ამნისტია

პრეზიდენტი: დღეს ახალმა მთავრობამ გაუშვა რუსეთის ჯაშუშები

საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის ფარგლებში რუსი ჯაშუშების გამოშვების ფაქტს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიჩნევს. მიხეილ სააკაშვილმა ეს კომენტარი შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის ანდრო ბარნოვის მშობლების სახლში, კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში სტუმრობისას გააკეთა.
 
"დღეს ახალმა მთავრობამ გაუშვა რუსეთის ჯაშუშები, დიდი რაოდენობით. სკრილნიკოვი, გევორქიანი და რა ვიფიქრე, რომ კარგი, გაუშვი, გაუშვი, პრინციპში, თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს. მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც როგორც საქართველოს მზვერავი ასე გაასამართლეს რუსებმა. თუ მაინცდამაინც რაღაცის გაკეთება გინდა, დაელაპარაკე და გაგვეცვალა. იქ მათ შორის ქართველები არიან, მათ შორის, იმავე მუხლებით არიან რუსეთში გასამართლებულები, რითაც ესენი იყვნენ გასამართლებულები საქართველოში. ამათზე საერთოდ უტყუარი მტკიცებულებები იყო და საერთოდ ეჭვს არ იწვევს ეს ამბები. ესენი აძლევდნენ კოორდინატებს, ესენი აჩვენებდნენ გზებს, თევდორე მღვდლისგან განსხვავებით ზუსტად აჩვენებდნენ. იმათში მაინც გაგვეცვალა, მე ამაზე ბევრს ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ახლა ისეთი ის არის, რომ რა კარგია, ხალხი გავიდა გარეთ, მეც გამიხარდებოდა, მაგრამ ამის მერე ზუსტად ვიცი რა შეიძლება მოხდეს. საქმე იმაშია, რომ ეს პრობლემაა სახელმწიფოსთვის, პრობლემაა უსაფრთხოებისთვის. მე კარგად მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, ყველას კარგად გვახსოვს, მათ შორის აქაც კარგად ახსოვთ, ამ ხეობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავტოვეთ ისეთი პოლიცია და ისეთი აპარატურა, ბოლოსდაბოლოს იმ დროისგან განსხვავებით ყველა ადგილზე კამერები დავამონტაჟეთ, ტექნიკა აქვს პოლიციას, აღჭურვილია, არ ჰქონდა აქამდე ყოველ შემთხვევაში, წესით, იმედია, ისეთ შედეგს არ მივიღებთ, რაც 90-იან წლებში, მაგრამ მე მაინც ძალიან მეშინია და არ მინდა, რომ ამდენი წელი რაც რუდუნებით უსაფრთხო გარემოს ვქმნიდით, კაცმა არ იცის რის გამო, ასე გადავაყოლოთ ნაბან წყალს ბავშვიც", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები