშვნელოვანწილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, დადებითად შევაფასეთ ის ფაქტი, რომ სახეზე იყო ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაბარების დასაწყისი. ვფიქრობ, ეს შეფასება არსებითად განსხვავდება კითხვის თქვენეული ფორმულირებისგან. ჩემი აზრით, საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. პირადად მივიღე მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში. არჩევნების დღეს თოთხმეტი საარჩევნო უბანი მოვიარეთ. პირადად ვარ იმის მომსწრე, თუ რამდენად კარგად წარიმართა ხმის მიცემის პროცესი. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველომ ნამდვილად შექმნა პრეცედენტი და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნამდვილად გაიარა ლაკმუსის ტესტი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გამოწვევა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოახერხებთ შემდგომი პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში ცხოვრებას. მხოლოდ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა და ამჯერად ყურადღებაც სწორედ ამაზე უნდა გადავიტანოთ.

ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ახალმა მთავრობამ წინა ადმინისტრაციის ოცზე მეტ მაღალჩინოსანს დასდო ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებისგან, ასევე მაღალი თანამდებობის სხვა უცხოელი პირებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ შურისძიებასა და შერჩევით მართლმსაჯულებას, როგორც შინაარსობრივად, ასევე აღქმის თვალსაზრისით. როგორ ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იმის განსაზღვრა, არის თუ არა ესა თუ ის სისხლისსამართლებრივი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული? იქნებ ჩამოგვითვალოთ რამდენიმე კრიტერიუმი.

ისევ კოჰაბიტაციის თემას რომ დავუბრუნდეთ, რთული პროცესია. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური თანაარსებობის მდგომარეობაში ყოფნის პრეცედენტი. ასეთი რამ მარტო აქ არ ხდება. მსგავსი ვითარება სხვა ქვეყნებშიც ყოფილა. პოლონეთისა და საფრანგეთის მაგალითი მახსენდება. სამომავლოდ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ პოლიტიკური წყალგამყოფის ორივე მხარეს მყოფი ძალები ერთმანეთთან, როგორ მოახერხებენ ერთიანი, დემოკრატიული და აყვავებული საქართველოს მომავლის უზრუნველყოფას.

რაც შეეხება დაპატიმრებებს, არა მგონია, რაიმე სახის განცხადება გაგვეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღვიქვამთ ამ მოვლენებს. თუმცა, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ, დიახ, ნამდვილად უნდა აღიკვეთოს დანაშაული სახელმწიფო დაწესებულებებში. სავსებით სწორია, რომ თანამდებობის პირებმა პასუხი აგონ ამომრჩევლებისა და გადასახადის გადამხდელთა წინაშე. თუმცა, თუკი სისხლისსამართლებრივი დევნა აუცილებელია რომელიმე საჯარო თანამდებობის პირის წინააღმდეგ, მაშინ ეს საქმე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, არ უნდა მოხდეს შერჩევით და პოლიტიკური მოტივებით.

ამასთან, სამართლებრივი პროცესი სრულად უნდა იყოს დაცული.

მოცემული საქმეების შეფასებაში ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა – ეს საქართველოს სასამართლო სისტემის საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ენდობოდნენ ამ ინსტიტუტებს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია გასაგებია. რა თქმა უნდა, არავის უნდა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ხილვა, მაგრამ ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ნამდვილად არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივ პროცესებზე, რადგან ეს ჯეროვან სამართლებრივ პროცედურებში ჩარევა იქნება.

ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, კერძოდ, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციას, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხს უკავშირებდნენ. როგორ დააჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც ამ არჩევნებს მოჰყვა?

ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ნათელია, რომ ქვეყანამ ტესტი (გამოცდა) ჩააბარა. რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს პოზიციას, ჩვენ უწინდებურად მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას – ეს არაერთხელ გვითქვამს. რა თქმა უნდა, მთელ რიგ საკითხებში ევროკავშირიცა და NATO-ც მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას მოითხოვს – სირთულეც ამაში მდგომარეობს. დემოკრატიაც ამ მოთხოვნების ნაწილია.

ერთი მხრივ, დიახ, ამგვარად ჩატარებული არჩევნები შესანიშნავი დასტურია იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს. მაგრამ კოჰაბიტაციამაც უნდა გაამართლოს. თუკი მართლაც არსებობს სურვილი, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით, მაშინ ორივე მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს თანაარსებობის პირობებში მუშაობა. ვფიქრობ, დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში რეფორმები კიდევ გასატარებელია.

ერთ-ერთია სასამართლოს რეფორმა, რომელზეც ბევრს ვესაუბრებოდით წინა და ახალ მთავრობებს. ასევე ბევრს ვსაუბრობდით სისხლის სამართლისა და მედიის დარგში გასატარებელ რეფორმებზე. ვთვლი, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამოვლინდა ქვეყანაში მართვის სტრუქტურის შეცვლის აუცილებლობა – სახელმწიფო თანამდებობის პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ წესები, რომლებსაც საჯარო მოსამსახურის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს. იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად მხარეები თანამშრომლობას მოახერხებენ.

როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოშიც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არ არსებობს სრულყოფილი დემოკრატია. გაერთიანებული სამეფო არ არის სრულყოფილი დემოკრატია. არის რაღაც, რაშიც სრულყოფილებას მივაღწიეთ, თუმცა ამისთვის ჩვენ

გვქონდა დროის ფუფუნება – საუკუნეები. ეს უწყვეტი სამუშაო პროცესია. ვფიქრობ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია – არა მარტო დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც.

როგორ შეიძლება დაეხმაროს გაერთიანებული სამეფო და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა თანაარსებობაში და პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღწეული წარმატების შენარჩუნებაში, რათა არ შეფერხდეს ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქართველების გადასაწყვეტია, თუ სად წარმოუდგენიათ თავიანთი მომავალი. ორივე მხარე საკმაოდ მკაფიოდ აცხადებს, რომ მათთვის საქართველოს მომავალი ასოცირდება ევროკავშირსა და NATO-სთან მჭიდრო ინტეგრაციასთან. დემოკრატიის განვითარებას, რეფორმებსა თუ ადამიანის უფლებების დაცვას გარკვეული ფასეულობების დამკვიდრება მოჰყვება. კარგია, რომ ორივე მხარე თანხმდება რაღაცაზე, რაც შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების საფუძვლად გამოდგეს.

რაც შეეხება ჩვენს როლს, ვფიქრობ, ქვეყანას უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იქ, სადაც საამისო საჭიროება და სურვილი არსებობს. თუ, მაგალითისთვის, პარლამენტს ავიღებთ, ჩემი აზრით, უდიდესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დღეს იქ ოპოზიცია არცთუ მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი არ ჰქონია. ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიისთვის ცუდი არ არის – ასეთი ოპოზიცია ზღუდავს მთავრობას. ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი გაერთიანებული სამეფოს მსგავსი საპარლამენტო დემოკრატიებიდან, სადაც გაცხოველებული, ზოგჯერ კი თავშესაქცევი, საპარლამენტო დისკუსიები იმართება. სხვა ქვეყნები ერთმანეთისგან სწავლობენ. ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ევროკავშირია და ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს.

ეს წელი ღირსშესანიშნავი იყო გაერთიანებული სამეფოსთვის – დედოფლის ბრილიანტის იუბილესა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ვგულისხმობ. როგორი იყო 2012 წელი თქვენი ქვეყნისათვის?

ბრწყინვალე წელი იყო. დღეს მსოფლიოში რთული მდგომარეობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნების უმეტესობას ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ სერიოზული სირთულეების მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უწინდებურად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ხელეწიფება არაძალისმიერად მოახდინოს ზემოქმედება მიმდინარე პროცესებზე. ვთვლი, რომ 2012 ჩვენთვის ძალიან კარგი წელი იყო. ფანტასტიკური იუბილე გამოვიდა – საოცარი ოსტატობაა საჭირო იმისთვის, რომ სამოცი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოს მეთაური.

რაც შეეხება ოლიმპიადას, მე პარალიმპიურ თამაშებსაც გამოვყოფდი, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით მსოფლიო მასშტაბის სპორტულ მოვლენათა შორის მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მონაწილეებმა ჩინებული სპორტული შედეგები აჩვენეს და ხელი შეუწყვეს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისა და ათლეტების ავტორიტეტის გაზრდას. ვფიქრობ, პარალიმპიური თამაშები უზარმაზარი მნიშვნელობის გზავნილი იყო, რომელმაც ცხადყო, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება განსხვავებებისა და მრავალფეროვნებისადმი.

ერთ-ერთი უზარმაზარი წარმატება იმაში მდგომარეობს, რა შედეგიც ამ თამაშებმა და კულტურულმა ზემოქმედებამ მოგვცა ჩვენი ქვეყნის გავლენის თვალსაზრისით. ახლახან მივიღეთ ჟურნალ Monocle-ში დაბეჭდილი ანგარიში, რომელშიც გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ნომერ პირველ soft power-ად (რბილი ძალა) არის მოხსენიებული. soft power-ში (რბილ ძალაში) ვგულისხმობთ არა იძულებით და ფულის მეშვეობით, არამედ დაინტერესებისა და დარწმუნების გზით ადამიანების შეხედულებებისა და მათი ქცევის შეცვლას. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული განაცხადია, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად კარგი იყო 2012 წელი გაერთიანებული სამეფოსთვის, რამდენად დიდი იყო მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გავლენა ფასეულობების, კულტურის, ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით.

მიხარია, რომ ფეხს იკიდებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანია British Airways პირდაპირ რეისებს ახორციელებს, ხოლო Marks&Spencer-მა და Topshop-მა აქ თავიანთი მაღაზიები გახსნეს. ბრიტანული ტანსაცმელი ჩვენთვის უჩვეულო გარემოში მოთხოვნადი გახდა.

რას უსურვებდით თქვენს მემკვიდრეს. რა უნდა გააკეთოს ახალმა ელჩმა იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაზე გაერთიანებული სამეფოს Soft Power-ის გავლენა?

ელჩები წარამარა იცვლებიან და ის, რომ ერთი ელჩი მეორისაგან განსხვავებული იქნება, გარდაუვალია. საქმე ელჩების ცვლილებას კი არა, პოლიტიკის უწყვეტობას ეხება. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ გრძელვადიანი პოლიტიკა გვაქვს არჩეული. საუბარია ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციაში, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში საქართველოსთვის უწყვეტ ხელშეწყობაზე. თუ ქვეყნის სამომავლო გამოწვევებს გადავხედავთ, დავინახავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას. ვფიქრობ, ახალი ელჩიც ამავე მიმართულებით იმუშავებს.

როგორ ფიქრობთ, აქვს ახალ მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარების რაიმე სახის ხელშესახები გეგმა?

ამ ურთიერთობების მოგვარება ადვილი რომ ყოფილიყო, უკვე მოგვარებული იქნებოდა. კონფლიქტის გადაწყვეტის სირთულეც იმაში მდგომარეობს, რომ შედეგის მიღწევა მოითხოვს დროს, პოლიტიკური კაპიტალის დაბანდებას, პოლიტიკურ ნებასა და რისკს. თუ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამოკიდებულებაში გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა მომენტი იყო გამოყენებული, რომელიც ჩამოვთვალე. შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის თქმა, აქვს თუ არა ვინმეს აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის რაიმე გეგმა. ეს არ გახლავთ ადვილად გადასაჭრელი პრობლემები.

საქმეს ისიც ართულებს, რომ სახეზეა ე.წ. გაყინული კონფლიქტები. ეს ძველი კონფლიქტებია, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე. გაერთიანებული სამეფოს გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რუსეთთან საუბრისა და საკითხის გადაწყვეტაში მისი ჩართვის სურვილის არსებობა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ნებისმიერი დიპლომატი იტყვის, რომ ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობას მნიშვნელობა აქვს, თუკი ეს მონაწილეობა ნდობასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. ასევე მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების დაინტერესების სურვილი. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებთან, თუმცა, ისევ და ისევ, ძალიან ადრეა. იმედი მაქვს, მოხერხდება ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში გარკვეული პროგრესის მიღწევა, რადგან ორივე მხარეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც პირადად შეეხო წარსულში მომხდარი ამბები.

ფიქრობთ, რომ საქართველოსთვის რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია?

შეუძლებელი არაფერია. ბრიტანელი დიპლომატი ყოველთვის თანამშრომლობის მომხრე იქნება. ჩვენი საქმე მოლაპარაკებაა. როცა მოლაპარაკებებს წყვეტ, სხვა რამის რისკი იჩენს თავს. ადვილი არ არის. ისევ ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ნება და პოლიტიკურ რისკზე წასასვლელად აუცილებელი გარკვეული მზაობა. უბრალოდ კარის გაჯახუნება და მოლაპარაკებებზე უარის თქმა არ უნდა იყოს გზა, რომელმაც შეიძლება საერთოდ რაიმე სახის პროგრესამდე მიგვიყვანოს.

ადვილი არ იქნება. დაგჭირდებათ დრო და ნდობის გამტკიცება. საქართველოსა და რუსეთს შორის დღემდე არის სავაჭრო ურთიერთობები. ასე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა რუსული ინვესტიციების შემოსვლა. წინა ხელისუფლება რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობდა. კოოპერაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგების მისაღწევად რეგიონში, სადაც სტაბილურობა კვლავაც არ არის. სტაბილურობა საქართველოსა და რუსეთის საერთო ინტერესს წარმოადგენს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები