კინო

გორაკებს მიღმა

0 კომენტარი

თბილისის კინოფესტივალის წილი

კენ ლოუჩი, კრისტიან მუნჯიუ, მიხაელ ჰანეკე, ძმები ტავიანები, აკი კაურისმაკი და ათობით დამწყები თუ ცნობილი რეჟისორის ფილმი – ეს ყველაფერი წელს რიგით მეცამეტე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იყო წარმოდგენილი. შარშან ფესტივალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საკონკურსო პროგრამაზე უარის თქმა მოუწია, წელს კი ძველ კალაპოტში ჩადგა და 10 ფილმი ცდილობდა საუკეთესოს წოდების მოპოვებას.

„ესპანეთი” – ასე ჰქვია ანია სოლომონოვიჩის ნამუშევარს, რომელიც საკონკურსო პროგრამაში ყველაზე გამორჩეული ფილმი იყო. მოლდოველი ემიგრანტი, მხატვარი ქალი, მღვდელი, გემბლერი და ეჭვიანი მამაკაცი – ნამუშევარი ამ პერსონაჟების გარშემო ვითარდება და სხვადასხვა ეპიზოდში მათი გზები იკვეთება.

დამწყები რეჟისორი მარტოობაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე გესაუბრებათ, ეს იდეალურად არ გამოსდის, თუმცა სათქმელი გასაგებია, სიმბოლოები მრავლისმთქმელი. სოლომონოვიჩის ნამუშევარი ოდნავ პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლიას” წააგავს, თუმცა ანიას პოლამდე კიდევ ძალიან ბევრი უკლია.

ლევან აკინის „კატინკას წვეულება” კიდევ ერთი კარგი საფესტივალო ფილმი იყო. მინიმალისტური, ძალიან კარგი თემატიკითა და საინტერესო პერსონაჟებით. კატინკას დაბადების დღეზე მისი მეგობრები მოდიან, ყველაფერი კარგადაა, სანამ მთავარი პერსონაჟის ძმა არ მოვა ქალთან ერთად. ვულგარული, გამომწვევი, საეჭვო ცხოვრების სტილის მქონე მანდილოსანი, სნობებით დაკომპლექტებულ სამეგობროს, თავისდაუნებურად სარკეში ჩაახედებს. მეგობრების საუბარი აბსტრაქტულ ხელოვნებაზე და გლობალურ პრობლემებზე სულ უფრო სასაცილო ხდება, ნელ-ნელა ყველა თავისი უსუსურობის, სიყალბის წინაშე დგება და კატინკას წვეულება ნამდვილ სახეს აჩენს – ის ფარსად იქცევა.

ჩაიკა
ყალბი და ცარიელი იყო აიდა ბეგიცის „სარაევოს შვილები”. ნამუშევარი ომისშემდგომ სარაევოში, პატარა ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც და ცდილობს ძმის მეურვეობა შეინარჩუნოს და ამასთან, სწორ გზაზე დააყენოს. ერთი შეხედვით, ფილმი ძალიან ახლობელი უნდა ყოფილიყო ქართველი მაყურებლისთვის. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ბოსნიაში განვითარებული მოვლენები და საქართველო 90-იანი წლების დასაწყისში, ბევრ საერთო პრობლემას აერთიანებდნენ, თუმცა რეჟისორმა ვერ მოახერხა ფილმის შეკვრა, ნამუშევარი რიგ ეპიზოდებში საინტერესოა, ხანდახან კი ფსევდოინტელექტუალური გადახვევები და არტ-ჰაუს კინოსთვის დამახასიათებელი კლიშე ეპიზოდები ყველაფერს აფუჭებს. პრობლემის არსი მაყურებლისთვის გასაგებია, დრამატურგია – ზედმეტად ხელოვნური.

ყველაფერი ხელოვნურია ჯორჯო კუნიოს ფილმში „ვაკუუმი”. მთავარი პერსონაჟი არიანა, მეუღლესთან და ახალშობილ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მატერიალური პრობლემები მას ვაკუუმში აქცევს, საიდანაც გამოსავალი არაა. მისთვის უცხო და მიუღებელია ადამიანთა ურთიერთობები, მას მარტოობა ჭამს და ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს. ნამუშევარი ადამიანის ტრაგედიაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გაწელილი, დამღლელი, ერთფეროვანი ფილმი ჩვილი ბავშვივით უსუსურია.

სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ნამუშევარი „გაიღიმეთ”. ფილმი საქართველოში დედების კონკურსის გარშემო განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. 10 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი ყველაფრის ფასად ცდილობს გამარჯვებას. ზოგისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ზოგისთვის გართობაა, ნაწილისთვის კი კარიერული წინსვლის საშუალება.

