ტარიფები

ენერგეტიკის სამინისტრო Коммерсант-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

გუშინ, 11 იანვარს, გამოცემა Коммерсант-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ რუსული ენერგოკომპანია ინტერ რაო საქართველოს ხელისუფლებას ახალი ხელშეკრულების დადებას სთავაზობს, რომლის თანახმად, ახლახან დროებით შემცირებული ტარიფი 2025 წლამდე დარჩება ძალაში. 
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნულ სტატიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ინტერ რაოსგან შმოთავაზება კი არ მიუღია საქართველოს მთავრობას, არამედ ეს არის თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი.
"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს სამთვიანი ვადა არის გარდამავალი მემორანდუმები, ყოველგვარი პირობების გარეშე, რომელსაც მოჰყვება უკვე გრძელვადიანი მემორანდუმები 25 წლამდე, სადაც დაფიქსირებული იქნება ტარიფების დაწევა. ასე რომ, სტატიაში შემოთავაზებაა ნახსენები, თუმცა, რეალურად ეს არის ჩვენი მიღწეული შეთანხმების გაგრძელება ინტერ რაოს მხრიდან", - განაცხადა ელშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ ტარიფის შემცირება არ გამოწვევს კომპანიის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების კლებას. მისი განმარტებით კომპანიას შეუმცირდება მოგება, თუმცა ეს მათ მიერ განსახორციელებლ ინვესტიციებზე არ აისახება.  
"ჩვენი ძირითადი მოლაპარაკებები და სავაჭრო თემა იყო ის რეინვესტიციები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გათვალისწინებული ამ დიდი ტარიფის და დიდი მოგების შემთხვევაში რომ უნდა ჩაებრუნებინა ქსელში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ რეინვესტიციებს. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ეს რეინვესტიციები არ არის დასაბუთებული, არის ძალიან ბევრი, არ სჭირდება ქსელს ამდენი რეინვესტიცია და, შესაბამისად, მას სავარაუდოდ შევამცირებთ", -განაცხადა ელოშვილმა. 

კომენტარები