რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე

პოტენციურად კონკურენტუნარიან დარგებში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მით უმეტეს, თუ ეს სექტორი კაპიტალტევადია და გრძელვადიანი ბიზნესციკლით ხასიათდება (ანუ ინვესტიციის დაბრუნებას, მისი განხორციელებიდან მინიმუმ 5 წელიწადი სჭირდება). რეგიონში თუნდაც ერთი ან ორი მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას დადებითი ეფექტი აქვს დამხმარე ინდუსტრიებზეც და ეკონომიკაზე იმაზე უფრო მეტ დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე ეს მხოლოდ ამ დარგში შემოსული შემოსავლები და დასაქმებული ხალხია. საქართველოში ასეთი ტიპის ინვესტიცია შესაძლოა იყოს ინვესტირება ჰიდროელექტროსადგურებში (ჰეს). მოკლედ შევეცდები, განვმარტო რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ მიმართულებით შემოსული ინვესტიციების ხელშეწყობა.

პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება. მოხმარება ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით წლიური 10%-ით იზრდებოდა და მომავალში ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, რაც ქვეყნას ელექტროენერგიის ნეტო იმპორტიორად უკვე 2 წლის შემდეგ გადააქცევს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც საბაზო, ასევე პიკური ენერგიის რეზერვები, რისთვისაც არსებულ სიტუაციაში ჰიდრორესურსები ყველაზე კარგი საშუალებაა.

გარდა ზემოხსენებული პირდაპირი მიზეზისა, ჰიდროენერგეტიკა ჩვენთვის სამი ძირითადი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესუერსები, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, რაც ქვეყანას ენერგოდამოკიდებულს ხდის რეგიონის სხვა ქვეყნებზე. რეგიონში არსებული საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის აუცილებელია ჰქონდეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთი კომპონენტი მაინც, რათა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ეკონომიკის სრული კოლაფსი არ გამოიწვიოს (გავიხსენოთ 2006 წლის იანვარი – ერთდროულად აფეთქებული გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზის ანძები). ამ მიმართულებით, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საფრანგეთი, რომელმაც 1970-იანი წლების „ნავთობის ემბარგოს” შემდეგ, მიუხედავად მაღალი ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა, მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინა ატომური ელექტროსადგურები (აეს). ამჟამად, საფრანგეთში ელექტრომომარაგების დაახლოებით 75% სწორედ აეს-ების მიერ იწარმოება.

2 სუფთა ენერგია. ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე ეკონომიკურად მიზანშეწონლი სხვა ალტერნატივები: ნახშირზე, მაზუთზე ან გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები (თეს). სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) გამოყენების შედეგად მიღებული ელექტროენერგია იმდენად ძვირია, რომ ეკონომიკურად მისი აშენება, სუბსიდირების გარეშე, შეუძლებელია. ამასთან, ამ წყაროებიდან მიღებული ენერგია არასტაბილურია და პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებაც არ შეუძლია.

3 გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ფასები. გამომდინარე იქიდან, რომ ჰეს-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების დაახლოებით 80% მის აშენებაზე დახარჯული რესურსების ამორტიზაციაა და ინფლაციას მხოლოდ ტარიფის 20% შეიძლება დაექვემდებაროს, ჰეს-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება არა მარტო იაფია სხვა არსებულ ალტერნატივაზე, არამედ მისი ფასის ცვლილებაც საკმაოდ დაბალია და არ არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ნედლეულის ფასებზე. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა – თეს-ები, იმპორტი – ახლადაშენებული ჰეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მინიმუმ 30%-ით ძვირია. რადგან ელექტროენერგია ქვეყნისთვის მაინც საჭიროა, ჰეს-ებში ინვესტიციების შეფერხების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ან თბოსადგურის აშენება და დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენა სხვა ქვეყნებიდან, რამაც შესაძლოა ფასების რყევა გაზარდოს, ან იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ელექტროსადგურების მშენებლობა და მათი ეკონომიკის ზრდა უნდა დავაფინანსოთ.

ამჟამად საქართველოში ტექნიკურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ჰიდროენერგეტიკული რესურსების დაახლოებით მესამედია ათვისებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია აშენდეს დაახლოებით 5000 მგვტ სიმძლავრის ჰეს-ები. ხსენებული სიმძლავრეების შენებას დაახლოებით 9-10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია და 10-15 წელიწადი დასჭირდება (შესაბამისი გარემოს არსებობის შემთხვევაში). საშუალო ზომის ჰესის დაპროექტებას და აშენებას დაახლოებით 5 წელი ესაჭიროება, ხოლო ინვესტიციის ამოღებას – ექსპლუატაციაში გაშვებიდან 8-10 წელიწადი. ასეთი დიდი მოცულობის გრძელვადიანი ინვესტიციის სრულად საქართველოში მოძიება შეუძლებელია და საბანკო სექტორიც არ არის მზად საშუალო და დიდი ზომის პროექტების დასაფინანსებლად. შესაბამისად, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ან სტრატეგიული ინვესტორებისგან.

მსოფლიოში ქვეყნებს შორის მიდის კონკურენცია, რათა რაც შეიძლება მეტი კაპიტალი მოიზიდონ ეკონომიკის განვითარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო შედარებით მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნად ითვლება, უცხოური კაპიტალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვა, თუ რისკის ფაქტორების გარკვეული დონით დაზღვევა ან შემცირება მოხდება. ამისთვის საჭიროა, ენერგოსექტორში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საინვეტიციო გარემო, მათ შორის, არა მარტო განვითარებაზე მორგებული ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებით, არამედ ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების მექანიზმის დახვეწის მიმართულებითაც.