ვაკუუმი
„გაიღიმეთ” იშვიათი ქართული ფილმია, რომელიც აწმყოს ეხმაურება და რეალურ პრობლემებზე გვიყვება. რუსუდან ჭყონიას ნამუშევარში ყველაფერი უბრალო და ნამდვილია. ეს ტრაგიკომედია ქართული სატელევიზიო შოუების ვულგარულ, სადისტურ, „ბნელ მხარეს” გვიჩვენებს. ფილმი ღიმილზეა, რომელსაც ვიღაც რეიტინგის მოსამატებლად იყენებს, ვიღაც კი თავისა და ოჯახის გადასარჩენად. ეს შოუა, რომელის სცენარიც უკვე დაწერილია და მხოლოდ მარიონეტებია საჭირო. 3-4 ძალიან კარგი პერსონაჟი და სცენარი, ფილმის უმთავრესი ღირსებაა.

ქართულ კინოცენტრს თბილისის კინოფესტივალზე წარმატებული წელი ჰქონდა. რუსუდან ჭყონიას ნამუშევრის გარდა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა თინათინ გურჩიანის დოკუმენტურმა ფილმმა „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს”. ასევე კინოცენტრის კოპროდუქციით გადაიღეს საკონკურსო მხატვრული ფილმი „ჩაიკა”.

ისევე, როგორც ორი წლის წინ, როდესაც ოქროს პრომეთე რუსუდან პირველის „სუსამ” მოიგო, ახლაც, ჟიურიმ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ორი მთავარი ჯილდო გიორგი ფარაჯანოვისა და სლავომირ ფაბიცკის ნამუშევრებს მისცეს. სერგეი ფარაჯანოვის ძმისშვილის წარმატება, ძნელია, დიდი წინაპრის გარდა სხვა რაიმეთი აიხსნას. „ყველა წავიდა” საოცრად დამღლელი, ნაკუწ-ნაკუწ დაშლილი ნამუშევარია, რომელიც გიორგი ფარაჯანოვის ბავშვობის მოგონებების ეკრანზე უხეიროდ გაცოცხლების მცდელობა იყო. სლავომირ ფაბიცკის „სიყვარული” კი არაფრით გამორჩეული ნამუშევარია, რომელზეც კარგის ან ცუდის თქმა ძალიან რთულია. ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ათობით ამაზე უკეთესი და უარესი ნამუშევარი გადაუღიათ, რომელთა ფონზე ფაბიცკის ფილმის ხსენებაც კი არ ღირს.

დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნიკა თავაძე ინგლისურად დაწერილ ტექსტს კითხულობდა, უცებ დაიბნა და „რაოო?” წამოიძახა. ამ ეპიზოდს დარბაზში სიცილი მოჰყვა, თუმცა ჟურნალისტებისთვის საქმე სასაცილოდ სულაც არ იყო. აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან „რაოოს” ხშირად გაიგონებდით, რადგან

კატინკას წვეულება
ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილების ბილეთები იყიდებოდა და ხშირად, მნიშვნელოვანი პროექტების ნახვა, ფეხზე დამდგარს, იატაკზე მოკალათებულს ან არმოსული მაყურებლის ადგილზე მჯდომს შეგეძლოთ.

მიხაელ ჰანეკეს კანის ტრიუმფატორ ფილმზე შესვლა ვერ შევძელი, „სიყვარულზე” დარბაზი გადატენილი იყო, ჟურნალისტების ადგილზე კი მოწვეული სტუმრები ისხდნენ. შედარებით ნაკლები ხალხი იყო კრისტიან მუნჯიუს ნამუშევარზე. „გორაკებს მიღმამ” კანის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც იყო. მუნჯიუმ არ უღალატა თავის სტილს და გრძელ, დაუსრულებელ კადრებს მიანიჭა უპირატესობა. ბევრისთვის ერთფეროვანი და მონოტონური ფილმი, ნამდვილი მასტერკლასი, ნელი მოქმედების ბომბია, რომლის აფეთქებასაც მაყურებელი პირველი წამიდან ელოდება, მაგრამ ფილმი ისე მთავრდება, რომ დიდი აფეთქება მხოლოდ თქვენს გონებაში ხდება.

მუნჯიუს ნამუშევარში მოქმედება უმეტესად მონასტერში ვითარდება, სადაც მონაზონ ვოიჩიტას ეწვევა მეგობარი ალინა, რომელიც ცდილობს მეგობარი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნოს და გერმანიაში წაიყვანოს. ალინა მონაზვნებისთვის და მამაოსთვის ეშმაკის განსხეულებად იქცევა, ის ბოროტებაა, რომელიც თავისი ცოდვებისთვის ისჯება.

ანგელოზების წილი
„4 თვე, 3 კვირა და 2 დღე” მუნჯიუს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო. „გორაკებს მიღმა” ძალიან ჰგავს სადებიუტო ფილმს იმით, რომ რეჟისორი დამნაშავეს ადამიანებში არ ეძებს, ის კეთილისა და ბოროტის ძიებით არაა გართული. არც ეკლესიის დაკნინებას ცდილობს და არც ალინას წარმოაჩენს წმინდანად ან ეშმაკად. ის თავის სათქმელს კადრებით ამბობს, ეკლესიაში არც დენი აქვთ, არც ტელეფონს იყენებენ ხშირად, აქ ხალხი ღმერთს ემსახურება და რეალურ სამყაროს მოწყვეტილია. ისინი სიბნელეში ცხოვრობენ და ეს სიბნელე ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. უკუნეთი კი სისხლიან მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ბრძოლა 464 ცოდვის წინააღმდეგ (აღსარების დროს სწორედ ამდენ ცოდვაზე უწევს დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა ალინას), ტრაგედიით სრულდება. ფინალური სცენა გენიალურია – ტალახში ამოსვრილი მანქანა ზუსტად ასახავს პერსონაჟების მდგომარეობას.

მუნჯიუს ფილმისგან განსხვავებით, დადებითი ემოციებით სავსე იყო კენ ლოუჩის ნამუშევარი „ანგელოზების წილი”. ლოუჩი ის იშვიათი რეჟისორია, რომელიც, როგორც ხელოვანი, არ ბერდება, ძველებურად უყვარს კინო, ისევ სოციალურ

გორაკებს მიღმა
პრობლემებზე იღებს ფილმებს (რადიკალი მემარცხენისგან ძნელია სხვა რამეს ველოდოთ) და კვლავაც სრულიად უცნობ, არაპროფესიონალ მსახიობებს ენდობა. მის ნდობას კი, როგორც წესი, ამართლებენ.

რობის, რინოს, მოსსა და ალბერტს სასამართლო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებას დაავალებს. ისინი კი, ერთად, ძვირფასი ვისკის მოპარვას გადაწყვეტენ, რომლის გაყიდვითაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლიათ. რობის ფული ძალიან სჭირდება, რადგან ქალაქში ყველასთან და ყველაფერთან პრობლემები აქვს და თან ახლახან შეეძინა ვაჟი, რომლისთვისაც კარგი მამა უნდა იყოს. ლოუჩი საოცარი სიმსუბუქით, იუმორითა და სითბოთი ჰყვება ისტორიას, რომელიც ყოველ წამს შეიძლება ტრაგედიად იქცეს. ეს ის რეჟისორია, რომლისგანაც ყველაფერს უნდა ელოდო და შეიძლება ჰეფი ენდი კოშმარად აქციოს.

„ანგელოზების წილი” არის შოტლანდიური Sideways (ალექსანდრ პეინის ფილმი). აქ ვისკი სიყვარული, სიამაყე, უდიდესი

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს
სიმდიდრე და ყველაზე მნიშვნელოვანი განძია. ლოუჩი ვისკიზე ისე საუბრობს, როგორც იასუნარი კავაბატა „ათასფრთიან წეროში” ჩაის დალევის ცერემონიალზე. ლოუჩი თავის წილ იმედსა და პოზიტივს უანგაროდ ასხივებს.

თბილისის მეცამეტე კინოფესტივალი წარმატებული გამოდგა. სასურველი იქნება, მომავალში ჟურნალისტებს გარანტირებული ერთი რიგი დაეთმოთ, რათა ფესტივალის გაშუქება უფრო კომფორტული გახდეს. სასურველია, მომავალშიც ასეთი საინტერესო პროგრამა ჩამოიტანონ. ნაკლებად იყოს „ჰანეკეს ინციდენტის” ანალოგი, როცა ფილმზე შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დანარჩენს კი თავად მოევლება, ვიღაც მუნჯიუს დარად ზიზღსა და სიბნელეში გვაპოვნინებს სიმართლეს, კენ ლოუჩის მსგავსად, ანგელოზად მოგვევლინება ან კაურისმაკს „მიბაძავს” და მაყურებელს სიხარულის ცრემლებით აავსებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები