პალესტინა

რა შეიძლება ვისწავლოთ პალესტინის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისგან?

ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მედიასივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გაეროში ჩატარებულმა კენჭისყრამ პალესტინის რეზოლუციის შესახებ. საქართველოს დელეგაციამ გენერალურ ასამბლეაზე „მწვანე” შუქი აანთო, ანუ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – ეს გადაწყვეტილება მართებულია თუ არა? რატომ გადაწყვიტა ასე საქართველოს ხელისუფლებამ და რამდენად დიდი ზიანი ან მოგება მოუტანა ამით ქვეყნის ინტერესებს? ამ სტატიაში შევეცდები, გავაანალიზო ეს პლუსები და მინუსები, თუმცა ასევე, ორიოდე სიტყვით შევეხები იმ რეაქციებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოჰყვა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

თავიდანვე ვიტყვი – მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მართებული იყო. უფრო სწორად, ვფიქრობ, რომ მსგავსი რეზოლუცია საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გატანილი გენერალურ ასამბლეაზე, რადგან ასეთი საკითხები სხვა ფორმით უნდა წყდებოდეს. თუმცა, რადგან საკითხი გენერალურ ასამბლეაზე გავიდა, საქართველოს მხრიდან „მწვანე ღილაკის” დაჭერა საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი იყო.

რა მოტივები ამოძრავებდა საქართველოს?

დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო რეზოლუცია, რომელშიც რამე ისეთი ეწერა, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონდა გაკეთებული ან აღიარებული. საქართველომ 1992 წელს აღიარა პალესტინა და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები პალესტინის ხელისუფლებასთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მხარს უჭერდა პალესტინასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ რეზოლუციებს, რადგან მიაჩნდა, რომ ჰუმანიტარული საკითხები გაეროში სწორედ გენერალური ასამბლეის მიერ უნდა განიხილებოდეს. საქართველოს ასევე მრავალჯერ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება ისრაელის უსაფრთხოების პრიმატის მიმართ და კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს პრინციპზე” დაყრდნობით მოგვარებასთან დაკავშირებით. მოკლედ, საქართველომ ამ რეზოლუციით არაფერი ახალი არ თქვა. მან გაიმეორა ის, რაც აქამდეც ბევრჯერ უთქვამს.

საქართველო უფრო დიდი დილემის წინაშე იქნებოდა, ეს რეზოლუცია რომ პალესტინის გაეროში ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობდეს. შარშან, როდესაც იუნესკოში პალესტინის გაწევრიანების რეზოლუცია გავიდა, საქართველომ მას მხარი არ დაუჭირა. მაშინ მოტივაცია გასაგები იყო – ყველას მიერ არაღიარებული სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობაზე დათანხმება საქართველოსთვის მარტივი არ არის გასაგები მიზეზების გამო.

ამასთან, აშშ-ის კონგრესს 1990-იან წლებში მიღებული აქვს ორი კანონი, რომლის მიხედვით, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებშიც პალესტინა გაწევრიანდება, აღარ იქნებიან დაფინანსებული აშშ-ის მიერ. შესაბამისად, შარშან საქართველომ ხელი არ შეუწყო ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც იუნესკოსთვის დაფინანსების შემცირებას გამოიწვევდა. პალესტინის გაწევრიანების შემდეგ აშშ-მა მართლაც არა მხოლოდ შეუწყვიტა იუნესკოს დაფინანსება, არამედ დავალიანებებიც კი არ გადაიხადა (ჯამში 144 მილიონი დოლარი), რითაც მის ფუნქციონირებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 29 ნოემბრის რეზოლუციაში გაეროს წევრობაზე საუბარი მხოლოდ იმ კონტექსტშია, რომ გაკეთებულია მოწოდება, უშიშროების საბჭოზე პოზიტიურად განიხილოს 2011 წლის 23 სექტემბერს პალესტინის მიერ გაეროს სრულ წევრობაზე გაკეთებული განაცხადი.

მოკლედ რომ ვთქვათ, შინაარსობრივად საქართველო ემხრობოდა ყველაფერს, რაც ამ რეზოლუციაში ეწერა. ანუ, პრინციპული თვალსაზრისით, საქართველო სწორად მოიქცა. საინტერესოა, რომ თუ ავიღებთ 2012 წლის 27 ივნისს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს სივილ.ჯი-სთან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი პასაჟი პალესტინის შესახებ იმავე სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, რითაც 29 ნოემბრის რეზოლუცია.

ცალკე საკითხია არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან. რუსეთის ფედერაციას დიდი ხანია დეკლარირებული აქვს, რომ სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი აღიარება ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე აზიის კონტინენტზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში იყო. არაბული ლიგა, რომელიც პალესტინის რეზოლუციას მხარს უჭერს, ჯამში 22 სახელმწიფოს აერთიანებს (სირიის ჩათვლით). შესაბამისად, საქართველომ ამ ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, ეს ის რეგიონია, სადაც არც აშშ-ს და არც ევროკავშირს დიდი გავლენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, რომ საქართველო არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ღიად შეეწინააღმდეგება არაბული ლიგის პოზიციას, განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც საქართველოს პოზიცია წლების განმავლობაში ემთხვეოდა არაბულ პოზიციას.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს არაბული სამყაროს მიერ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ. დევნილების რეზოლუციის პოტენციური მხარდაჭერა. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ტრადიციულად დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს ამ რეზოლუციის მომზადებაზე, ფიქრობს არაბული ლიგის სავარაუდო ხმებზე. წელს ორმა არაბულმა სახელმწიფომ მისცა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ (სუდანი და სირია), ხოლო მხარი არცერთს არ დაუჭერია. საქართველოს ხელისუფლების გათვლა ალბათ იმაზე იყო, რომ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერით, არაბული ლიგა თავს ვალდებულად იგრძნობს და საქართველოს რეზოლუციაზე რამდენიმე ქვეყანა მაინც დაიკავებს „მწვანე” პოზიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკა ჩემთვის გასაგებია – პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში არაბული ლიგის ხმების მიღების შანსი ნამდვილად არის, ხოლო ამ რეზოლუციაზე რომ თავი შეგვეკავებინა, შანსი ძალიან მცირე იქნებოდა.

დაბოლოს: საქართველოს გადაწყვეტილი აქვს კენჭი იყაროს უშიშროების საბჭოში 2014 წლისთვის. არჩევნები 2013 წელს ტარდება. უშიშროების საბჭოში მოსახვედრად ყველა ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ადვილად სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობას ეს გათვლაც ჰქონდა.

რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერას?

ბუნებრივია, მთავარი პრობლემა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ამ რეზოლუციის მხარდაჭერისას იფიქრებდა, ისრაელის და აშშ-ის სავარაუდო რეაქციას უკავშირდება.

მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
დავიწყოთ აშშ-ით. საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ბევრ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე იდენტურ პოზიციაზე იმყოფებიან, იქნება ეს ავღანეთში არსებული მდგომარეობა თუ სირიასა და ლიბიაში მიმდინარე პროცესები. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ გაეროში რეზოლუციებზე კენჭისყრისას საქართველო ყოველთვის ისე იქცევა, როგორც აშშ. ავიღოთ ოთხი მაგალითი, სადაც საქართველოს პოზიცია აშშ-სგან განსხვავებულია:

კოსოვო: საქართველო და აშშ კოსოვოსთან დაკავშირებულ საკითხზე განსხვავებულ პოზიციაზე იმყოფებიან. აშშ მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, საქართველო კი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეთანხმება არ მოხდება, შესაბამისად, საქართველო ალბათ გააგრძელებს ამერიკისგან განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნას. უახლოეს ხანებში კოსოვოს თემატიკა ალბათ გააქტიურდება, რადგან კოსოვო შეეცდება გაწევრიანდეს მთელ რიგ ევროპულ ინსტიტუტებში. ძნელად წარმომიდგენია, ამ საკითხზე საქართველომ თავისი პოზიცია შეცვალოს.

კუბის სანქციები: ანალოგიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს აშშ-ის მიერ კუბისადმი გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით. 1992 წელს, როდესაც გენერალურმა ასამბლეამ პირველად მიიღო ეს რეზოლუცია, მას მხარს მხოლოდ 59 სახელმწიფო უჭერდა და ორი წინააღმდეგი იყო (აშშ და ისრაელი). 2012 წლის 13 ნოემბერს იმავე შინაარსის რეზოლუციას უკვე მხარი დაუჭირა 188 სახელმწიფომ (რეკორდული მაჩვენებელი), წინააღმდეგი სამი იყო (აშშ, ისრაელი და პალაუ), ხოლო თავი შეიკავეს მარშალის კუნძულებმა და მიკრონეზიამ. საქართველო ამ რეზოლუციას ტრადიციულად უჭერს მხარს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ აშშ-სთვის მტკივნეულ თემებზე საქართველოს აქამდე განსხვავებული პოზიცია არ დაუჭერია, არასწორია.

პალესტინის რეზოლუციები: ცალკე აღნიშვნის ღირსია პალესტინასთან დაკავშირებული რეზოლუციები, რომელთა რაოდენობა 20-მდე ადის, ხოლო თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია – დაწყებული დევნილების უფლებით, დასრულებული პალესტინის მოსახლეობის ჯანდაცვისადმი ხელმისაწვდომობით. საქართველოს პოზიცია ამ რეზოლუციებზე უკანასკნელ წლებში პოზიტიური იყო, განსხვავებით აშშ-ისა და ისრაელის პოზიციებისგან, რომლებიც ან წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას, ან თავს იკავებდნენ.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ აშშ-ის რეაქცია არ უნდა ყოფილიყო მთავარი შემაკავებელი საქართველოსათვის. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეზოლუციას წინ უსწრებდა ფილიპ გორდონის და ერიკ რუბინის ვიზიტი, ხოლო კენჭისყრის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სავარაუდოა, რომ აშშ-სთან ამ თემაზე საუბარი იქნებოდა. ის, რომ ამერიკას ჩვენი პოზიცია ესმის, ასევე კარგად გამოჩნდა ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში, რომელიც კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში გაკეთდა. ამ განცხადებაში, თუ ქართულ სააგენტოებს ვენდობით, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციის ესმის.

დარჩა ყველაზე მთავარი პრობლემა – ისრაელის პოზიცია, რასაც, დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია მრავალჯერ გააანალიზებდა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას წარუდგენდა პრემიერმინისტრს. ისრაელთან ჩვენს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არ შევათანხმებდით, რადგან ძნელი წარმოსადგენია მისგან თანხმობა მიგვეღო, თუმცა არც მხარდაჭერას შევპირდებოდით, რაც გამოცდილი დიპლომატისთვის საკმარისი გზავნილი უნდა ყოფილიყო.

ჩემი აზრით, ისრაელის ელჩის მიერ გაკეთებული საჯარო დემარში სრულიად გასაგებია, რადგან ისრაელის დიპლომატებს, სავარაუდოდ, მსგავსი დემარშების გაკეთება ყველა იმ ქვეყანაში დაავალეს, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ისრაელს და საქართველოს ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვთ (მიუხედავად ფუქსის და ფრენკელის ისტორიისა) და ისრაელის ხელისუფლებას, ასევე საქართველოში მრავლად მცხოვრებ ებრაელებს ეს გადაწყვეტილება არ ესიამოვნებოდათ, მაგრამ მათთვის რომ ხელისუფლებას უკეთ აეხსნა მოტივაცია, დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა.

რაც შეეხება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გადადებას, ჯერ ნათლად არ არის გარკვეული, ეს ვიზიტი პალესტინის რეზოლუციის გამო გადაიდო, თუ სხვა მიზეზებით. თუ პალესტინის ვიზიტის გამო, ეს გადაწყვეტილება ცოტა უცნაური იქნება, რადგან რეზოლუციას ჩვენ გარდა მსოფლიოს კიდევ 137-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და მხოლოდ საქართველოს ამორჩევა, როგორც მინიმუმ, უცნაურია.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ მხოლოდ რეზოლუციას კი არ დაუჭირა მხარი, იქვე კენჭისყრაზე მიღებული გადაწყვეტილებაც ახსნა. აქ საქართველომ პრაქტიკულად გაიმეორა ყველა ის პუნქტი, რაც ისრაელის და აშშ-ის დელეგაციებმა თქვეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ „დიპლომატიური” ნაბიჯი გადადგა – საქციელით მხარი პალესტინას დაუჭირა, სიტყვით კი – ისრაელს.

ცალკე უნდა გამოიყოს ის ინსინუაციები, რაც ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმით საქართველომ თითქოს ჰამასი აღიარა, ჰამასის აღიარებით კი ირიბად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომელსაც ჰამასი 2008 წლის 26 აგვისტოს მიესალმა. ეს ლოგიკური ჯაჭვი სრულიად გაუგებარია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ჰამასი არ უღიარებია.

საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის, პალესტინის ლეგიტიმურ მმართველად კვლავ ფატჰი და აბასის მთავრობა რჩება. დიპლომატიური ურთიერთობებიც სწორედ მათთან გვაქვს. შესაბამისად, ჰამასის აღიარებას ამ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს. შეგნებულად აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად მართალია, რომ ჰამასმა აფხაზეთი აღიარა. 2008 წლის 26 აგვისტოს ჰამასის პრესსპიკერმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, სადაც მიესალმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებას, რითიც, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას დარტყმა მიაყენა, მაგრამ რამდენად ნიშნავს ეს განცხადება დიპლომატიურ აღიარებას, ეს იურისტების გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, არ ნიშნავს. ასეც რომ იყოს, პალესტინის რეზოლუციას ჰამასის აღიარებასთან საერთო არაფერი აქვს.

რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ?

ისრაელის ელჩი გაეროში რონ პროსორი
ამ ყველაფერზე უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ, თითქოს ყველაფერი ითქვა, ყველა მოსაზრება მოითელა. პალესტინის ქეისიც წარსულს ბარდება, თუმცა ჩემთვის ამ შემთხვევამ სამი სხვა პრობლემა გახდა უფრო ნათელი.

პირველი: ახალ ხელისუფლებას აშკარად სჭირდება ორი თემის გამოსწორება – შიდა კოორდინაციის და საზოგადოებრივი ურთიერთობების. შიდა კოორდინაციის პრობლემა ნათლად გამოჩნდა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა და მათგან თითქმის ყველა გაკვირვებული იყო არა მხოლოდ რეზოლუციის მხარდაჭერით, არამედ იმითაც, რომ ასეთი რეზოლუცია საერთოდ გავიდა ისე, რომ მათ არ იცოდნენ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ჯერ ახალია და სწავლობს, მაგრამ მეტი კოორდინაციის შესახებ ზრუნვა ახლავე თუ არ დაიწყეს, მალე უფრო მეტი საკითხი იქნება გადასაწყვეტი და მაშინ უარესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მარჯვენა ხელის მიერ მარცხენა ხელის გეგმების შესახებ არცოდნას.

აი, საზოგადოებრივი ურთიერთობები კი უკვე კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. ეს პალესტინის რეზოლუციის შემთხვევამაც კარგად აჩვენა. საკმარისი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება მიეცა, რომ სიტუაცია უფრო ნათელი გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, განმარტება ძალიან გვიან გაკეთდა. შესაბამისად, ხელისუფლებას ისევ რეაგირების რეჟიმში მოუხდა ყოფნა. განსხვავების მისახვედრად, გეტყვით, რომ კვიპროსის (მაგალითად კვიპროსი იმიტომ მომყავს, რომ მასაც აქვს „კონფლიქტი” და მანაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას) საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრამდე გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად ახსნა თავისი პოზიცია. შესაბამისად, საზოგადოების რეაქცია იქ ისეთი მწვავე არ ყოფილა. ალბათ კარგი იქნება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღადგენს ორშაბათის ბრიფინგების ტრადიციას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს დაგეგმილი მოვლენების შესახებ.

მეორე: ხელისუფლების ცვლილებამ, როგორც ჩანს, „დააბრმავა” საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, ე.წ. ექსპერტები. ნაწილი ივანიშვილის ზიზღმა დააბრმავა, ნაწილი კი სააკაშვილისამ. სამწუხაროდ, სიბრმავე სიბრმავეა. ძალიან ბევრი ადამიანის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, „ექსპერტის” პირველი რეაქცია იყო „ეს ლომაიამ გააჩალიჩა”, ან „ეს მიშამ მოაწყო”, ან „საბოტაჟს ჰქონდა ადგილი”. ბარიერის მეორე მხრიდან მყისვე გაისმა – „მორიგი სისულელე ივანიშვილის მხრიდან”, „ჯერ სად ხართ?!”, „ხომ ვამბობდით, მოღალატეები მოვიდნენ ხელისუფლებაში”.

რაც ყველაზე ცუდია, ეს შეფასებები უაპელაციოდ გაკეთდა, ყველანაირი მცდელობის გარეშე, რომ გარკვეულიყვნენ, რეალურად რა მოხდა. ამგვარი „ექსპერტების” უმრავლესობამ მყისიერად ჩამოარიგა ინტერვიუებიც. ნიშანდობლივია, რომ დღის ბოლოს, ანუ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ბევრი მოსაზრება დაგროვდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა და „ექსპერტებმაც” ან „ინსტრუქციები” მიიღეს, ან პალესტინასთან დაკავშირებული საკითხები „დაგუგლეს”. შედეგად, მათი რიტორიკაც შეიცვალა და უფრო რაციონალურ ჭრილში გადაინაცვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სავალალო სახე.

მესამე: პალესტინის რეზოლუცია რომ ნოემბრის ბოლოს გადიოდა, ამის შესახებ საქმეში ოდნავ ჩახედულ ადამიანს აუცილებლად უნდა სცოდნოდა მინიმუმ სამი თვის წინ. ვინც საგარეო პოლიტიკას თვალს ადევნებს და საერთაშორისო ამბებით ინტერესდება, მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი მალე დადგებოდა დღის წესრიგში. ამიტომ, ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო ამხელა აჟიოტაჟი და გაოცება. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა „რეაქციული ექსპერტების” კულტურა, ანუ ჯერ ფაქტი ხდება, შემდეგ „ექსპერტი” მას აფასებს, ოღონდ ისე, რომ მომხდარს სულ არ ელოდა, და არც სიღრმეებში ჩაძიება უფიქრია.

ამიტომაა, რომ მხოლოდ საქართველოში შეუძლია ერთსა და იმავე „ექსპერტს”, თანაბარი სიამაყით და თვითდაჯერებულობით შეაფასოს ამერიკული პეპლის მიერ დასავლეთ საქართველოში სარგავებისთვის მიყენებული ზარალი, ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ინდიკატორების ცვლილება, პალესტინის რეზოლუციაზე პოზიციის გამოხატვა და მალავიში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენა სამხრეთ აფრიკის რეგიონულ პოლიტიკაზე. ოღონდ ამ ყველაფრის შეფასება ე.წ. ექსპერტებს შეუძლიათ მხოლოდ პოსტფაქტუმ, მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გუგლიდან, ან, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, უშუალოდ ჟურნალისტისგან გაიგებენ.

 

კომენტარები