თავდაცვის მინისტრი

ირაკლი ალასანია: 4 წლის შემდეგ პროფესიულ არმიაზე სრულად გადასვლაა დაგეგმილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 4 წლის შემდეგ პროფესიულ არმიაზე სრულად გადასვლაა დაგეგმილი.

მისი განმარტებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვემდე შემცირდება, რის შემდეგაც უწყება სრულად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე. 

"ძალით არავინ არ უნდა წავიყვანოთ ჯარში. ყველა პროფესია ღირსეულია, მაგრამ ჯარი, შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულია და აქ უნდა მსახურობდნენ მხოლოდ პროფესიონალური განათლების მქონე პირები, რომელთაც სულში უდევთ ქვეყნის სამსახურში თავის გაწირვაც კი. არა გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პერიოდში მთლიანად გარდავქმნით შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ჩვენ ჩავყრით მყარ საფუძველს თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარებისთვის", - აცხადებს ალასანია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქნება ის კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ალასანიამ განაცხადა, რომ ''გამორიცხული არაფერია''. 

"გამორიცხული არაფერია. დარწმუნებული ვარ, კარგი კანდიდატი გვეყოლება, რომელსაც გამარჯვების დიდი ამბიცია ექნება. ვინ იქნება კანდიდატი, კოალიცია უახლოეს თვეებში გადაწყვეტს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები