საპარლამენტო უმრავლესობა

კობა დავითაშვილი: ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები

"ჩვენ უკვე გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები, უკვე არის საჭირო ასი კაცი", - რადიო პალიტრის ეთერში, გადაცემა რეზიუმეში სტუმრობისას განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა. 
მისი თქმით, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება მთავრობის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნოს და ამ ცვლილებას მხარს 100 დეპუტატი დაუჭერს. 
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას შეუზღუდავს, პრაქტიკულად უზრუნველყოფილია, რადგან დეპუტატთა ორი მესამედი შესაბამის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. 
"პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, თუ პარლამენტი ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას. თუმცა, არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა პარლამენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში, ასევე, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დანიშნა, რადგან ეჩქარებოდა. ყველაფერი იყო დათვლილი, რათა თუნდაც ორდღიანი ვადა ყოფილიყო დათხოვისთვის. მას წარმოედგინა, რომ სამთავრობო კრიზისის პიკი მივიდოდა აპრილის პირველ რიცხვებში, მთავრობის გადაყენება დაიწყებოდა იანვარში, შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მთავრობის მოვალეობის შემსრულებლების წარდგენა და შემდეგ პარლამენტის დათხოვნა. ჩვენ სანაცვლოდ პრეზიდენტს ვუთხარით, რომ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის არ გვეშინია. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს ვეღარ ექნება უფლება, მთავრობის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნოს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

კომენტარები