ფეხბურთი

ზვიად სიჭინავა: ჩვენი ფედერაცია დღეს ძლიერი ორგანიზაციაა

დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ კენჭისყრაზე, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდა. 2015 წელს, თბილისი უეფას სუპერთასის მასპინძელი ქალაქია. მოსამზადებელ სამუშაოებზე, ფედერაციის საქმიანობაზე, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებზე და სხვა საინტერესო თემებზე ტაბულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ესაუბრა.

თქვენ სულ ახლახან ჩამობრძანდით შვეიცარიიდან, სადაც იმის გარდა, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების საელიტრაუნდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ასევე გადაწყდა, რომ 2013 წლის შემოდგომაზე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ეტაპის მასპინძელი ქალაქი თბილისი იქნება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება კენჭისყრისა და ზოგადად ვიზიტის თქვენეული შეფასება.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა გამარჯვებულის პოზიციიდან მიწევს საუბარი. ქვეყნებმა ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, შესაბამისად, თბილისში ჩატარდება 17 და 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ნაკლებად გამოცდილ 17-წლამდელებს საკუთარ კედლებში მოუწევთ ასპარეზობა, დიდი საქმეა. რაც შეეხება 19-წლამდელთა ნაკრებს, მათ საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით მეტი გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესო იქნება მოედანზე მათი თამაშის ხილვა. ამას გარდა, ჩვენ 2013 წლის ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლება მოგვანიჭეს, რითაც უეფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.

როგორც ვიცით, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც შეხვდით...

პლატინისთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. უეფას პრეზიდენტი კენჭისყრაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მე და რევაზ არველაძე თავისთან მიგვიპატიჟა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, რომელიც იმ საერთო პროექტებს ეხებოდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან ერთად ახორციელებს. პლატინიმ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ნდობა, დაინტერესდა, როგორ ვემზადებით 2015 წლის სუპერთასისთვის.

საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა. როგორ მიმდინარეობს სუპერთასისთვის მზადება?

იცით, ეს არის ეტაპობრივი პროცესი. ახლახან გრიგორი სურკისი იმყოფებოდა თბილისში და იმ ინფორმაციით, რომელიც მივაწოდეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან სახელმწიფოსგან ყველა საჭირო გარანტიები მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი უკვე გავლილია.

მიმდინარეობს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია. მინდა ვთქვა, რომ გრაფიკს წინ ვუსწრებთ. იმას, რაც მაისში იყო გასაკეთებელი, დეკემბერში ვასრულებთ. მალე თბილისში ტექნიკური სალიცენზიო ჯგუფი ჩამოვა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს შეაფასებს.

ეს იმხელა ზეიმია, რომ ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. გასათვალისწინებელია მრავალი დეტალი, მაგალითად: სასტუმროები, აეროპორტი, რესტორნები, კვების ბლოკები. ეს არ არის მხოლოდ ერთი თამაში, მხოლოდ 90 წუთი, ეს არის 3-4 დღიანი პროცესი. ამ პერიოდში, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე აჩვენებს საკუთარ სახეს.

ცოტა ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდით, სადაც მან სინდისში ჩახედვისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ მოგიწოდათ. მიუხედავად ამისა, თქვენ რჩებით პოსტზე...

ყიფიანმა მითხრა, რომ სინდისში ჩამეხედა, უნდა გადავმდგარიყავი თუ – არა. მე ჩავიხედე და ვთვლი, რომ არ უნდა გადავდგე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ შეხვედრაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამოითქვა სურვილი, რომ სპორტული ფედერაციები ოლიმპიურ ციკლს მიაბან. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვექვემდებარებით ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ფიფა და უეფა, მათ კი განსხვავებული ციკლი აქვთ.

მოდი, ზოგადად ვისაუბროთ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობის შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად უნდა იყოს ფედერაცია სახელმწიფოზე მატერიალურად დამოკიდებული და რამდენად უნდა ერეოდნენ სახელმწიფო მოხელეები, იქნება ეს სპორტის მინისტრი თუ ვინმე სხვა, ფედერაციის საქმიანობაში?

უეფას და ფიფას რეგლამენტში წერია, რომ არცერთი სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში.

რაც შეეხება დაფინანსებას, დღეს მსოფლიოში არის ასეთი ტენდენცია – სამოყვარულო ფეხბურთს, ინფრასტრუქტურას, უვლის სახელმწიფო – ეს არის სოციალური პროექტი. თუ რეგიონს სჭირდება, რომ იქ, მაგალითად, 8-12 სტადიონი აშენდეს, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამას სოციალური პროგრამით სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. შეუძლია არც გააკეთოს, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა.

სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სპორტში, შესაბამისად, არც ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში. თუმცა ის, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ქვეყნის საკეთილდღეოდ მათთან ვითანამშრომლოთ და ყველანაირი სასიკეთო საქმე ერთად ვაკეთოთ, ესეც ისეთივე მარტივი მგონია, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

თქვენ 2009 წლიდან ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. იქნებ თქვენს ოპონენტებსა თუ მომხრეებს ვრცლად გავაცნოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში. რა საკითხებშია წინსვლა?

ეს იმდენად ვრცელი თემაა, ნამდვილად გამიჭირდება მოკლედ ვისაუბრო. ჩვენ სულ ახლახან გავაკეთეთ ფილმი, სადაც მოკლედ – მხოლოდ დასახელებებს და მცირე რეზიუმეებს ვთვლით და ასეც კი ერთსაათიანი გამოვიდა, ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ერთი დღეც არ გვეყოფა.

თქვენ ოდესმე გინახავთ, რომ ადამიანზე, რომელსაც არაფერი გააჩნია, ვინმე რაიმეს იძახდეს? ყოველთვის ძლიერებზე საუბრობენ და მიმაჩნია, რომ ჩვენი ფედერაცია დღეს ძლიერი ორგანიზაციაა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო: მას შემდეგ, რაც ფედერაციაში მოვედი, ანუ 2009 წლიდან დღემდე, არცერთი ადამიანი სამსახურიდან არ გამიშვია. ერთადერთი, ვინც მათ დაემატა, ვარ მე – ერთი პატარა კაცი. ამ ხალხის მიერ არის ყველაფერი გაკეთებული. ჩვენ ისინი რაღაც მიმართულებით მიგვყავს, რომ შედეგებამდე მივიდეთ. დამიჯერეთ, ზვიად სიჭინავა პირადად კი არ აკეთებს ბაზაზე მილების პროექტირებას, ამაზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ხალხი ზრუნავს, ჩვენ კი ვეხმარებით. ექიმი მეუბნებოდა, თუ როგორი მაგიდა სურდა მასაჟისთვის, მწვრთნელი მეუბნებოდა, როგორი ხარისხის მოედანი სურდა, სხვანი მეუბნებოდნენ, თუ როგორი ბურთები, სათამაშო ფორმები სურდათ. მე ყველას უნდა დავეხმარო, რომ შედეგი მივიღოთ.

თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ ფედერაციას არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ფეხბურთი. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

რა თქმა უნდა, რეალობაა. რა გეგმაა, როდესაც ყოველ ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდებში გადიხარ? ეს ხომ გეგმა არ არის, ჰაერიდან მოდის ყველაფერი. ალბათ კამათელი გავაგორეთ სარფიანად და ამის შედეგია ყველაფერი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...

რას ჰქვია გეგმა არ გვაქვს? ლიცენზირების გეგმა არ გვაქვს, რომელსაც მივყვებით, თუ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმა, რომელსაც ასევე ვახორციელებთ? ზუსტად იმ ოპონენტებმა ჩაიხედონ თავის სინდისში. ალბათ ისინი იყვნენ ჩემამდე აქ და მაგათ დროს იყო, რომ ყოველ მეორე ბავშვს, ასაკი გადაკეთებული ჰქონდა. ჩვენ კი სამი წელია დავდევთ და დღესაც ვიჭერთ ბავშვებს, ვისაც საბუთები გადაკეთებული აქვთ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს 20 სტადიონი სჭირდება. ვიმეორებ – 20. აბა, ჩადით სამტრედიაში, ქობულეთში, სადაც ახლა ხელოვნურსაფარიანი სტადიონებია – საღამოს 7-8 საათზეც კი თამაშობენ ბავშვები. ბევრჯერ გამიგონია, ფეხბურთში მთავარია ბურთი და მოედანიო, ეს ბურთი და მოედანი არ იყო სწორედ. დღეს კი არის. სწორი გათვლებია საჭირო, მენეჯმენტის, ფინანსების საკითხია.

ბოლო დროს, აქტიურად დაიწყო პრემიერლიგის დაფუძნებაზე საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბების მეპატრონეთა უმრავლესობას სურს, რომ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების უფლება ფედერაციამ მათ გადასცეს. თქვენ განაცხადეთ, რომ მზად ხართ განიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზება, მაგრამ ფინანსების მოზიდვის და მსაჯების ანაზღაურების მხრივ, პრემიერლიგას ახლანდელზე უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერაციამ არ უნდა მოითხოვოს იმაზე უკეთესი პირობები, რასაც თავად აკეთებდა. როგორი იქნება ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია?

მე რომან ფიფიასთანაც და ყველა კლუბთან მქონდა საუბარი. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მინიმუმი იმისთვის, რომ შეჯიბრებამ იარსებოს და ტარდებოდეს. მე ასე ვხედავ, რომ ეს კომერციული პროექტია, ასეა მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა კომპანიები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ჩემპიონატში ჩადონ ფული. დღეს საპრიზო ფონდი ხომ არის მილიონი ლარი? გააკეთონ სამი.

თუ ასე არ მოხდა და არ გაუმჯობესდა პირობები? ვთქვათ, არ გაუარესდა, მაგრამ იგივე დარჩა. მაშინ როგორ მოიქცევით ?

არ უნდა გაუარესდეს. ოდნავ უკეთესი მაინც უნდა იყოს. მაგრამ გეტყვით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია 12 კლუბის ხელმძღვანელთა აზრი. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობენ პირველ ლიგაშიც. მე თუ ეს ადამიანები მეტყვიან, რომ მათთვის ყველაფერი მისაღებია და ქართულ ფეხბურთს ეს მოუტანს კარგ შედეგს, დავეთანხმები. თუმცა, თუ ერთი კლუბი მაინც იქნება წინააღმდეგი, ჩემპიონატს ვერავინ წაიღებს.

ვთქვათ, 12 კლუბის ხელმძღვანელებმა გითხრეს, რომ ემხრობიან პრემიერლიგის დაფუძნების საკითხს. თუმცა, ფინანსურად იმაზე უკეთესი პირობები არ იყოს, ვიდრე თქვენ მოცემულ სიტუაციაში სთავაზობთ…

გეტყვით. მსაჯების ანაზღაურებამ არ უნდა დაიკლოს, უფრო მეტი უნდა იყოს. საპრიზო თანხა არ სურთ კლუბებს? არ აიღონ, თქვან, რომ მსაჯებს გადაუხდიან. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამას 12-ვე კლუბი იტყვის. აქ არ არის საუბარი უმრავლესობაზე, რადგან თითოეულის თვალსაზრისი გასათვალისწინებელია.

მოგეხსენებათ, საზოგადოებას ძალიან ანაღვლებს ეროვნული ნაკრების ბედი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი

ამ შემთხვევაში შედეგია და ის არ ჩანს, ფედერაცია მთავარ მწვრთნელს მაინც ნდობას უცხადებს. რას ეფუძნება ეს?

ნდობას ვუცხადებთ, რადგან ბევრი რამ გაკეთდა. 2010 წელს ჩვენ ერთი თამაშიც არ წაგვიგია, ასეთი შედეგით, ბევრი ევროპული ქვეყანაც კი ვერ დაიტრაბახებს. შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა აგვეღო გეზი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ასეც ხდება.

თამაშის ხარისხი უნდა შეაფასოს თემურ ქეცბაიამ. მე შემიძლია გითხრათ, აქვს თუ არა ნაკრებს პრობლემა სატრანსპორტო, მოსამზადებელი ან სხვა სახის. როგორც გულშემატკივარს, არც მე მეხატება გულზე ზოგიერთი შედეგი, თუნდაც ლატვიასთან შინ მარცხი.

ზოგადად, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მე პირადად ვერ მოვიპოვე მისი ვერცერთი განცხადება, სადაც კონკრეტულ ამოცანაზე საუბრობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციას ქეცბაიას მიმართ შედეგთან დაკავშირებით მოთხოვნები არ აქვს. არის თუ არა ასე?

შედეგი როგორ არ არის, არის. ჩვენ ხომ ვგეგმავთ რაღაც რაოდენობის ქულებს, რაც გვინდა, რომ ავიღოთ. სადაც საეჭვო გვქონდა სამი გულის აღება, ხორვატიასთან, ავიღეთ და შემდეგ ნახეთ, რომ ის სამი ქულა ლატვიასთან დავკარგეთ.

