შეხვედრა

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქი და ილია მეორე პრეზიდენტის სასახლეში მიიღო

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. 

მიხეილ სააკაშვილმა ბართლომეოს პირველს, პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"თქვენო უწმინდესობავ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში ყოფნა, თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემენ, არა მხოლოდ, როგორც სულიერ მამას, არამედ, როგორც გამორჩეულ პიროვნებას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით თქვენს ჩამობრძანებას, თქვენ საქართველოს ნამდვილად დიდი მეგობარი ბრძანდებით, ძალიან მადლობლები ვართ იმ ღვაწლის გამო, რომელიც თქვენ ერთიანი მართლმადიდებული ეკლესიის გაძლიერებაში მიგიძღვით, ასევე იმ წვლილისთვის, რაც რეგიონებს შორის მოლაპარაკებებში შეგაქვთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი ვიზიტი დაემთხვა ჩვენი პატრიარქის 35-ე აღსაყდრების წლისთავსა და 80 წლის იუბილეს და ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა თქვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიყვარს პატრიარქი და ამიტომაცაა, რომ საქართველო ასეთი მადლიერია თქვენი. ეს თარიღი არა მხოლოდ პატრიარქის იუბილე, არამედ საერთო ქართული დღესასწაულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ბართლომეოს პირველმა მიხეილ სააკააშვილს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა მოახსენა. 

"ძალიან სასიამოვნო ფაქტია ყველა ჩვენგანისათვის, რომ პატრიარქის იუბილეზე ვიმყოფებით საქართველოში. ვუსურვებ უწმინდესსა და უნეტარესს დღეგრძელობას, რათა დიდხანს ემსახუროს ეკლესიასა და ქართველ ერს და ვლოცავ სრულიად საქართველოს და თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ღვთისნიერ კურთხევასა და მხნეობას, რათა ნაყოფიერად ემსახუროთ საქართველოს", - განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

კომენტარები