ამ მიმართულებით მუშაობის დადებითი შედეგებით ისარგებლებს ელექტროენერგიის მომხმარებელიც, ენერგოკომპანიებიც და სახელმწიფო ბიუჯეტიც.

იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული პროექტები განხორციელდება, ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს დამატებით 20 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიაზე მეტის წარმოება, რაც ორჯერ აღემატება ამჟამად ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას და მომდევნო 15-20 წლის ზრდას დააკმაყოფილებს. ხსენებულ სიმძლავრეებს შეუძლიათ, ტარიფის გენერაციის კომპონენტის ზრდა ინფლაციის ტემპებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე შეინარჩუნონ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელზე, ასევე ენერგოტევადი ინდუსტრიების განვითარებაზეც. მაგალითად, ისლანდიაში ჰიდროელექტროსადგურების დიდი სიმძლავრეების არსებობამ (საერთო წარმოების 75%) სტიმული მისცა ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას.

თურქეთ-საქართველოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი თითქმის დასრულებულია. ის საშუალებას მისცემს ენერგოკომპანიებს, მეტი მოგება მიიღონ: თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასები საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალია. თუ იქნება შესაბამისი გარემო, საქართველომ შეიძლება დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. ამას ხელს უწყობს საბაზრო კონიუნქტურაც. საქართველოში ფასები გაზაფხული- ზაფხულის პერიოდში დაბალია (იმიტომ, რომ ჰეს-ებში ჰიდრორესურსების სიჭარბის გამო არ არის საჭირო თეს-ების ელექტროენერგია და იმპორტი), ხოლო თურქეთში მომხმარება ზაფხულის პერიოდში იზრდება და საბითუმო ფასებიც აქაურ ფასებს საშუალოდ 4-ჯერ აჭარბებს.

20 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის რეალიზიცია, პოტენციური ალტერნატივების ჩანაცვლების გათვალისწინებით, და ასევე ექსპორტი, ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 1.4-1.8 მილიარდი ლარით გაზრდის (ზუსტი ციფრი დამოკიდებული იქნება ამ წლებში არსებულ ელექტროენერგიის საბაზრო ფასზე), ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

გვერდითი ეფექტები

ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

• სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამჟამად ქვეყანაში შემოსული იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 3.25-ჯერ აღემატება (2012 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემები. სტატისტიკის დეპარტამენტი). მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის უარყოფითი ბალანსის გამოსწორება აუცილებელია.

• დამხმარე ინდუსტრიების განვითარების წახალისება. მაგალითად, სამშენებლო მასალების მწარმოებელ, სამშენებლო მომსახურებით დაკავებულ კომპანიებს, საპროექტო და კვლევით ინსტიტუტებს საკმაოდ დიდი სტიმული მიეცემათ განვითარების კუთხით. ზემოხსენებული ინვეტიციების დაახლოებით 60% სწორედ ჰეს-ის სამშენებლო ხარჯებს ხმარდება.

• დასაქმება თავისთავად გაიზრდება, განსაკუთრებით მშენებლობის პერიოდში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში თითქმის დაკარგული ჰიდროენერგეტიკოსის და ელექტროინჟინრის სპეციალობის ახალგაზრდა პროფესიონალების გაზრდას მიეცემა აზრი. ამჯამად სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი საპენსიო ასაკისაა და სამომავლოდ მათი ჩანაცვლება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ახალგაზრდებისთვის ამ სპეციალობით მუშაობა საინტერესო იქნება. ამჟამად, ამ სპეციალობის ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპანიებს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. ვინაიდან ინჟინრის სპეციალობა მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, ანაზღაურებაც შესაბამისად მაღალია. ამიტომ, ამ დარგში დასაქმება ქვეყნაში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

• ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელს სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება სერიოზულად აწუხებს. შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში, წყალსაცავები შესაძლოა გამოიყენონ რაიონებში წლის მიწოდების რეგულირების და მომარაგების მიზნითაც.

რა თქმა უნდა, ბევრი შემახსენებს გარემოზე უარყოფითი გავლენის ფაქტორს. უდავოა, დიდი წყალსაცავები გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჰეს-ების აშენების იდეის ოპონენტებს ხშირად მაგალითად მოჰყავთ ენგურჰესი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ენგურჰესის ნახევარი ზომის ჰესის აშენების პოტენციალიც არ არის და ამასთან, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ უარყოფითი ეფექტის შემცირებაც შესაძლებელია. მსოფლიოში ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ნებისმიერმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ჰიდროენერგეტიკის განვითარების სარგებლიდან გამომდინარე, ამაზე არავის უთქვამს უარი. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ნორვეგია (გამომუშავების 98%), კანადა, ავსტრია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბოსადგურების ეფექტი გარემოზე ბევრად უფრო უარყოფითია, ფასზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მედიის ნაწილი ხშირად საფუძველს მოკლებული და ხელოვნურად გაზვიადებული უარყოფითი არგუმენტებით ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ ჰეს-ების მშენებლობა არ არის კარგი ქვეყნისათვის. ამ სტატიით მოკლედ მინდოდა მეჩვენებინა ამ გადაწყვეტილების ფასი და ის, თუ რაზე სურთ გვათქმევინონ უარი.

 

კომენტარები