იცით, საქართველოში უკეთესზე უკეთესი მწვრთნელი არ გამოილევა. ქეცბაია რომ არ უყვართ გარკვეულ წრეებში, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გამოვიდნენ და თქვან, რა არ მოსწონთ. ფედერაციამ მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და ვთქვით, რომ საფრანგეთში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა მოხვდეს. ეს 100%-ით ასე უნდა იყოს, ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

გულშემატკივრებში და გარკვეულ წრეებში განხილვის თემაა თემურ ქეცბაიას ანაზღაურებაც. როგორც ვიცით, ნაკრების თავკაცი დაახლოებით მილიონ ლარს იღებს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურება მისი მუშაობის ხარისხის, ნაჩვენები შედეგების ადეკვატური?

დიახ, დაახლოებით ამდენს იღებს. გაიხსენეთ, 6 მილიონამდე იღებდა კუპერი, ქეცბაია კი ვალდებულია, რომ ყველა გადაფრენის, სასტუმროს თუ სხვა ხარჯები ხელფასიდან დაფაროს. მახსოვს, ნოდარ ახალკაცის დროს იყო მწვრთნელი, რომელიც ანაზღაურებად 5 000 ლარს იღებდა. ესეც არასწორად მიმაჩნია.

ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, წარმატებას აღწევენ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები. როგორ ფიქრობთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალგაზრდების წარმატება რამდენიმე წელიწადში ეროვნულ ნაკრებზეც აისახება? არსებობს თუ არა ასეთი გეგმა?

მთავარი სწორედ ეს არის. მე მახსოვს, 2010 წელს წავედით ლიტვაში, სადაც ჩვენი ბავშვები იტალიელებს, შვედებს შიშით უყურებდნენ, გამოცდილება არ ჰქონდათ. შემდგომში, როდესაც გამარჯვებები გახშირდა, ყველაფერი შეიცვალა. ახლახან გერმანელებმა შემოგვთავაზეს მათ ნაკრებთან თამაში, შვედებმა, პოლონელებმა, პორტუგალიელებმა. საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ მათ პირობები სჭირდებათ, კვება, ექიმის კვალიფიციური მომსახურება, ტრანსპორტირება...

ზოგადად პრობლემაა, რომ 17-21 წლის წარმატებული ფეხბურთელები შემდგომში „იკარგებიან”...

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ბავშვებს სურთ ეგრევე ბარსელონას და მანჩესტერის ფეხბურთელები გახდნენ. 2006 წელს საფეხბურთო სკოლა მქონდა. ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ პირველ რიგში ქართულ ფეხბურთში უნდა დაეტოვებინათ დიდი კვალი და მხოლოდ ამის შემდეგ წასულიყვნენ რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში თუ სხვაგან.

ძალიან კარგია, რომ ამდენი საფეხბურთო აკადემია არსებობს ქვეყანაში. შემიძლია 15-20 სკოლა ჩამოვთვალო, ეს ძალიან ბევრია. მე ვესწრებოდი თამაშებს, სადაც ჩამოსულები იყვნენ, თუნდაც ზენიტის მოხელეები. ისინი ძალიან ბევრი ფეხბურთელით დაინტერესდნენ. სად არის ახლა ეს ხალხი? ნუთუ ვერცერთმა ვერ მოაღწია კლუბამდე, რომ ამ ბავშვებისთვის კონტრაქტი გაეფორმებინათ? მე კი მიჩნდება ეჭვი – ხომ არ არის კლუბების მიერ ამ ბავშვების სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ზედმეტად დიდი? ამის გამო ბავშვები უნდა დაიკარგონ? მოდი, ჯერ საქმე დავალაგოთ და როდესაც მოვა მარადონების და პელეების დრო, შემდეგ ვიფიქროთ ფულის კეთებაზე.

შესანიშნავი ბიჭები გვყავს 19-წლამდელებში. მათ ქართულ ტალანტს ვაჟკაცობა დაუმატეს და შესანიშნავად იასპარეზეს. იცით, რა პრობლემას წავაწყდით ახლახან? ჰოლანდიელებთან 19-წლამდელთა შესარჩევის თარიღებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს მითხრეს, რომ მათ 19-წლამდელებს თავისუფლად არავინ გამოუშვებს ნაკრებში. ისინი კლუბებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ამ ასაკში ფეხბურთელებს უყურებენ როგორც ბრილიანტებს, ჩვენთან კი 19 წლის ბიჭები რეგიონულ ლიგაში დარბიან, რომ ფორმაში მაინც იყვნენ.

ეს არის კატასტროფა, თორემ ოპონენტები უნდა მყავდნენ, რა პრობლემაა.

 

 

კომენტარები