ჯანდაცვის სამინისტრო

დიმიტრი ხუნდაძე: 1-ლი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 1-ლი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. 

"ვემზადებით, რომ შემოვიღოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პაციენტი იქნება გარანტირებული; სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ ჯანდაცვის მხრივ დაცული იქნება. 1-ლი ივლისიდან მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება. ასევე გაიზრდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება.

"საუბარია დაახლოებით ისეთ პაკეტზე, როგორიც პენსიონერებს აქვთ, თუმცა შევეცდებით, რომ მომსახურება ხარისხიანი იყოს. ეს გულისხმობს ნებისმიერ ექიმთან უფასოდ კონსულტაციას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც ამბულატორიულს, ასევე სტაციონარულს. აღნიშნული პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება. სექტემბრიდან დაზღვევის გაფართოებულ პაკეტზე გადავალთ, რომელიც გეგმური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას გულისხობს. სადაზღვევო პოლისებში ჩადებულია უფასოდ მშობიარობა, ხოლო თუ ვინმეს განსაკუთრებული პირობები სურს, მას შეუძლია, დამატებით გადაიხადოს. ყველა სამშობიარო სახლი სახელმწიფოსგან სათანადო ანაზღაურებას მიიღებს იმისთვის, რომ მშობიარობა უფასო იყოს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები