დიდი ბრიტანეთი

არჩევითი პოლიციის უფროსები

0 კომენტარი

ბრიტანეთი დავიწყებულ ტრადიციას უბრუნდება

ნოემბერს ინგლისსა და უელსში უჩვეულო არჩევნები გაიმართა: მოსახლეობამ, უფრო სწორად, ხმის უფლების მქონეთა 15%-მა, ადგილობრივი პოლიციის უფროსები აირჩია.

ახლადარჩეული კომისრები 41 საპოლიციო ოლქს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ, მუშაობის მთავარ მიმართულებებსა და საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავენ და ყოველწლიური ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 65-დან 100 ათასამდე გირვანქას მიიღებენ.

წესრიგის დამცველთა არჩევითობა ამერიკულ ტრადიციად ითვლება და ცოტამ თუ იცის, რომ ეს წესი სათავეს დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ, ლა-მანშის სრუტეში მდებარე ჯერსის სამეფო მიწიდან იღებს. ჯერსელმა ახალმოსახლეებმა ნიუ ჯერსის კოლონია დააარსეს და საკუთარი წეს-ჩვეულებები ამერიკაში დაამკვიდრეს. თავად გაერთიანებული სამეფოს უდიდეს ნაწილში კი პოლიციის უფროსთა არჩევითობის ტრადიცია თანდათან დაიკარგა.

დანაშაულის მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, ტრადიციულად, მაღალია, თუმცა 2009 წელს გამოქვეყნებულმა ევროკომისიისა და გაეროს ერთობლივმა კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობის მიხედვით, სამეფომ აშშ და სამხრეთ აფრიკაც კი ჩამოიტოვა და მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. შედეგად, დიდი ბრიტანეთის პოლიციის რეფორმირების საკითხი ძალზე აქტუალური გახდა.

2010 წელს კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების სამთავრობო კოალიციამ პოლიციის მასშტაბური რეფორმა დაიწყო და სულ რაღაც 1 თვის წინ, დავიწყებული ტრადიციაც აღდგა: თანამედროვე ეპოქაში პირველად, საპოლიციო ოლქების არჩევნებში გამარჯვებული 16 კონსერვატორი, 13 ლეიბორისტი და 12 დამოუკიდებელი კომისარი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

გამონაკლისია ორი სტრუქტურა, ლონდონ სითის პოლიცია და მეტროპოლიტენის პოლიცია, რომლებიც დედაქალაქის საქმიან ცენტრსა და შემოგარენში იცავენ წესრიგს და ლონდონის მერის დაქვემდებარებაში რჩებიან. დამოუკიდებელ სამართალდამცავ სისტემას ინარჩუნებენ შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდიაც.

პოლიციის რეფორმა სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებული პროექტია. 2010 წელს პრემიერმინისტრის სავარძლის მორგებისთანავე, დევიდ კამერონმა „სახელმწიფო მნიშვნელობის უკანასკნელ არარეფორმირებულ უწყებაში” ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა და ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის

მიუხედავად, „საპოლიციო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ხალხისთვის გადაცემის” დაკანონება მოახერხა.

ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ძვირადღირებული ინიციატივა პოლიციის მიუკერძოებლობას ძირს უთხრის და შეზღუდული ფინანსების პირობებში, წესრიგზე უშუალოდ პასუხისმგებელი რიგითი ოფიცრების შემცირებას იწვევს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა კომისრების არჩევნებს „არასწორ დროს მიღებული არასწორი გადაწყვეტილება” უწოდა.

ერთი მხრივ, მართლაც საკამათოა, თუ რამდენად დემოკრატიულია პოლიციის პოლიტიზება და უმრავლესობის არჩევანის დაკანონება იმ პროფესიაზე, რომელსაც ძალის გამოყენების უფლება აქვს. სამართალდამცავები საზოგადოების ყველა წევრის უსაფრთხოების დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, არჩევითობამ კი, შესაძლოა, ეს ქვეყნები უმრავლესობის პრეფერენციების წინ წამოწევასა და უმცირესობის ინტერესების შელახვამდე მიიყვანოს.

მეორე მხრივ, აშშ-ის 48 შტატის მაგალითი ადასტურებს, რომ წესრიგის დამცველთა არჩევითობამ, გამართული კონტროლის მექანიზმების პირობებში, პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეიძლება გაზარდოს და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, წესრიგის უკეთ დაცვა უზრუნველყოს.

სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება მმართველი კოალიციის პოზიცია. გარდა ამისა, მთავრობა პოლიციის დემოკრატიზაციაზე აპელირებით რეფორმის სხვა ნაკლებად წარმატებული მხარეების გადაფარვასაც ცდილობს. ბოლო პერიოდში პოლიციის ცენტრალური დაფინანსება 20%-ით შემცირდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ტერეზა მეისა და გენერალური

ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი გლოსტერშირის პოლიციელებს ხვდება
ინსპექტორის, ტომ უინზორის მიერ პოლიციის რესტრუქტურიზაციის, კადრების შემცირებისა და დაწინაურების მექანიზმების ცვლილების პროექტმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მასშტაბურ ცვლილებებს „შეჩვეულ ჭირს” ამჯობინებს. ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოში მნიშვნელოვანი რეფორმა ბოლოს 1978 წელს განხორციელდა, თუმცა სისტემა ძირითადად მაინც 1920-იან წლებში შექმნილი მოდელის მიხედვით ფუნქციონირებდა.

სიტუაციას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, დანაშაულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა დიდი ბრიტანეთი ევროპელ მეზობლებთან შედარებით კვლავ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სამეფოს ევროპაში ყველაზე მეტი თინეიჯერი ნარკოტიკის მომხმარებელიც ჰყავს. ამ ფონზე საკამათოა, თუ რამდენად შეძლებენ ახლადარჩეული კომისრები კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა შემცირებული ბიუჯეტის გამო თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ.

ცხადია, რომ ამ და სხვა მასშტაბურ პრობლემებზე მოსახლეობა მხოლოდ „პოლიციის დამოკრატიზაციის” გამო თვალს არ დახუჭავს. ბრიტანელები სამართალდამცავთა მუშაობის ხარისხს ჯერ კიდევ 1829 წელს, სერ რობერტ პილის მიერ დამკვიდრებული პრინციპით აფასებენ: „პოლიციის ეფექტურობა იზომება არა თანამშრომელთა აქტივობებით, არამედ დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით”.

რამდენად გაამართლებს ბრიტანელების იმედებს კონსერვატორების 75 მილიონ გირვანქად შეფასებული რეფორმა, დრო გვიჩვენებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები