აშშ

ობამამ თავდაცვის მდივნის პოსტზე ჰეიგელი წარადგინა, CIA-ის დირექტორად კი - ჯონ ბრენანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის მდივნის პოსტზე, ნებრასკის ყოფილი სენატორი ჩაკ ჰეიგელი წარადგინა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე კი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში მისი მრჩეველი - ჯონ ბრენანი.  
ობამას მიერ ნომინირებული პირები ახლა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა კანდიდატებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმის.
"იმედი მაქვს, რომ სენატი სწრაფად იმოქმედებს. როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ჩვენ არ მოგვწონს ხანგრძლივი შუალედები ლიდერთა ტრანციზიის პროცესში, ამიტომ  სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში ამ ნომინაციების დამტკიცებას, სავარაუდოდ, მწვავე დებატები მოჰყვება - განსაკუთრებით, ჰეიგელთან მიმართებით. როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა შეშფოთება გამოხატეს ისრაელთან დაკავშირებით ჰეიგელის ძველ განცხადებებზე. 2006 წელს, ყოფილი სენატორი, ვაშინგტონში გავლენიანი ებრაული ლობის გამო წუხილს გამოთქვამდა, კოლეგებს კი ირანთან ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირ მოლაპარაკებებზე წასვლას სთავაზობდა. 
ობამამ, შესაძლოა, უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკაც დაიმსახუროს CIA-ის დირექტორის პოსტზე ბრენანის დასახელების გამო. სააგენტოში 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ბრენანი ე.წ. აგრესიული დაკითხვის მეთოდების მომხრეა. სწორედ ამ მიზეზით, მის მიმართ 2008 წელს კრიტიკა ისმოდა, რის გამოც მას CIA-ის დატოვება მოუწია. ბოლო პერიოდში იგი პრეზიდენტის მრჩეველი იყო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.

კომენტარები