ამნისტია

პრეზიდენტმა 26 მაისს დაღუპული პოლიციელის ოჯახში ამნისტიაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი 2011 წლის 26 მაისს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცენდენტი შექმნა საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც.

ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა. ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისათვის მსჯავრდადებული, საქართველოს პარლამენტის მიერ 28 დეკემბერს მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლდა.

"მე დიდი ხანია უნდა მოვსულიყავი, როცა დათო შეეწირა ამ უბედურებას. ჩემთვის პირადი ტრაგედია იყო. უბრალოდ ყველა პოლიციელის სიკვდილი მძიმეა. დათოს, ვინც მასთან მუშაობდა თბილად ახასიათებდნენ. ეს იყო დიდი გლოვა ყველასთვის. თქვენ იცით, რომ მაშინ მისი მკვლელი დააკავეს. გუშინ ვერ შევძელით შეჩერება, პარლამენტმა ჯიუტად, ვის ჯიბრზე ბოლომდე დაუდგენელია ... იმიტომ რომ გაუშვა გარეთ, არა მხოლოდ რუსეთის ჯაშუშები, არამედ სამშობლოს მოღალატეები ოფიციალურად. მათ შორის რუსები, ვინც დავიჭირეთ პირდაპირ რომელთა ამოცანაც იყო საქართველოს ოკუპირება და დაპყრობა. გაუშვა ასევე პოლიციელის მკვლელები. გაუშვა მკვლელები და ნარკობარიგები, რეალიზატორები. გაუშვა ის ხალხი, რომლებიც არ უნდა იყვნენ ჩვენს ეზოებსა და ქუჩებში. ყველა ქვეყანაში პოლიციელის მკვლელი ძალიან დიდი ხნით ხვდება ციხეში. უმეტესობაში არის უმაღლესი სასჯელი ამისთვის" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პარლამენტმა, სამარცხვინოდ გაუშვა დათო მასურაშვილის მკვლელი წელიწადნახევარში გაუშვა გარეთ: "ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ტელეკამერებმა გადაიღო. ტელეკამერების წინ მოკვდა. ხვალ პოლიციამ, როცა მიდის ვიღაც დამნაშავესთან, რა უნდა იფიქროს? ნებისმიერ დამნაშავეს ეცოდინება, რომ წელიწადნახევარი კომფორტულად იქნება და გაუშვებენ გარეთ, ან საერთოდ გაუშვებენ"

"სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გამოდის კიდევ, რომლებმაც დახოცეს, გააუბედურეს კონკრეტული ოჯახები, შვილები, დედები, მეუღლეები. და საერთოდ არავინ არ მოისმინა მეორე მხარის ხმა... ერთხელ რომ გაჯეჯილდება ასეთი ადამიანი, იმას რა გააჩერებს. ამით  საზოგადოება ხდება დაუცველი. პარლამენტარებს რა ენაღვლებათ, ისინი დადიან ბრონირებული მანქანით ისინი თავის თავს დაიცავენ... " – განაცხადა სააკაშვილმა.

"ეს ხალხი რომ გამოვა გარეთ და წსვა დანაშაულები, გვეტყვიან გაგებით მოვეკიდოთ. და პოლიციელს, რომელმაც ეს უნდა აღკვეთოს ეს დანაშაული, გაახსენდება, რა მოუვიდა თქვენს შვილს. ვინ გარისკავს, თუ მთავრობა მოუწოდებს - რა მოხდა, თუ ბინას გაგიტეხავენ, უნდა შევხვდეთ გაგებით. და მაშინ პოლიციელებმა რატომ უნდა აღკვეთონ ეს?", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

 

კომენტარები